Facebook Twitter

საქმე №ბს-1414(3კ-18) 19 თებერვალი, 2019 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, შპს „...ი“ (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ...“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ფ...“ დირექტორმა ა. ქ-ემ 2015 წლის 10 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 06 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 04 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით შპს „ფ...ს“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირებად საქმეში ჩართულ იქნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და შპს „...ი“.

2015 წლის 10 სექტემბერს მოსარჩელემ მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე და საბოლოოდ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 ნოემბრის N1/7-430 ბრძანებისა და N11/46022 მომართვის ბათილად ცნობა, ხაშურში, ... მდებარე 9755 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 8 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხაშურში, ... მდებარე 9755 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო ..., სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის 2015 წლის 25 თებერვალს დადებული N... უ.უ. ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (საკ. N...) უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზაციისას ნასყიდობის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 26 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ხაშურში, ... მდებარე 9755 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო N..., შპს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 27 თებერვლის N1/7-94 ბრძანების ბათილად ცნობა ხაშურში, ... მდებარე 8624 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 9 მარტის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხაშურში, ... მდებარე 8624 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო N..., სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით, „ფ...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 ნოემბრის N1/7-430 ბრძანება და N11/46022 მომართვა ხაშური, ... მდებარე 9755 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ და იმავე სააგენტოს 2015 წლის 27 თებერვლის N1/7-94 ბრძანება ხაშური, ... მდებარე 8624 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 8 დეკემბრის №... გადაწყვეტილება ხაშური, ... მდებარე 9755 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო N..., სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და იმავე სამსახურის 2015 წლის 9 მარტის N... გადაწყვეტილება ხაშური, ... მდებარე 8624 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო N..., სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის 2015 წლის 25 თებერვალს დადებული N... უ.უ. ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (საკ. N...) უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზაციისას ნასყიდობის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 26 თებერვლის №... გადაწყვეტილება ხაშური, ... მდებარე 9755 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო N..., შპს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; დაევალა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის საფუძველზე გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და შპს „...მა“, რომელთაც მოითხოვეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და შპს „...მა“ რომელთაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააგენტო და შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციითა და ა.შ. რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილებების გამოცემის მომენტისთვის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N1/7 - 94 (27.02.2015) და N1/7-430 (28.11.2014) ბრძანება, N11/46022 (28.11.2014) მომართვა და უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის N... (25.02.2015) ხელშეკრულება, რომლის მიმართ არსებობდა კანონიერი ნდობა საჯარო რეესტრისა და მესამე პირების მხრიდან, ძალაში იყო. კასატორი აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი განასხვავებს რეგისტრაციის ძალადაკარგულობისა და ბათილობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, სადავო რეგისტრაციების (N...; N... და N...) საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ბათილად ცნობა წარმოადგენდა მათ საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების და არა ბათილად ცნობის საფუძველს. კასატორის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ასევე ვერ იქნა დადასტურებული მის საკუთრებაში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ნივთისა და სადავო რეგისტრაციებით დარეგისტრირებული, ... და ... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთების იდენტურობა, ხოლო შპს „ფ...-ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი სახით, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო რეესტრისათვის უცნობია აღნიშნული უძრავი ნივთის ზუსტი კოორდინატები, საჯარო რეესტრი ვერ დაადგენდა ელექტრონული (დაზუსტებული) სახით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ უძრავ ნივთს და შპს „ფ...-ის“ საკუთრებაში არსებული უძრავ ნივთს შორის არსებულ ზედდებას ზუსტი მონაცემებით.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს ვინაიდან, შპს „ფ...-ის“ სახელზე არსებული დაუზუსტებელი რეგისტრაცია არ იძლეოდა მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, იდენტურობის დამადასტურებელ მტკიცებულებად კი არც-ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის დაკვეთით შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტების მიზნით შემდგომში წარადგინა საჯარო რეესტრში, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემს, არამედ იგი მომზადდა განმცხადებლის დაკვეთით, რომელიც თავადვე განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, კონფიგურაციასა და საზღვრებს. იდენტურობის დაუდასტურებლობის გამო კი შეუძლებელი იყო ელექტრონულ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელ მონაცემებთან შედარება და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს არ გამოვლენილა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 ნოემბრის N1/7-430 ბრძანებითა და N11/46022 მომართვით, ასევე, 2015 წლის 27 თებერვლის N1/7-94 ბრძანებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია აკმაყოფილებდა მოქმედ კანონმდებლობას, არ ფიქსირდებოდა და არც ახლა ფიქსირდება მესამე პირთა საკუთრების უფლება ან კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგისტრაციის დამაბრკოლებელი სხვა საფუძველი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, უცნობია, რის საფუძველზე მივიდა სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე.

კასატორი ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მოსაზრებას, რომლის თანახმად, შპს „...ისათვის“ ცნობილი იყო იმ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების არსებობის შესახებ, რომლის პრივატიზაციასაც იგი ითხოვდა, ამასთან მიუთითებს, რომ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ შპს „...თან“ გაფორმდა უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მყიდველმა საკუთრების უფლება დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველს კი წარმოადგენდა სააგენტოს გადაწყვეტილება (ბრძანება) და ელექტრონული აუქციონის შედეგები, რაც სათანადო წესით არ ყოფილა გასაჩივრებული და ბათილად ცნობილი, შესაბამისად, არ არსებობდა სზაკ-ის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან აღნიშნული ხელშეკრულებისს აფუძველს არ წარმოადგენდა ის მიმართვები, რომელიც სასამართლომ ბათილად ცნო .

შპს „...ი“ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, არასწორია სააპელაციო სასამართლოს განჩინებით კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების უგულებელყოფა და აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტობრივი გარემობებით განხილულ დავაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიღებული აქვს პრეცენდენტული გადაწყვეტილება, სადაც მიუთითა, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა, არ გამოიკვლიეს შემძენის კეთილსინდისიერების საკითხი, რაც ერთ-ერთი საფუძველი იყო, საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების (სუს ბს-192-184(3კ-13),2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება).

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დავისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოების - კეთილსინდისიერების უგულვებელყოფით, შეილახა შპს „...ის“ კანონიერი ინტერესი, რადგან მან საკუთრების უფლება მოიპოვა მიწის ნაკვეთზე, არა იმის გამო, რომ ნამდვილი მესაკუთრისგან შეიძინა ქონება, არამედ იმის გამო, რომ იგი იმ ფაქტის მიმართ იყო კეთილსინდისიერი, რომ სახელმწიფო ნამდვილად იყო ამ ქონების მესაკუთრე. იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ შპს „...ის“ კეთილსინდისიერების მიუხედავად, ხელშეკრულება უნდა გაბათილებულიყო, ამ ფაქტის დადგენას მხარისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს იქნება პრეიდუციული ძალის მქონე მის მიმართ.

კასატორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება ხაშურის რაიონულ სასამართლოს, რომ ორი პარალელური ჩანაწერი არსებობს ერთი და იმავე უძრავ ქონებაზე და პირველად გაკეთებულ ჩანაწერს უნდა მიენიჭოს უპირატესობა. თუმცა განსახილველ საქმეზე არ არსებობს ორი ჩანაწერი ერთიდაიმავე მიწაზე, სასამართლოებს არ დაუდგენიათ, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც ...ის საკუთრებაშია, არის იდენტური, შპს „ფ...-ის“ მიწის ნაკვეთისა და სასამართლოები არასწორად მიიჩნევენ, რომ „ფ...-ს“ აქვს რაიმე უკეთესი უფლება, მიწის ნაკვეთზე, შპს „...თან“ მიმართებით. ვისგან შეიძენს კერძო პირი ქონებას - სახელმწიფოსგან, აუქციონზე, თუ კერძო პირისგან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით თუ ვიხელმძღვანელებთ განსხვავებულია მის მიმართ, საქართველსო სამოქალაქო კოდექსის 312-ე და 185-ე მუხლებით განმტკიცებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმციის მოქმედება. მითითებული მუხლებით განსაზღვრული პრეზუმცია არ აყენებს წინაპირობად დამატებით მოცემულობას, რომ უძრავ ქონებაზე უნდა არსებობდეს ერთადერთი ჩანაწერი. სწორედ ხარვეზიანი, უსწორო ჩანაწერის შემთხვევაში გამოიყენება აღნიშნული ნორმები და თუ მის მოქმედებას გამოვრიცხავთ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობისას, ნორმა ბლანკეტური ხდება და კარგავს ფუნქციას, რაც ვერ იქნებოდა კანონმდებლის ნება.

შპს „...ს“ მიაჩნია, რომ იმ მომენტიდან,როდესაც სახელმწიფო, კერძო პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მესამე პირზე რეალიზაციას ახდენს, ამ კერძო პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, უქმდება, რადგან კეთილსინდისიერ მესამე პირზე ქონების გადაცემის შედეგად, ეს პირი, კარგავს საკუთრებას, სსკ-ის 312-185-ე მუხლებიდან გამომდინარე. საკუთრების უფლების რეგისტრაცია კი, ამ უფლების გარეშე, ფიქციაა და უნდა გაუქმდეს. ამდენად, ერთ უძრავ ქონებაზე არსებობს მხოლოდ ერთი სამართლებრივი ძალის მქონე საკუთრების უფლების ჩანაწერი.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია ხელშეკრულება ბათილად, რადგან მიუხედავად იმისა, ხელშეკრულება აზიანებს თუ არა მესამე პირის უფლებებს, უტყუარობის პრეზუმცია იცავს შემძენს, ხელშეკრულების ბათილობის თუ ნამდვილობის მიუხედავად, შემძენი გახდა მესაკუთრე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ის“ საკაცსაციო საჩივარები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკაცსაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 07 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს1414(3კ-18) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრისა და 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებების საჯაროდ გავრცელებით-მოწინააღმდეგე მხარეს - შპს „ფ...-ს“ ეცნობა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2018 წლის 22 ნოემბრისა და 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრები

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განსახილველ საქმეზე არ იქნა განხორციელებული, კერძოდ, სახელმწიფოს სახელზე საკუთრების აღრიცხვისას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გაითვალისწინეს შპს „ფ...-ს“ სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის არსებობა, საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია მისი უფლების ობიექტის გარეშე - აბსტრაქტული სახით არსებობა, ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. ამასთან, დაპირისპირებული ჩანაწერების არსებობისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული. დაუზუსტებელი მონაცემებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ გამორიცხავს შპს „ფ...-ის“, როგორც მესაკუთრის კანონიერი უფლებების დაცვის საჭიროებას, ამასთან, მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია სადავო არ გამხდარა. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გაითვალისწინეს „ფ...-ს“ საკუთრების უფლების არსებობა და აღნიშნული გარემოების უგულებელყოფით გამოსცეს გასაჩივრებული აქტები, რაც მართებულად დაედო საფუძვლად შპს „ფ...-ს“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ მიღებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანებების და მიმართვის საფუძველზე და ორივე ადმინისტრაციული ორგანოს - რეგისტრაციის სამსახურის და ქონების ეროვნული სააგენტოს აქტები დავის საგანს შეადგენს, ამასთანავე, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია რეგისტრაციის შესახებ მიმართვის (ბრძანების) საფუძველზე, ხოლო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება - სადავო ქონებისა და შპს ,,ფ...-ის“ უძრავი ნივთის ზედდების საკითხი გამოკვლეული და დადგენილი არ არის, აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების წინაპირობას და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 ნოემბრის N1/7-430 ბრძანებისა და N11/46022 მიმართვის ბათილად ცნობისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.

დაუსაბუთებელია კასატორის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა მოსარჩელისა და შპს „...ის“ სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთების იდენტურობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც განსახილველ საქმეში შპს „ფ...-ს“ მიერ წარდგენილი დოკუმენტების საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია, ხოლო მოსარჩელემ მისის მტკიცების ფარგლებში წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას იმ შემთხვევაში, როდესაც იგი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შპს „ფ...-სათვის“ არის შემზღუდავი, ვინაიდან ისინი ხელყოფენ მოსარჩელის საკუთრების უფლებას, პირის უფლების და ინტერესების არსებითად დარღვევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი მიუხედავად აქტების მიმართ დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობისა, მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი უკეთუ არსებითად ირღვევა სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესი, რაც სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებით, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების არსებობის გათვალისწინებით, სახეზეა. ამასთან, როგორც სასამართლომ დაადგინა, შპს „...ისათვის“ ცნობილი იყო სხვა პირის უფლების შესაძლო არსებობის შესახებ საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთზე ანუ სახელმწიფოს საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის შესახებ, შესაბამისად, იგი ვერ მიიჩნევა კეთილსინდისიერ შემძენად და მასზე ვერ გავრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი გარანტია შემძენის უფლების დაცვის შესახებ, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორების მითითება კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვისკენ მიმართული ნორმების დარღვევებზე, ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ როდესაც გაუქმებულია სახელმწიფოს სახელზე სადავო უძრავი ქონების რეგისტრაცია და საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს, გასაჩივრებული ხელშეკრულება, როგორც თანმდევი შედეგი, ბათილად უნდა იქნას ცნობილი. იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ მოხდა იმ უფლების გადაცემა, რომლის სახელმწიფოსადმი კუთვნილებაც უდავოდ დადგენილი არ არის, დაუშვებელია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი, არსებული მდგომარეობით, ნამდვილად იქნეს მიჩნეული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინება;

3. კასატორს - შპს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 16.11.2018წ. №4 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3149 ლარის 70%, _ 2204.3 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 21.12.2018წ. №35970 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე