Facebook Twitter

№ბს-1078(კ-18) 17 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 15 თებერვალს ო. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აჭარის რეგიონული ოფისისა და მესამე პირების - ვ., ნ. და თ. დ-ეების მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქ.ბათუმში, ...ის ქუჩის №12-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის რეალური ფართი აღემატება რეგისტრირებულ ფართს, მთლიანი ფართი (როგორც რეგისტრირებული ასევე დაურეგისტრირებელი) შეადგენს 264.66 კვ.მ-ს, ხოლო საჯარო რეესტრში მხოლოდ 87.4 კვ.მ შენობა-ნაგებობაა რეგისტრირებული. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე №2/2530-14), ნ. დ-ისა და ვ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ო. დ-ეს თ. და ო. დ-ეებს შორის 2006 წლის 11 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქ.ბათუმში, ...ის ქუჩის №12-ში მდებარე უძრავ ქონებაზე 1/8 ნაწილში. ამავე გადაწყვეტილებით ნ. დ-ე და ვ. დ-ე ცნობილ იქნენ ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №12-ში მდებარე უძრავი ქონების 1/8 ნაწილის თანამესაკუთრეებად. ნ. და ვ. დ-ეები თანახმანი იყვნენ მათი წილი განსაზღვრულიყო არა მხოლოდ რეგისტრირებული ფართიდან, არამედ დაურეგისტრირებელი ფართიდანაც.

სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სარეგისტრაციოდ წარადგინეს საჯარო რეესტრში, რის შემდეგაც ქ.ბათუმში, ...ის ქუჩის №12-ში მდებარე უძრავი ნივთის (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი №...) 7/8 ნაწილზე თანამესაკუთრეებად დარჩნენ თ. დ-ე და ო. დ-ე, ხოლო 1/8 ნაწილის მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ ვ. დ-ე და ნ. დ-ე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 87.4 კვ.მ შენობა-ნაგებობა, თუმცა სახლის ფართი რეალურად გაზრდილია. კერძოდ, გადაწყვეტილების თანახმად, ო. დ-ემ მის მიერ შეძენილი სახლი გადააკეთა ორსართულიან, 87.4 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელ სახლად, რომელზეც 1962 წელს ტექაღირცხვის ბიუროს მიერ გაცემულ იქნა შესაბამისი გეგმა. დღემდე საჯარო რეესტრში 1962 წლისათვის აშენებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლია რეგისტრირებული, მიუხედავად იმისა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის ფართი რეალურად გაზრდილია. სახლზე მიშენების სამუშაოები განხორციელდა 1978-1979 წლებში და სამშენებლო სამუშაოების შედეგად სახლს მოემატა ფართები და ოთახები, ასევე გაიზარდა არსებული ოთახების ფართებიც.

მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 1 ივლისს მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, წარადგინა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №12-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...) საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების აზომვითი ნახაზი და მოითხოვა ცვლილებების რეგისტრაცია მოცემული უძრავი ქონების რეგისტრირებულ უფლებაში, კერძოდ, საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად და ასევე საერთო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ფართად, ნაცვლად რეგისტრირებული 82.45 კვ.მ ფართისა, 264.56 კვ.მ ფართის მითითება. მისი ეს მოთხოვნა წინააღმდეგობაში არ მოდიოდა სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესებთან, რადგანაც მას არ მოუთხოვია თანამესაკუთრეთა წილებში ცვლილებების განხორციელება. შესაბამისად, შენობა-ნაგებობების რეალურად არსებული სახით (გაზრდილი ფართით) რეგისტრაციის შემთხვევაში წილების შესაბამისად იზრდებოდა ყველა თანამესაკუთრის საკუთრებაში არსებული ფართის ოდენობაც.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 7 ივლისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერდა, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურმა მოითხოვა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. მოსარჩელის მითითებით, მის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის მიზნით დამატებით წარდგენილ იქნა კორექტირებული აზომვით ნახაზი. სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება კვლავ შეჩერდა, ზედდების გამო. მან ისევ წარადგინა მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 15 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა, თუმცა 2015 წლის 20 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება კვლავ შეჩერდა. ამჯერად, შეჩერების საფუძვლად მიეთითა, რომ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტი არ იყო წარდგენილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით, კერძოდ, წარსადგენი იყო მიწის ნაკვეთის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული საინვენტარიზაციო გეგმის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (კერძოდ ქუჩის გასწვრივ ზომა 20.50 მ). მან წარუდგინა რეესტრს მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული საინვენტარიზაციო გეგმის შესაბამისად შედგენილი, მაგრამ სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 21 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება კვლავ შეჩერდა. ამჯერად შეჩერების საფუძვლად მითითებული იქნა ის გარემოება, რომ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტი არ იყო წარდგენილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით, ვინაიდან ... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული იყო შენობა-ნაგებობა 82.45 კვ.მ ფართით, ხოლო სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მასალებით შენობა-ნაგებობების ფართი შეადგენდა 264.56 კვ.მ-ს, რის გამოც საჭირო იყო თანამესაკუთრეების: ვ. დ-ის, თ. დ-ისა და ნ. დ-ის თანხმობა მოთხოვნილი რეგისტრაციის თაობაზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ თანამესაკუთრეთა ინტერესები შეესაბამებოდა ო. დ-ის მიერ მოთხოვნილ რეგისტრაციას და შესაბამისად, საჯარო რეესტრისათვის მათი თანხმობების წარდგენა ო. დ-ემ არ ჩათვალა საჭიროდ. საჯარო რეესტრს წარედგინა მხოლოდ ერთ-ერთი თანამესაკუთრის, თ. დ-ის თანხმობა მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელებასთან დაკავშირებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობის გამო. მოსარჩელის მტკიცებით, სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო განეხორცილებინა მოთხოვნილი რეგისტრაცია და გაუგებარია, რატომ თქვა უარი წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის აზომვითი ნახაზის მიხედვით რეგისტრაციაზე, როდესაც მოცემული ნახაზებით დგინდებოდა მიწის ნაკვეთზე 264.56 კვ.მ შენობანა-გებობების არსებობა. ამასთანავე, საყურადღებო იყო ის გარემოებაც, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები ვ. და ნ. დ-ეები, რომელთა თანხმობების წარდგენის გარეშეც საჯარო რეესტრმა არ განახორციელა მოთხოვნილი რეგისტრაცია, თავად ითხოვდნენ სასამართლოში მათთვის წილის მიკუთვნებას არა რეგისტრირებული 82.45 კვ.მ შენობა-ნაგებობებებიდან, არამედ რეალურად არსებული 264.56კვ.მ შენობა-ნაგებობებიდან. მოსარჩელის მითითებით, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება ო. დ-ემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2016 წლის 20 იანვარს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელის განმარტებით, გასაჩირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან, რომლითაც რეგულირდება საერთო საკუთრების თანამესაკუთრეთა უფლებები, რომლის შესაბამისად, მესამე პირებს უფლება არ აქვთ უარი თქვან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ რეგისტრაციაზე, ანუ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალურად არსებული მდგომარეობით რეგისტრაციაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი მოცემული უძრავი ნივთის თანამესაკუთრეები არიან. მათ უნდა დაასაბუთონ, რომ მოთხოვნილი რეგისტრაცია არღვევს მათ კანონიერ უფლებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ვერ ექნება, რადგან მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი შედგენილია საჯარო რეესტრში არსებული საინვენტარიზაციო გეგმისა და ფაქტიურად არსებული მდგომარეობის შესაბამისად. შენობა-ნაგებობის არსებული სახით რეგისტრაციის განხორციელების შემთხვევაში იზრდებოდა თანასაკუთრებაში არსებული ქონების ოდენობა, შესაბამისად, იზრდებოდა მესამე პირების: ნ. და ვ. დ-ეების საკუთრებაში არსებული ფართის ოდენობაც. ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14, 25-ე და 30-ე მუხლებით დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაერეგისტრირებინა ო. დ-ის მიერ მოთხოვნილი ცვლილება უძრავ ნივთზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისათვის ქ. ბათუმში, ...ის ქ. №12-ში მდებარე უძრავ ნივთთან დაკავშირებით (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი №...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, ო. დ-ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და შენობა-ნაგებობის აზომვითი ნახაზის შესაბამისად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული სახით რეგისტრაციისა და მასზე განთავსებული 264.56 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე თანასაკუთრეთა უფლების აღრიცხვაზე, იდეალური წილების შეუცვლელად, გადაწყვეტილების მიღების დავალება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ო. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინებით ო. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების დაყოფასა და სანივთო უფლებებით დატვირთვაზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მოცემული ნორმის ნორმატიული შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ უძრავი ქონების საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავი ნივთის ,,სხვაგვარი განკარგვა“ დაურეგისტრირებელი ნაწილის რეგისტრაციასაც გულისხმობს, რამდენადაც ასეთი ცვლილების რეგისტრაციის შემთხვევაში, თანამესაკუთრეების საკუთრების უფლება დადგინდება და დარეგისტრირდება შენობა-ნაგებობის ფართებზე კონკრეტული ოდენობის წილების გამოსახულებით. ნორმის ამგვარი განმარტების მართებულობას ადასტურებს ისიც, რომ საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად უფლების დამდგენ დოკუმენტთან ერთად სავალდებულოა წარდგენილ იქნეს საკადასტრო აზომვითი ნახაზიც, რომელიც მართალია არ წარმოადგენს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, თუმცა იგი წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ერთ-ერთ აუცილებელ ინფორმაციას. საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესადგენად კი, აუცილებელია უძრავი ქონების ყველა მესაკუთრის თანხმობა მისი სიზუსტის დასადასტურებლად. კერძოდ, სააპელაციო პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს და უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე ამ კანონის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. მე-3 პუნქტის შესაბამისად, კი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით საკადასტრო აზომვითი ნახაზისათვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს. საკადასტრო აზომვით ნახაზისათვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს ითვალისწინებს ინსტრუქციის 26-ე მუხლი, რომლის თანახმად: 1. საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადსტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. 2. საკადასტრო აღწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ობიექტების აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე 0.15მ-ისა. 3. აზომვის ზედდება დასაშვებია რეგისტრირებულ მონაცემებთან 0.3მ-ით. 4. საკადასტრო აზომვით ნახაზზე, ამ ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით, წამოდგენილ უნდა იქნეს ობიექტთა შემდეგი ტიპები: ა) მიწის ნაკვეთი; ბ) შენობა-ნაგებობა; გ) ცალკე უფლების ობიექტი; დ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის საზღვრები;ე) წერტილოვანი ობიექტი; ვ) სხვა ტოპოგრაფიული ელემენტები. 5. საკადასტრო აზომვთი ნახაზს თან უნდა ერთვოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის უფლებამოსილი პირის, უძრავი ნივთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების აღწერილობის დადაინტერესებული პირის შესახებ. დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ. 6. საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა იყოს საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ინსტრუქციის 30-ე მუხლის დანაწესზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მიხედვით, საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ნათელია, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზის კვალიფიციურად შედგენის მიუხედავად, კანონმდებელმა მის სისწორეზე პასუხისმგებლობა დააკისრა უძრავი ნივთის მესაკუთრეს. სწორედ ამიტომაც მესაკუთრეს გააჩნია უფლებამოსილება მიიღოს საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენაში მონაწილეობა, მისცეს მის შემდგენს შესაბამისი მითითებები უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის შესახებ, მიაწოდოს სხვა აუცილებელი ინფორმაცია და ა.შ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის დაკვეთით საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენა და უძრავი ნივთის ფართის და ადგილმდებარეობის დასაზუსტებლად მისი საჯარო რეესრტში წარდგენა სხვა თანამესაკუთრეთა მხრიდან მის სუზუსტეზე თანხმობის გამოხატვის გარეშე გაუმართლებელია, ვინაიდან, კანონმდებელი სადავო პერიოდში იმპერატიულად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობას მხოლოდ უძრავი ნივთის მესაკუთრეს (თანამესაკუთრეს) აკისრებდა.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი განსაზღვრავს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების წინაპირობებს; კერძოდ, ამ ნორმის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური (,,ა“ ქვეპუნქტი) ან განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითადაწესით(,,ბ“ ქვეპუნქტი). კონკრეტულ შემთხვევაში, რადგანაც აპელანტის მიერ საჯარო რეესტრსში წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით არ არსებობდა უძრავი ნივთის სხვა მესაკუთრის თანხმობა, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარდა სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. დ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 29 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისათვის ქ. ბათუმში, ...ის ქ. №12-ში მდებარე უძრავ ნივთთან დაკავშირებით (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი №...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, ო. დ-ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და შენობა-ნაგებობის აზომვითი ნახაზის შესაბამისად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული სახით რეგისტრაციისა და მასზე განთავსებული 264.56 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე თანასაკუთრეთა უფლების აღრიცხვაზე, იდეალური წილების შეუცვლელად, გადაწყვეტილების მიღების დავალება.

მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფიების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ მოთხოვნილი რეგისტრაციის განსახორციელებლად არ იყო საჭირო ქ. ბათუმში, ...ის ქ. №12-ში მდებარე უძრავი ნივთის ყველა თანამესაკუთრის თანხმობა.

საქმის მასალების შესაბამისად, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №12-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია თანასაკუთრების უფლებით იდეალური წილის სახით; კერძოდ, ნ. დ-ე და ვ. დ-ე წარმოადგენენ 1/8 ნაწილის, ხოლო ო. დ-ე და თ. დ-ე 7/8-ის ნაწილის მესაკუთრეებს. ისიც არაა სადავო, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მითითებულ მისამართზე მიწის ნაკვეთისა და 87.4 კვ.მ შენობა-ნაგებობის გარდა არსებობს დაურეგისტრირებელი შენობა-ნაგებობის ფართი, რომლის თანასაკუთრების უფლებით რეგისტრაციის მიზნით ნ. და ვ. დ-ეების თანხმობის გარეშე შესაბამისი დოკუმენტები საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად ო. დ-ემ სარეგისტრაციოდ წარადგინა საჯარო რეესტრში. სწორედ თანამესაკუთრეთა თანხმობის არარსებობა გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ო. დ-ის მოთხოვნის უარყოფის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების დაყოფასა და სანივთო უფლებებით დატვირთვაზე. უძრავი ქონების საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავი ნივთის ,,სხვაგვარი განკარგვა“ დაურეგისტრირებელი ნაწილის რეგისტრაციასაც გულისხმობს, რამდენადაც ასეთი ცვლილების რეგისტრაციის შემთხვევაში, თანამესაკუთრეების საკუთრების უფლება დადგინდება და დარეგისტრირდება შენობა-ნაგებობის ფართებზე კონკრეტული ოდენობის წილების გამოსახულებით. ნორმის ამგვარი განმარტების მართებულობას ადასტურებს ისიც, რომ საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად უფლების დამდგენ დოკუმენტთან ერთად სავალდებულოა წარდგენილი იქნეს საკადასტრო აზომვითი ნახაზიც, რომელიც მართალია არ წარმოადგენს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, თუმცა იგი წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ერთ-ერთ აუცილებელ ინფორმაციას. საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესადგენად კი, აუცილებელია უძრავი ქონების ყველა მესაკუთრის თანხმობა მისი სიზუსტის დასადასტურებლად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ო. დ-ეს საკასაციო საჩივარზე 15.11.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ო. დ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება;

3. ო. დ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.11.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი