Facebook Twitter

ბს-828 (კ-18) 28 მარტი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.06.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ბ-მა 15.12.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 11.11.2017წ. N MES 9 17 01386086 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის შპს "...ის" მიერ ო. ბ-ის სახელზე გაცემული SISUU N... ბაკალავრის დიპლომის (სარეგისტარციო N...) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2018წ. გადაწყვეტილებით ო. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 11.11.2017წ. N MES 9 17 01386086 გადაწყვეტილება, მოპასუხეს დაევალა შპს "...ის" მიერ ო. ბ-ის სახელზე გაცემული SISUU N... ბაკალავრის დიპლომის (სარეგისტარციო ნომერი N...) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.06.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2018წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

კასატორი აღნიშნავს, რომ "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის 88.11 მუხლის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. აღნიშნული პერიოდის შემდგომ ყველა საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას უნდა ეფუნქციონირა მხოლოდ ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობებში, წინააღმდეგ შემთხვვევაში მათ მიერ განხორციელებული საქმიანობა არ იქნებოდა სახელმწიფოს მიერ აღიარებული. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს კვალიფიკაცია მიენიჭა 28.12.2007წ., აღნიშნული დროისათვის დაწყებული იყო 2007-2008 სასწავლო წელი, ხოლო ამ პერიოდში დაწესებულების საქმიანობა არ იყო სახელმწიფოს მიერ აღიარებული აკრედიტაციის არქონის გამო. საბაკალავრო სწავლების ბოლო ერთი სემესტრი ექცეოდა არაღიარებულ რეჟიმში, რაც ცალსახად ავალდებულებდა ცენტრს არსებული სახის გადაწყვეტილების მიღებას.

კასატორი თვლის, რომ 2002 წელს დაფუძნებულ დაწესებულებაზე არ უნდა გავრცელებულიყო „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 661 მუხლი, რადგან ხსენებული ნორმა ძალაში შევიდა 17.03.2006წ. და მისი მოქმედება შეეხო მხოლოდ ამ პერიოდის შემდგომ ახლად დაფუძნებულ დაწესებულებებს, რომლებიც მოიპოვებდნენ ლიცენზიას. ზემოაღნიშნული მუხლის გამოყენების მართებულობის შემთხვევაშიც 2007 წლის 11 თებერვლისათვის გასული იქნებოდა 5 წლიანი პერიოდი. მოცემულ შემთხვევაზე უნდა გავრცელებულიყო "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 66.7 მუხლი. კერძოდ, ზემოხსენებული მუხლის მიხედვით, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (აკრედიტაციი მინიჭებაზე უარის თქმა) ან/და „დ“ (აკრედიტაციის გაუქმება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ითვლებოდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას მიმდინარე სასწავლო წელს და მის შემდგომ სასწავლო წელს. მოცემულ შემთხვევაში დაწესებულებას, სადაც მოსარჩელე იღებდა განათლებას, 20.01.2005წ. უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. ამდენად, ნაწილობრივ არაღიარებულ რეჟიმში მიღებული განათლებისა და ამავე რეჟიმში მინიჭებული კვალიფიკაციის არსებობის შემთხვევაში, ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაედასტურებინა მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობა. ამდენად, სასამართლომ არ გაითვალისწინა დიპლომის ნამდვილობის დადასტურების მიზანი და არსი, არასწორად განმარტა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის რიგი ნორმები, კანონიერი ნდობის პრინციპისთვის უპირატესობის მინიჭებით დაუსაბუთებლად შეზღუდა ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონიერების პრინციპი, სადავო აქტი სრულიად შეესაბამება სზაკ-ით, საერთაშორისო აქტებითა და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტაციის სასამართლოების მოსაზრება, რომ ო. ბ-ის სახელზე დიპლომის გაცემის დროს მოქმედებდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 661 მუხლი, რომლის თანახმად, ახალდაფუძნებული ლიცენზირებულ დაწესებულებად ითვლებოდა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულების მიმართ მოქმედებდა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „...ის" სახელზე საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ორჯერ, პირველად 11.02.2002წ. გაიცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ხოლო მეორედ - 31.12.2003წ. გაცემული ლიცენზია მოიცავდა ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო საქმიანობის უფლებას, რომელ მიმართულებაზეც სწავლობდა ო. ბ-ი. ამდენად, შპს „...ი“ ექცეოდა ზემოაღნიშნული ნორმის მოქმედების სფეროში, რადგან 28.12.2007წ. ო. ბ-ის სახელზე დიპლომის გაცემის დროისთვის უნივერსიტეტისათვის ლიცენზიის მინიჭებიდან ჯერ კიდევ არ იყო გასული 5 წელი, შესაბამისად, დაწესებულება ჩაითვალა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ დაწესებულებად. სადავო პერიოდში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 74.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო აღიარებდა მხოლოდ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ ხარისხებსა და დიპლომებს, რომლის შესაბამის პროგრამასაც მიჭებული ჰქონდა სახელმწიფო პროგრამული აკრედიტაცია, აგრეთვე ამავე კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ ხარისხებსა და დიპლომებს, ამდენად უსაფუძვლოა მოცემულ შემთხვევაზე "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 66.7 მუხლის გავრცელება.

დაუსაბუთებელია კასატორის მითითება სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 88-ე მუხლის ამაჟამად მოქმედი რედაქციის გამოყენების შესახებ, რადგან მუხლში ცვლილებები განხორციელდა დიპლომის გაცემის შემდეგ, შესაბამისად, უნივერსიტეტისა და ო. ბ-ის მიერ დიპლომის გაცემის მომენტში ვერ იქნებოდა გათვალისწინებული კანონში მომავალში შესატანი ცვლილებების თანამდევი შედეგები. ო. ბ-ი ენდობოდა კანონის შესაბამისად განხორციელებული ქმედებების და მისი შედეგების სტაბილურობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.06.2018წ. განჩინება;

3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს (ს/ნ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.06.2018წ. N05782 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი