საქმე №ბს-1372(კ-18) 29 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - კ. კ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი - ზ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 13 იანვარს კ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 14 მაისის N13041395/20024 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. მ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 14 მაისის N13041395/20024 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 2 აპრილის შეტყობინებით დადგენილია, რომ რესპოდენტ - კ. კ-ეს ეცნობა, რომ 2013 წლის 1 აპრილს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. წარმოების დაწყების საფუძველი გახდა აპლიკანტის - ზ. მ-ის განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. შპს „...ის“ 2013 წლის 4 აპრილის N... გზავნილით, დადასტურებულია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერის ა. ნ-ის მიერ კ. კ-ეს გაეგზავნა შეტყობინება, თუმცა იგი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრების გამო. შპს ...ის“ 2013 წლის 11 აპრილის გზავნილი N..., თანახმად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერის ა. ნ-ის მიერ კ. კ-ეს გაეგზავნა გზავნილი, რომელიც ადრესატს არ ჩაბარდა. შენიშვნის სახით აღინიშნა, რომ ადრესატი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს. საქმეში წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერის 2013 წლის 27 აპრილის წერილი, რომლის თანახმად, 2013 წლის 27 აპრილს 17:15 საათზე, ქ. ქუთაისში, ..., N141-თან (სუპერმარკეტი „...ის“ მიმდებარე ტერიტორია) განხორციელდა შეხვედრა რესპოდენტ კ. კ-ესთან (პ/ნ ...) გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 2013 წლის 02 აპრილის N... შეტყობინების ჩაბარების მიზნით. რესპოდენტს განემარტა შეტყობინების შინაარსი და მიუხედავად აღნიშნულისა კ. კ-ემ უარი განაცხადა შეტყობინების ხელმოწერით დადასტურებაზე. ასევე, განემარტა, რომ ჩაუბარებლობის შემთხვევაში შეტყობინება ჩაითვლებოდა ჩაბარებულად თანახმად სსკ 70-74-ე მუხლებისა და დადგებოდა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რესპოდენტმა უარი განაცხადა შეტყობინების ჩაბარებაზე და ჩაბარების ფაქტის ხელმოწერით დადასტურებაზე. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2013 წლის 14 მაისს გამოიცა დავალიანების გადახდევინების შესახებ N... ბრძანება, რომლითაც კ. კ-ეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 100,00 ლარის და 5004,00 დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობით ზ. მ-ის მიმართ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს დავა, ვინაიდან საქმეზე გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის იმგვარად განმარტების საშუალებას, რომ თითქოსდა შეტყობინების შემცველი გზავნილი კ. კ-ეს ჩაჰბარდა კანონის სრული დაცვით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე ნორმის მე-2 პუნქტში მოცემულია შეტყობინებაში აუცილებლად მისათითებელი პირობები. აღნიშნული ნორმა ადგენს იმ უფლება-მოვალეობებს, რომელთა შესრულებაც ეკისრება რესპონდენტს (ვალდებულ პირს), რათა დავალიანების სადავოობის პირობებში თავიდან აიცილოს ამ წესით ბრძანების გამოცემა. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, კ. კ-ის საცხოვრებელი მისამართია ზესტაფონი, სოფ. ... . ამდენად, მართებულია სასამართლოს შეფასება, რომ კ. კ-ისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 2013 წლის 02 აპრილის N... შეტყობინების ჩაბარების ფორმა არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ წესს და იგი მიჩნეული ვერ იქნება გზავნილის სათანადო წესით მხარისათვის გადაცემად. შესაბამისად, სახეზეა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 14 მაისის N... ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ205263873) დაუბრუნდეს 15.08.2018წ. №12798 საგადახდო მოთხოვნით მის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე