ბს-619-619(კ-18) 18 აპრილი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-ემ 12.06.2017წ. სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიმართ ქ. ფოთში, …ის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტის მშენებლობისას გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ლ. მ-ის სამმაგი ოდებით დაჯარიმებისა და შენობის ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ მოპასუხის 25.05.2017წ. დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 30.06.2017წ. გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ფოთში, …ის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტის მშენებლობისას გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ლ. მ-ის სამმაგი ოდენობით დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობის ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 25.05.2017წ. N1 დადგენილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ლ. მ-ეს 2016 წ. დადგენილებით განემარტა, რომ დაჯარიმების სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, დაჯარიმდებოდა პირვანდელი ჯარიმის სამმაგი ოდენობით, რაც ადასტურებს იმას, რომ ლ. მ-ემ იცოდა სამართალდარღვევის აღმოფხვრის, დემონტაჟის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის მიუხედავად ლ. მ-ემ დარღვევა არ გამოასწორა. ამასთანავე, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა. კერძო პირის - ექსპერტის მიერ შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესაძლებლობაზე მითითება არარელევანტურია, რადგან ექსპლუატაციაში მიღების საკითხის გადაწყვეტა კასატორის კომპეტენციაა. საქმის მასალებით დასტურდება მეზობელი ნაკვეთის მხარეს ღიობის მოწყობა, რაც მეზობელი ნაკვეთის ყველა მესაკუთრის თანხმობას საჭიროებდა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მეზობელი ნაკვეთის ერთ-ერთი მესაკუთრე, რომელიც თვლის, რომ სადავო მშენებლობით მისი უფლებები იზღუდება, საქმეში მესამე პირად ჩართული არ ყოფილა, თუმცა სავალდებულო მოწვევის მესამე პირს წარმოადგენს. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ 2017 წ. ლ. მ-ემ სარჩელი აღძრა მოპასუხე თანამესაკუთრეების მიმართ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით, რაც ადასტურებს, რომ თანამესაკუთრეები არ არიან თანახმა ლ. მ-ის ნაგებობის ნაწილის მათ მიწის ნაკვეთზე განთავსებაზე,
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკეთუ ცნობილია სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენი კონკრეტული პირი, პასუხისმგებლობა ნაგებობის მესაკუთრეს აღარ ეკისრება. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსის 14.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული კანონის მოქმედება სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში ვრცელდება პირების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტის, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები. ამავე კოდექსის 14.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით სამშენებლო მიწის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე კოდექსის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი იყო დარღვევის ჩამდენი სუბიექტი. საქმის მასალებით დგინდება, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო ნ. გ-ა, რომელმაც შეთანხმებული პროექტისა და ნებართვის საფუძველზე დაიწყო ობიექტის მშენებლობა. 09.09.2016წ. სწორედ მას მიეცა მითითება მშენებლობის პროექტის დარღვევით განხორციელების გამო. ნ. გ-ამ, მითითების შეუსრულებლად, უძრავი ქონება მიჰყიდა ლ. მ-ეს, რომლის სახელზეც ხელახლა გაიცა მითითება. ამდენად, დგინდება, რომ ცნობილი იყო პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის მწარმოებელი კონკრეტული პირი, რის გამო ლ. მ-ისთვის, როგორც მესაკუთრისათვის, პასუხისმგებლობის დაკისრება იმთავითვე არასწორია.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ 2016წ. ლ. მ-ის დაჯარიმების შესახებ გამოცემულ დადგენილებაში მითითებული არ ყოფილა დემონტაჟის საჭიროების შესახებ, ლ. მ-ეს არ დავალებია შენობის ნაწილის მოშლა, ლ. მ-ე მხოლოდ ჯარიმის გადაუხდელობისას საურავის დაკისრების თაობაზე გაფრთხილდა. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25.23 მუხლის თანახმად, დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას წარმოება იწყება შემოწმების აქტის შედგენით („დ“ ქვ.პ.), თუმცა განსახილველ შემთხვევაში განმეორებით მოხდა მითითების გაცემა და სწორედ ამ მითითების შეუსრულებლობაზე გაკეთდა აქცენტი შემოწმების აქტში, 2016 წ. დადგენილების შეუსრულებლობაზე ორგანოს არ მიუთითებია.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მეზობელი ნაკვეთის ერთ-ერთი თანამესაკუთრე თავად ლ. მ-ეა, ხოლო დანარჩენ მესაკუთრეთა უმრავლესობა თანახმაა ლ. მ-ემ ისარგებლოს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილით, რომელზეც ნაგებობაა განთავსებული. სკ-ის 957.1 მუხლის მიხედვით, ხმათა უმრავლესობით შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება საზიარო საგნის თავისებურებათა შესატყვისი მართვისა და სარგებლობის შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ის გარემოება, რომ ლ. მ-ეს სარჩელი აქვს აღძრული საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით, არ ადასტურებს თანამესაკუთრეთა თანხმობის არანამდვილობას. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მეზობელი ნაკვეთის ერთ-ერთი თანამესაკუთრის, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩართვის საჭიროებაზე, რადგან დავა ეხევა სამართალდარღვევის ჩადენისა და მასზე პასუხისმგებლობის საკითხებს, სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი ობიექტური კატეგორიაა და მისი დადგენისას მესამე პირთა მოსაზრებები არ არის რელევანტური.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი