საქმე #ბს-822-818(კ-17) 25 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. თ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 3 ოქტომბერს ნ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის, ქ. ნ-ის, მ. ბ-ის, მი. ბ-ის, თ. ბ-ისა და ნ. ბ-ის მიმართ.
მოსარჩელემ საჯარო რეესტრში მოპასუხე ბ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის (ნომრით ..., სასოფლო-სამეურნეო სახნავი დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, „...“, დაზუსტებული ფართობით 5050.00 კვ.მ, მდებარე გურჯაანი, სოფელი ...) თავისი სამართლებრივი შედეგებით ბათილად ცნობა, ასევე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 4 ივლისის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 5 სექტემბრის №... გადაწყვეტილების თავისი სამართლებრივი შედეგებით ბათილად ცნობა მოითხოვა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ბ-ი, ქ. ნ-ე, მი. ბ-ი, თ. ბ-ი და ნ. ბ-ი.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის საოქმო განჩინებით ქ. ნ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა მი. ბ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით ნ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი.
2017 წლის 25 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. თ-ის შვილმა თ. ბ-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნ. თ-ი გარდაიცვალა და წარმოადგინა ნ. თ-ის №... გარდაცვალების მოწმობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-822-818(კ-17) კასატორის (მოსარჩელის) ნ. თ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა საქმის წარმოება, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ნ. თ-ის სავარაუდო მემკვიდრეებს საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაბმის მიზნით 25.01.2019წ., 12.02.2019წ., 06.03.2019წ. გაეგზავნა მიმართვები უფლებამონაცვლის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისა და მემკვიდრეობის ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის მოთხოვნით. მიმართვით განიმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, მხარის გარდაცვალების შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერების ვადად განსაზღვრულია გონივრული ვადა, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. შესაბამისად, მემკვიდრეებს მოცემულ საქმეში აწ გარდაცვლილი ნ. თ-ის უფლებამონაცვლედ ჩაბმის მიზნით, უმოკლეს ვადაში უნდა ეცნობებინათ, გაიცა თუ არა სამკვიდრო მოწმობა ნ. თ-ის სამკვიდროზე და წარმოედგინეთ იგი, ან მემკვიდრეობის ფაქტის დამადასტურებელი, ნოტარიუსის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი. ასევე, უნდა ეცნობებინათ, მემკვიდრეებს ჰქონდათ თუ არა დავის გაგრძელებისა და აწ გარდაცვლილი ნ. თ-ის უფლებამონაცვლედ საქმეში მონაწილეობის სურვილი. ამასთანავე, მხარეები გაფრთხილებულ იქნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოსათვის მოუმართაობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო, საქმე დარჩებოდა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის დადგენილი წესები.
საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ კასატორი (მოსარჩელე) ნ. თ-ი გარდაცვლილია. აღნიშნული გარემოების საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით კასატორის (მოსარჩელის) ნ. თ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა საქმის წარმოება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები.
საკასაციო სასამართლოდან ნ. თ-ის სავარაუდო მემკვიდრეებს საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაბმის მიზნით 25.01.2019წ., 12.02.2019წ., 06.03.2019წ. გაეგზავნა მიმართვები უფლებამონაცვლის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისა და მემკვიდრეობის ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის მოთხოვნით. ასევე, უნდა ეცნობებინათ, მემკვიდრეებს ჰქონდათ თუ არა დავის გაგრძელებისა და აწ გარდაცვლილი ნ. თ-ის უფლებამონაცვლედ საქმეში მონაწილეობის სურვილი. საკასაციო სასამართლოს მიერ 25.01.2019წ. და 12.02.2019წ. გაგზავნილი მიმართვები სასამართლოს უკან დაუბრუნდა ჩაუბარებლობის მიზეზით, ხოლო 06.03.2019წ. გაგზავნილი მიმართვა ჩაიბარა ნ. თ-ის შვილმა თ. ბ-მა - 2019 წლის 13 მარტს, თუმცა უშედეგოდ. ნ. თ-ის სავარაუდო მემკვიდრეებს განემარტა კასატორის (მოსარჩელის) საპროცესო უფლებამონაცვლის დაუდგენლობის თანმდევი სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მიმართვაში აღინიშნა, რომ მემკვიდრეობის ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოუდგენლობისა და საკასაციო სასამართლოსათვის მოუმართაობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო, საქმე დარჩებოდა განუხილველი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. თ-ის უფლებამონაცვლეებს არ მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის და არ წარმოუდგენიათ საქმის წარმოების განახლების პროცესუალური წინაპირობების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიერ ნ. თ-ის სავარაუდო მემკვირდეებისთვის გაგზავნილი მიმართვების მიუხედავად, წარმოდგენილი არ არის მოსარჩელის სამკვიდრო მოწმობა ან სხვა ინფორმაცია დავის განხილვის განახლებისა და საქმეში უფლებამონაცვლეთა ჩართვის მიზნით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვოს სარჩელი, თუ არსებობს ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. თ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და 281-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. თ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი