Facebook Twitter

საქმე №ბს-97(გ-19) 16 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - შპს „...ა“

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...ამ“ 2018 წლის 6 ნოემბერს საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საჩივრის ავტორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ შპს „...ის“ სახელზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის - ელექტრონული ჯარიმის №... ქვითრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის 2018 წლის 25 ოქტომბრის №MIA 6 18 02613802 დადგენილების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის დადგენილებით შპს „...ის“ საჩივარი განსჯადობით გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაძლო სამართალდარღვევის ადგილს წარმოადგენს ქ. რუსთავი და სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლო წარმოადგენს შპს „...ის“ საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს. ამასთან, სადავო ადმინისტრაციული აქტი მიღებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ, აღნიშნულ აქტში მითითებულია, რომ დადგენილება გამოტანიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში. ასევე დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვადასხვა საპროცესო მოქმედების განხორციელება და სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით საქმის განხილვა, უფრო ეფექტურს გახდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება აკეთებს კონკრეტულ ჩანაწერს, რომ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას“, მეორე მუხლი ასევე უშვებს შესაძლებლობას/გამონაკლისს „დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“ ამ კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმეების განხილვის შესახებ, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ უპირატესობა სწორედაც, რომ პირველ ნაწილს უნდა მიენიჭოს, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, პირველი ნაწილი უფრო იმპერატიულად განსაზღვრავს საქმის განხილვის ადგილს. გარდა ამისა, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ასევე მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებაც, რომ არათუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, არამედ მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარეც ამ ტერიტორიულ ერთეულში მდებარეობს და მის მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესშიც სწორედ ამ ტერიტორიული ადგილის განსჯადი სასამართლოა მითითებული. ამასთან, მსგავსი საჩივრის (მხარეები ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში და საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები დგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1182 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით) ავტორების უმეტესობა წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, რომელთა იურიდიულ მისამართად დაფიქსირებულია ქ. თბილისი, ამდენად მხოლოდ ამ გარემოების გათვალისწინება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა „დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის“ მიხედვით, გამოიწვევს ადმინისტრაციულ საქმეთა კონცენტრაციას დედაქალაქში, რაც განაპირობებს ამ წესისაგან გამონაკლისების გათვალისწინებას. ტერიტორიული განსჯადობის არსიც მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით, მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს და საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, ემთხვევა რა მათი ადგილმდებარეობა და ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი ერთმანეთს, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს შესაბამისი განსჯადი სასამართლოს მიერ, რამდენადაც საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას. საქართველოს იუსტიციის საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-20017 გადაწყვეტილების 33-ე მუხლის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ შპს „...ის“ საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.

რუსთავის საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებას და 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორი მოითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის 2018 წლის 17 ოქტომბრის ... საჯარიმო ქვითრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის 2018 წლის 25 ოქტომბრის №MIA 6 18 02613802 დადგენილების ბათილად ცნობას. სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, 2018 წლის 17 ოქტომბრის №... საჯარიმო ქვითრის შედგენის ადგილია ქალაქი რუსთავი, ... №21, თუმცა საჩივრის ავტორის შპს „...ის“ იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, .... №3-5 და ამ უკანასკნელის წარმომადგენლის მიერ საჩივარი წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. შესაბამისად, შპს „...ის“ წარმომადგენელი უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა სასამართლოს არჩევის უფლება და მიემართა სასამართლოსათვის იურიდიული მისამართის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

მოცემულ შემთხვევაში, სპეციალური კანონი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის განსჯადობას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „...ას“ ადმინისტრაციული სახდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქვს დაკისრებული. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია - ქალაქი რუსთავი; საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, საჩივრის ავტორის იურიდიული მისამართია - ქ. თბილისი, ... №3-5. ამასთან, საგულისხმოა, რომ საქმეში დაცული მასალებით არ იკვეთება საჩივრის ავტორის იურიდიული მისამართისაგან განსხვავებული ფაქტობრივი მისამართის არსებობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენს საჩივრის ალტერნატიულ განსჯადობას - სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის ან სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა აირჩია განსჯადი სასამართლო და საჩივარი წარადგინა თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით. საკასაციო სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის №ბს-648-648(გ-18) განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ დასკვნებსა და განმარტებებზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითებას და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს საჩივრის ავტორის არჩევანის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „...ის“ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...ის“ საჩივარი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე