Facebook Twitter

ბს-485-485(2კ-18) 18 აპრილი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და სს „…ის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „…ამ“ 20.04.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ მოპასუხისათვის ზიანის - 62 502 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 32 319 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და სს „…ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2017წ. გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სს „…ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.12.2016წ. გადაწყვეტილება შეიცვალა იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაეკისრა 32 319 ლარის გადახდა და ახალი გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სს „…ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 52 319 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და სს „…ის“ მიერ.

კასატორმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოშობილი დავა პირველ რიგში მხარეთა შეთანხმებით უნდა გადაწყვეტილიყო, სს „…ას“ არ მიუმართავს არგუმენტირებული წერილით პოლიციისათვის. კასატორი თვლის, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მისი მუშაკების ბრალი დამღის დაზიანებასა და ტვირთის დაკარგვაში. დამღების დაზიანებისა და ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის კონკრეტული მიზეზი არ დადგენილა, ამიტომ იმთავითვე პოლიციის ბრალეულად მიჩნევა არასწორია. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სს „…ას“ სამართალდარღვევის ოქმები არ გაუსაჩივრებია და არც პოლიციისათვის უცნობებია ოქმების შესახებ.

კასატორმა სს „…ამ“ აღნიშნა, რომ მან მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება მოსთხოვა 13.08.2013წ. წერილით, შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან უნდა დაწყებულიყო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა, რადგან სს „…ას“ სასამართლოსადმი მიმართვა შეეძლო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ვალდებულებების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში. მოსარჩელისათვის 29681 ლარის ანაზღაურებაზე სასამართლოს უარი დაუსაბუთებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და სს „…ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

კასატორის - სს „…ის“ მითითება, რომ 29 681 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი, არასწორია, რადგან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო პალატის მიერ შეიცვალა და სარჩელით მოთხოვნილი 62 502 ლარიდან მოსარჩელეს მიეკუთვნა 52 319 ლარი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს „...ის“ შემადგენლობა რამდენჯერმე შემოწმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, რა დროსაც გამოვლინდა გადასაზიდი ტვირთის არსებითი დაკანარგი და დამღების/ლუქების დაზიანება. აღნიშნული საფუძვლით საგადასახადო ორგანოს მიერ სს „…ას“ დაეკისრა კანონმდებლობით გათვალისწინებული სახდელები. საქმეში დაცული ხელშეკრულების მიხედვით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებული იყო დაეცვა სს „…ის“ ობიექტები, მათ შორის, მოძრავი დაცული ტვირთები. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ ტვირთის დანაკლისისა და დამღების დაზიანების ფაქტებს ადგილი ჰქონდა ტვირთის გადაზიდვის პროცესში, რადგან სათანადო დოკუმენტაციით დასტურდებოდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ტვირთის კონკრეტული ოდენობით, საღი დამღებით დასაცავად მიღება. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სწორედ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ვალდებულება იყო ტვირთის უდანაკარგოდ ჩაბარება, ამდენად, დასტურდება მის მიერ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულება, რასაც მოჰყვა ზიანი - სს „…ისათვის“ სახდელის დაკისრება.

კასატორ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მითითება მისი ბრალის დაუდასტურებლობის გამო პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესახებ, არ არის დასაბუთებული, რადგან მან ვერ უზრუნველყო თავისი არაბრალეულობის დადასტურება. განსახილველ შემთხვევაში მოქმედებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფცია, რადგან სწორედ მისი კონტროლისა და დაცვის ქვეშ არსებობისას დაზიანდა დამღები/ლუქები და დაიკარგა ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი. კასატორი ვერ ადასტურებს, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო დაუძლეველი ან სხვა ისეთი გარეშე ძალის ზემოქმედებით, რომლის თავიდან აცილებაც მას არ შეეძლო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ტვირთის პოლიციისათვის გადაცემისას დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, ხდებოდა ლუქების დადება, პოლიცია იღებდა ვალდებულებას ვაგონი და მასში არსებული ტვირთი ლუქების დაუზიანებლად მიეტანა დანიშნულების ადგილამდე, ხოლო ლუქის დაზიანებისას და ტვირთის დანაკლისისას ხელშეკრულებით განისაზღვრა პოლიციის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ყველა წინაპირობა.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სამართალდარღვევის ოქმების გაუსაჩივრებლობა არ ადასტურებს სარჩელის უსაფუძვლობას, რადგან ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ლუქების დაზიანებისა და ტვირთის დანაკლისის ფაქტები, რაც ქმნიდა სამართალდარღვევის შემადგენლობას.

კასატორ სს „…ის“ მოსაზრება, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის ზიანის წარმოშობის შესახებ წერილის გაგზავნის შემდეგ, არ არის დასაბუთებული, რადგან სკ-ის 1008-ე მუხლის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმების შედგენისთანავე სს „…ისათვის“ ცნობილი იყო ზიანის წარმოშობის და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, შესაბამისად, თითოეულ შემთხვევაში აღნიშნული ოქმების შედგენიდან უნდა დაწყებულიყო ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მიერ სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ - 52 319 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილება, რადგან დანარჩენ ნაწილში სარჩელი ხანდაზმულია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და სს „…ის“ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და სს „…ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2017წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (ს.კ. 211350928) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.03.2018წ. N130554 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2615,95 ლარის 70%, _ 1831,17 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. სს „…ას“ (ს.კ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.03.2018წ. N9593 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 509,15 ლარის 70%, _ 356,41 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი