Facebook Twitter

ბს-548-548(კ-18) 18 აპრილი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ბ. ყ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ყ-მა 29.03.2017წ. სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის 14.12.2016წ. აქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის 11.01.2017წ. აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თელავის რაიონული სასამართლოს 31.03.2017წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.07.2017წ. გადაწყვეტილებით ბ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ბ. ყ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო აქტებზე ხელმომწერ პირებს არ გააჩნდათ მსგავსი აქტების გამოცემის უფლებამოსილება. დეპარტამენტის ფუნქცია მხოლოდ პროცესის ორგანიზებაა, რაც არ გულისხმობს სამართლებრივი მოწესრიგების კომპეტენციას. საქართველოს მთავრობის 07.07.2016წ. N310 დადგენილების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. გ. ყ-ის განცხადებებთან დაკავშირებით მინისტრს აქტი არ გამოუცია. კასატორი თვლის, რომ 2007 წელს ბაკალავრიატის სხვა ფაკულტეტზე არასრული სასწავლო გრანტის მოპოვება არ გამორიცხავდა 2016 წელს ბაკალავრიატის განსხვავებულ ფაკულტეტზე სახელმწიფოსგან დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას, რადგან სახეზეა ბაკალავრიატის ორი საფეხური, ორი სხვადასხვა კოდის მქონე საგანმანათლებლო პროგრამა. კასატორი მიიჩნევს, რომ შეზღუდვა „ერთზე მეტი“ განხილულ უნდა იქნეს თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ცალცალკე, ანუ ცალკე 2007 წლის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე და ცალკე 2016 წლის ბაკალავრიატზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2007 წ. ბ. ყ-მა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა არასრული სახელმწიფო დაფინანსება. 2016 წ. მოსარჩელემ დაფინანსების მიღება მოითხოვა იმავე საფეხურის - ბაკალავრიატის სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის გამო. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 46-ე მუხლის თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანი, ბაკალავრიატი არის უმაღლესი განათლების პირველი საფეხური. დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა (კანონის 80.3 მუხ.). ამდენად, ნორმატიულად აკრძალულია ერთიდაიმავე საგანმანათლებლო საფეხურზე (განსახილველ შემთხვევაში - ბაკალავრიატზე) ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა, კანონმდებლობა ამ კუთხით მითითებას არ ახდენს საგანამანათლებლო პროგრამებზე, ფაკულტეტებზე, რის გამო კასატორის მოსაზრება განსხვავებულ ფაკულტეტებზე ჩარიცხვის საფუძვლით დაფინანსების განმეორებით მიღების უფლების შესახებ, არ არის დასაბუთებული. ის, რომ 2007 და 2016 წლებში კასატორი განსხვავებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა არ წარმოშობს დაფინანსების მიღების უფლებას, რადგან სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო საფეხურის და არა პროგრამის, ფაკულტეტის სხვადასხვაობა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 80.3 მუხლის კასატორის მიერ შემოთავაზებული განმარტება არ გამომდინარეობს ნორმის ტექსტიდან, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის მიზნებიდან, კანონის ნორმატიული დებულებების სისტემური განმარტებიდან.

საკასციო პალატა აღნიშნავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება (80.1 მუხ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსების გაცემის ვალდებულებას ყველა სტუდენტის მიმართ, აუცილებელია არსებობდეს სახელმწიფო დაფინანსების გაცემის სათანადო წინაპირობები, სახეზე იყოს ნორმატიულად განსაზღვრული საფუძვლები. დაფინანსების მიღების უფლება სტუნდენტმა შესაძლოა მოიპოვოს თავისი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ („უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 52.8 მუხ.), გადაწყვეტილებას დაფინანსების მინიჭების შესახებ იღებს მინისტრი (საქართველოს მთავრობის 07.07.2016წ. N310 დადგენილების 8.6 მუხ.), თუმცა უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ წინადადებების მომზადებას, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების განხორციელებას და ამ მიზნით მოქალაქეთა განცხადებებსა და წერილებზე რეაგირებას ახდენს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი (სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 04.12.2013წ. N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების“ მე-5 მუხ. „ა“, „გ“, „რ“ ქვ.პ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტების გამომცემ პირებს ჰქონდათ მათი გამოცემის უფლებამოსილება, რადგან საქმეზე გამოკვლევას არ საჭიროებდა რაიმე ფაქტობრივი გარემოებები, სახეზე არ იყო ნორმის განმარტების, დაფინანსების გაცემის მიზანშეწონილობის გადაწყვეტის საჭიროება, ამასთან, სწორედ დეპარტამენტი ამზადებს უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ წინადადებებს. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროში არსებული მასალებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 80.3 მუხლის გათვალისწინებით, ერთმნიშვნელოვნად დასტურდებოდა სახელმწიფო დაფინანსების გაცემის საფუძვლების არარსებობა. შესაბამისად, არ დასტურდება სადავო აქტების არაუფლებამოსილი პირების მიერ გამოცემა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ბ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ყ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი