Facebook Twitter

№ბს-1348(კ-18) 31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 1 ოქტომბერს ვ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 3 დეკემბერს დ. ს-ესთან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, დ. ს-ისგან ისესხა 9000 აშშ დოლარი სამი თვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დიტვირთა მისი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ. 42-ში. ვინაიდან მან ვერ შეძლო თანხის დროულად დაბრუნება, ამიტომ იპოთეკართან აწარმოებდა მოლაპარაკებებს თანხის დაფარვის ვადის გადაწევისა და პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, იპოთეკარმა დ. ს-ემ, ნოტარიუს ს. მ-ისგან აიღო სააღსრულებო ფურცელი, რომელიც შემდგომ წარადგინა კერძო აღმასრულებელ და. ზ-ესთან, ამ უკანასკნელმა კი ისე, რომ არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ შეადგინა დაყადაღების აქტი და მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის აღსრულების ბიუროს, რომელმაც იმის მიუხედავად, რომ კერძო აღმასრულების მიერ გაგზავნილ დოკუმენტაციაში არ იყო კანონით გათვალისწინებული დასტური მის მიერ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების მიღების თაობაზე, მაინც ჩაატარა აუქციონი და შედეგად მისი ქონების მეპატრონე გახდა გ. გ-ე, რითაც დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები. მოსარჩელის განმარტებით, მან ზემოაღნიშნულის თაობაზე არაფერი იცოდა, სააღსრულებო მასალებში არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩაიბარა რაიმე საბუთი სააღსრულებო საქმიდან.

მოსარჩელის მითითებით, უძრავი ქონება 2000 წელს დაზიანდა მიწისძვრის შედეგად და არის ავარიული და საცხოვრებლად უვარგისი, რაც ვიზუალურადაც ეტყობა. აღნიშნულის გამო ხელისუფლებისგან გამოეყო სხვა ფართი, რაც იცოდა იპოთეკარმაც და უნდა სცოდნოდა კერძო აღმასრულებელსაც, თუ ის მართლა იყო ნამყოფი მისამართზე და შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროსაც. მას გაფრთხილებული ჰყავდა მეზობლები, რომ თუ ვინმე იკითხავდა მიეცათ მისი ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი. თუმცა მეზობლების განმარტებით, იგი არავის უკითხავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 3 თებერვლის №A14082991-012/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გ. გ-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ.42, ს/კ ..., ყადაღის დადების თაობაზე და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის ბიუროს 03.02.2015 წ. A14082991-012/001 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ვ. ჯ-ის წარმომადგენლის გი. გ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. გ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება დ. ს-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით ვ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ჯ-ესა და დ. ს-ეს შორის 2013 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული, სანოტარო წესით დამოწმებული, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, დ. ს-ის 2014 წლის 11 ნოემბრის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტის სახით გაიცა სააღსრულებო ფურცელი, მოსარჩელე ვ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე (მისამართი: ქ. თბილისი, ქუჩა ...ი №42, 137 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...).

2014 წლის 11 ნოემბერს დ. ს-ემ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ და. ზ-ეს, წარუდგინა 2014 წლის 11 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა მისი აღსრულება.

პალატის მითითებით, დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელმა, კანონით დადგენილ ვადაში, ორჯერ გაუგზავნა ფოსტის საშუალებით წინადადება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე ვ. ჯ-ეს იმ მისამართზე, რომელიც მითითებული იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და სხვა დოკუმენტებში. ადრესატს ვერ ჩაბარდა გზავნილი იმ მიზეზით, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე მას არ ჩაბარებია კანონის სრული დაცვით, ვინაიდან წინადადების ჩაბარება არ დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს და მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-12 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

პალატის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ ვ. ჯ-ეს ვერ ჩაბარდა წინადადება იმ მისამართზე, რომელიც ცნობილი იყო აღმასრულებლისთვის, მისი ინფორმირება განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე. პალატამ ასევე მიუთითა, რომ მოვალეს სხვა მისამართის თაობაზე არ უცნობებია არც კრედიტორისთვის და არც აღმასრულებლისთვის, რისი ვალდებულებაც მას ჰქონდა.

რაც შეეხება მოვალისთვის წინადადების შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურის მეშვეობით ჩაბარებას, პალატამ განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობა აღმასრულებელს აძლევს იმის საშუალებას, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება წინადადების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. კერძო აღმასრულებლის მიერ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ფოსტის საშუალებით ჩაბარების ფორმა, შემდგომ საჯარო გამოქვეყნება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უბნის ინსპექტორის მეშვეობით პირის გაფრთხილება არის ერთ-ერთი საშუალება პირის ინფორმირებისთვის და არა სავალდებულო, იმ შემთხვევაში თუ ადრესატს ვერ ბარდება შეტყობინება. ამდენად, აღმასრულებელი არ იყო ვალდებული საჯარო შეტყობინებასთან ერთად გამოეყენებინა უბნის ინსპექტორის დახმარება. პალატის მითითებით, საყურადღებოა ისიც, რომ ვ. ჯ-ეს სადავოდ არ გაუხდია აღმასრულებლის მოქმედება, რისი უფლებამოსილება მას ჰქონდა სააღსრულებო წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 183 თანახმად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-4 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების მიხედვით, მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს. ინტერნეტაუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას“. ინტერნეტაუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით. ამდენად, შესაძლებელია აუქციონის ვადის გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ ფასის დადება აუქციონის დასრულებამდე ორი წუთის განმავლობაში განხორციელდა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მომხმარებლის მიერ ფასის ბოლო დადება ელექტრონულ სისტემაში რამდენიმე წამის გადაცილებით აისახა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის დასაბუთება ზოგადად აუქციონების გაუქმების სავარაუდო სტატისტიკასთან დაკავშირებით აგებულია ვარაუდზე, რაც არ შეიძლება დაედოს საფუძვლად სადავო განკარგულების ბათილობას. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ იძულებით აუქციონზე ფასის ბოლო დადების გაუქმების შემთხვევაშიც კი, სამართლებრივი შედეგი - ქონების განკარგვა თავიდან ვერ იქნებოდა აცილებული, რადგან ზემოთ აღნიშნული წესის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ქონება განიკარგებოდა იმ ფასით და იმ მომხმარებელზე, რომელმაც მის წინ მიუთითა უკანასკნელად ფასი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობას, რომ ფასის ბოლო დადება ელექტრონულ სისტემაში რამდენიმე წამის გადაცილებით აისახა და სამართლებრივი შედეგი - ქონების განკარგვა თავიდან მაინც ვერ იქნებოდა აცილებული, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გამარჯვებულად გამოცხადდებოდა სხვა მონაწილე, რადგანაც ქონება აუქციონის სხვა მონაწილეზე საკუთრების უფლებით გადავიდოდა მხოლოდ იმის მერე, თუ ის 10 დღეში გადაიხდიდა მითითებულ ფასს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა საგარანტიო თანხის ოდენობას. გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საქმეში არ არსებობს, ხოლო აუქციონის ჩატარებისას საკმაოდ არის მისი გაუქმების შემთხვევები სწორედ თანხის კანონით გათვალისწინებულ დროში გადაუხდელობის გამო. ამასთანავე, კასატორისთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ დადგენილად ის, რომ დაგვიანებით მოხდა ბოლო ფასის დადების „ასახვა“ და არა თვითონ ფასის „დადება“. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ცალსახად არის მითითებული დაბიდვის დრო. კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზემოთ აღნიშნულს სასამართლო დადგენილად აცხადებს სამოტივაციო ნაწილში, მაგრამ არ მიუთითებს დავის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში.

კასატორის განმარტებით, სასამართლო არათუ არ ასაბუთებს, ის საერთოდ არ მსჯელობს სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილზე. კერძოდ, არ ასაბუთებს, თუ რატომ არ უნდა დავალებოდა წინადადების ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა ვ. ჯ-ის უძრავი ქონება წარმოადგენს ნანგრევებს. ის, რომ იქ ადამიანის ცხოვრება არის შეუძლებელი არ იწვევს ეჭვს. აღნიშნული დაფიქსირებული აქვს კერძო აღმასრულებელსაც თავის მიერ შედგენილ დოკუმენტაციაში და, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იყო წინადადების ჩაბარება დავალებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს. მას აღნიშნულ მისამართზე არ უცხოვრია 2000 წლის შემდეგ. ამ მისამართზე ის არის მხოლოდ რეგისტრირებული, რაც ცნობილი იყო გამსესხებლისათვის. პოლიციისათვის არ იქნებოდა რთული ვ. ჯ-ისათვის გზავნილის ჩაბარება, რადგანაც ვ. ჯ-ე იმყოფება აღრიცხვაზე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იქ მითითებულია მისამართი: ...ის მე-2 შესახვევი, №9.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 3 თებერვლის №A14082991-012/001 განკარგულება. სადავო აქტის ბათილად ცნობას მოსარჩელე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ აუქციონი ჩატარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევით, კერძოდ, მას არ ეცნობა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ კანონით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, აღსრულების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება (მე-6 პუნქტი), აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება თავისი უფლებების, სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგების, იძულებითი აღსრულებისათვის შესაძლო გასატარებელი ღონისძიებების, აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესისა და საშუალებების შესახებ ხორციელდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, როდესაც მოვალეს ეგზავნება 7 დღის ვადაში ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება (მე-7 პუნქტი). მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება (მე-8 პუნქტი). მითითებული ნორმატიული აქტის 25-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელმა კანონით დადგენილ ვადაში ორჯერ გაუგზავნა ფოსტის საშუალებით წინადადება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე ვ. ჯ-ეს იმ მისამართზე, რომელიც მითითებული იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და სხვა დოკუმენტებში. ადრესატს ვერ ჩაბარდა გზავნილი იმ მიზეზით, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში - მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ვ. ჯ-ეს ვერ ჩაბარდა წინადადება იმ მისამართზე, რომელიც ცნობილი იყო აღმასრულებლისთვის, სააღსრულებო ბიურომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიიღო გადაწყვეტილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. ამდენად, მოვალე ვ. ჯ-ისათვის აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

რაც შეეხება მოვალისთვის წინადადების შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურის მეშვეობით ჩაბარებას, აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა აღმასრულებელს აძლევს იმის საშუალებას, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება წინადადების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. კერძო აღმასრულებლის მიერ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ფოსტის საშუალებით ჩაბარების ფორმა, შემდგომ საჯარო გამოქვეყნება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უბნის ინსპექტორის მეშვეობით პირის გაფრთხილება არის ერთ-ერთი საშუალება პირის ინფორმირებისთვის და არა სავალდებულო, იმ შემთხვევაში თუ ადრესატს ვერ ბარდება შეტყობინება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აღმასრულებელი არ იყო ვალდებული საჯარო შეტყობინებასთან ერთად გამოეყენებინა უბნის ინსპექტორის დახმარება. საყურადღებოა ისიც, რომ ვ. ჯ-ეს სადავოდ არ გაუხდია აღმასრულებლის მოქმედება, რისი უფლებამოსილება მას ჰქონდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის თანახმად.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-4 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებთან მიმართებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადასტურებულია, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია განხორცილდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სადავო განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი