(დამატებითი განჩინება)
საქმე №ბს-1281(2კ-18) 20 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განჩინებაზე დამატებითი განჩინების გამოტანის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. მ-ამ 2016 წლის 7 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა უკანონოდ იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის ქმედება, რომლითაც კრედიტორს გადაერიცხა მ. მ-ას საბანკო ანგარიშზე მიზნობრივი დახმარების სახით ჩარიცხული 3112 ლარი; სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსარჩელე მ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 3 112 (სამი ათას ას თორმეტი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით მ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უკანონოდ იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის ქმედება, რომლითაც №A15036346 სააღსრულებო წარმოების საქმეზე კრედიტორს გადაერიცხა მ. მ-ას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 3 112 ლარი; სასარჩელო მოთხოვნა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მ. მ-ას სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-ამ და სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით მ. მ-ასა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრეს მ. მ-ამ და სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
კასატორმა - მ. მ-ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. მ. მ-ამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილისა და 341 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ასევე იშუამდგომლა საკასაციო სასამართლოში სს ...“ მე-3 პირად ჩაბმის თაობაზე.
კასატორმა - სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით მ. მ-ას შუამდგომლობა სს „...“ მე-3 პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მ. მ-ასა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარზე დართული 2018 წლის 7 სექტემბრის №13896 საგადახდო მოთხოვნით დგინდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 2018 წლის 7 სექტემბერს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჯის 70%. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, თუმცა სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟის) შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ 205263873) დაუბრუნდეს 07.09.2018წ. №13896 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე