Facebook Twitter

ბს-955(2კ-18) 28 მარტი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ა-ამ 28.07.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ე. ა-ას შორის გაფორმებული 27.06.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 14.05.2012წ. განკარგულების მ. ა-ას ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.08.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ე. ა-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ა-ას ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 14.05.2012წ. განკარგულება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ე. ა-ას შორის 27.06.2012წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

კასატორმა - საქართველოს პრეზინდენტმა აღნიშნა, რომ სადავო განკარგულების გამოცემა მოხდა ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურების დაცვით. სახელმწიფო ახდენს დევნილი ოჯახის უზრუნველყოფას, ამასთანავე, ფართის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე საკმარისია ერთი პირის - დევნილი ოჯახის წარმომადგენლის ხელმოწერა. მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში თავად დევნილი იყო ვალდებული უფლებამოსილ ორგანოში განეცხადებინა აღნიშნულის შესახებ, რაც მას არ განუხორციელებია. არც ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირს მიუთითებია ხელშეკრულებაში ოჯახის შემადგენლობის არასწორად დაფიქსირების შესახებ. პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედიოდა კონკრეტულ ფართში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილების დადგენა.

კასატორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ აღძრულია აღიარებითი სარჩელი, მოთხოვნილია ხელშეკრულების არამართლზომიერად ცნობა. აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობაა მხარის ნამდვილი, კანონიერი ინტერესის არსებობა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რადგან მოსარჩელემ მხოლოდ ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა, მას გრძელვადიანის საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ მოუთხოვია. სახელმწიფო ახდენს დევნილი ოჯახისთვის და არა მისი თითოეული წევრისათვის ინდივიდუალურად საცხოვრებელი ფართის გადაცემას. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე ამჟამად სწორედ თავის დებთან ერთად ერთ მისამართზე არის რეგისტრირებული. კასატორის მოსაზრებით, სარჩელი ხანდაზმულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. სზაკ-ის 67.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მისგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. არასწორია კასატორის - საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრება ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელეთა წერილობითი თანხმობის საჭიროების არარსებობის შესახებ, რადგან სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეს ერთმევა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანოსგან სხვა რაიმე კომპენსაციის და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება, რაც სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელის უფლებების შეზღუდვას ადასტურებს და წარმოშობს მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების დადებისას მისი წერილობითი თანხმობის წარდგენის საჭიროებას (სზაკ-ის 67.1 მუხ.).

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ საქმის მასალებით სათანადოდ არ დასტურდება 2012 წლიდან მ. ა-ას ქ. თბილისში, … მე-4 კორპუსის მე-11 სართულის N396 ბინაში ცხოვრების ფაქტი. აღნიშნულ მისამართზე მოსარჩელის 2005 წელს დარეგისტრირების ფაქტი არ ადასტურებს 2012 წელსაც იმავე მისამართზე ცხოვრებას, მით უფრო, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის …ის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის ცნობისა და მოწმეთა წერილობითი ახსნა-განმარტებების მიხედვით, მ. ა-ა …ის ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს 2005 წლიდან.

დაუსაბუთებელია კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსაზრება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არარსებობის შესახებ, რადგან დასტურდება, რომ მოსარჩელის ინტერესია გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, აღნიშნული მიზნის მიღწევა სწორედ განსახილველი სარჩელის დაკმაყოფილების შემდგომ არის შესაძლებელი. მოსარჩელეა ის სუბიექტი, რომელიც განსაზღვრავს დავის საგანს და აყალიბებს სასარჩელო მოთხოვნას, განსახილველ დავაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის არარსებობა, არ გამორიცხავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს.

დაუსაბუთებელია აგრეთვე მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან არ დგინდება სადავო განკარგულებისა და ხელშეკრულების შინაარსის შესახებ მოსარჩელისათვის ინფორმაციის მიწოდება. გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად, რომელიც გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ხელშეკრულება არ გადასცემიათ მხარეებს. ამდენად, ვარაუდი, რომ მ. ა-ას უნდა სცოდნოდა ხელშეკრულების შინაარსის შესახებ, არ დასტურდება. კასატორთა ვარაუდის გაზიარების შემთხვევაშიც, გაურკვეველია რა მომენტი უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების შინაარსის შესახებ ინფორმაციის მიღების პერიოდად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აქტის გამოცემის პროცედურული წესების დაცვა იმთავითვე არ ადასტურებს აქტის მართლზომიერებას, რადგან ადმინისტრაციული აქტი კანონიერი უნდა იყოს როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ოჯახის შემადგენლობის დადგენა არ შედიოდა არც ერთი კასატორის უფლებამოსილებაში, არ ასაბუთებს სადავო აქტების კანონიერებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი