Facebook Twitter

საქმე №ბს-55-54 (კ-14) 16 მაისი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი(მოსარჩლე) - ლ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისი მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე ) - სსიპ არქიტექტურის საქალაქო სამსახური

მესამე პირები - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „….“, ნ. გ-ი, ნ. შ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2013წ. განჩინება.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.11.11წ. №ბს-680-674 (კ-11) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.02.11წ. განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 18.05.10წ. №01/959 ბრძანება და ამავე სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა ხელახალი გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა.

ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22.12.11წ. №12/172615 წერილობითი დასტურით მოქ. ნ. გ-ს ნება დაერთო ქ. თბილისში, ... N25-ში არსებულ კუთვნილ სარდაფის ფართში კარის ღიობისა და სარდაფში ჩასასვლელი კიბის მოწყობაზე. ქ. თბილისის მერიის 20.04.12წ. N987 განკარგულებით ლ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22.12.11წ. აქტი.

ლ. ა-მა 30.05.2012წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მერიისა და სსიპ არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22.12.2011წ. №12/172615 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ქ. თბილისის მერიის 20.04.2012 წ. №987 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2012წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესაპე პირად საქმეში ჩაერთო ნ. გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.2013წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად საქმეში ჩაერთო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „…“.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, …ის №25- ში (…ქ. N25) გააჩნია კომერციული ფართი, მაღაზია, რომლის ვიტრაჟის წინ, ტროტუარზე, ნ. გ-მა ჩაჭრა შენობის სარდაფში ჩასასვლელი კიბე. აღნიშნული ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და კანონიერი ინტერესი, ვინაიდან კიბე მნიშნელოვნად ფარავს ვიტრაჟს, რაც კომერციული თვალსაზრისით ძალზე წამგებიანია. მოსარჩელემ ჩაატარა არაერთი ექსპერტიზა შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრისა და შპს „…“ - ის გამოკვლევებით დადგინდა, რომ საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია შენობის ხარვეზები, დაზიანებები, რითაც საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის ცნობილი იყო ექსპერტიზის დასკვნები შენობის ავარიულობის შესახებ და 22.12.2011წ. მაინც გასცა ნ. გ-ს ახალი ნებართვა სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების თაობაზე. ამასთან, ქ. მერიის არქიტექტურის სამსახური არ დაელოდა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნა 15.11.2011წ., რითაც ლ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა. გასაჩივრებული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გაითვალისწინეს ლ. ა-ის ინტერესები და ის გარემოება, რომ ამხანაგობის კრების ოქმით ამხანაგობის წევრთა სრულ უმრავლესობას არ ჰქონდა თანხმობა გაცემული ჩასასვლელი კიბის და ღიობის მოწყობის სამუშაოებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით სზაკ-ის 601 მუხლზე მითითებით ლ. ა-ი ითხოვს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22.12.2011წ. №12/172615 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ქ. თბილისის მერიის 20.04.2012წ. №987 განკარგულების ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.04.2013წ. გადაწყვეტილებით ლ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადაო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის კანონით დადგენილი წინაპირობები, რამდენადაც მისი მომზადებისა და მიღებისას დარღვეული არ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესები და მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის მოთხოვნათა ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის პირობებში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ნ. გ-ის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები არ არის მოცემული დავის საგანი. დავის საგანს შეადგენს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 22.12.11წ. გაცემული დასტური არსებული შენობის ფასადზე სარდაფის კედელში I კლასის - კარის ღიობისა და ჩასასვლელი კიბის მოწყობის განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული სამშენებლო სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნებოდა პირველი კლასის ობიექტს, შესაბამისად არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართავას. სადავო აქტით ნ. გ-ს მიეთითა, რომ თუ მის მიერ განსახორციელებული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უნდა მოეპოვებინა შესაბამისი დასკვნა განხორციელებული სამუშაოების უსაფრთოების შესახებ. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ამ წერილით დადასტურებული სამუშაოების დარღვევით წარმოება გამოწვევდა კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტთა დასკვნებიდან ქრონოლოგიურად ყველაზე გვიანდელი დასკვნების თანახმად, განხორციელებული სამუშაოები არ უქმნის საფრთხეს საცხოვრებელ კორპუსს. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.04.2013წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ა-მა.

თბილისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2013წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.04.2013წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და აღნიშნა, რომ დაუსაბუთებლი იყო ლ. ა-ის მოსაზრება ნ. გ-ის მიერ მის კუთვნილ სარდაფში კარის ღიობის და ჩასასვლელი კიბის მოწყობით შენობის დაზიანების და შენობის თანამესაკუთრის ინტერესის შელახვის შესახებ. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ლ. ა-ის მოსაზრება სადავო აქტების „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევით გამოცემის შესახებ, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობის არარსებობის გამო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბმა ,,…ის” 03.12.11წ. კრების №6 ოქმის თანახმად ამხანაგობის 2/3-ზე მეტმა თანხმობა განაცხადა ნ. გ-ის მიერ ფასადის მხრიდან ჩასასვლელი კიბის და კარის ღიობის მოწყობის სამუშაოების გაგრძელებაზე, რის გამოც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 10 1 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი სამუშაოები არ ითვალისწინებდა ფართობის გაზრდას ან ახალი საკუთრების საგნის წარმოშობას, რის გამოც სამუშაოს წარმოებაზე საკმარისი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. გ-ის მიერ საწარმოებელი მშენებლობა მიეკუთვნებოდა I კლასის მშენებლობას, რომლისთვისაც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65.1. მუხლის თანახმად, საჭირო არ არის მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების 65.2 მუხლის თანახმად I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, რაც ნ. გ-ის მიერ სადაო ადმინისტრაციული წარმოებისას შესრულდა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ბათილად ცნობის კანონით დადგენილი წინაპირობები სახეზე არ იყო.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ა-მა.

კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2013წ. განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ საქმე განიხილა სამართლის ნორმათა დარღვევით. პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სააპელაციო საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა იმ ნორმებზე დაყრდნობით, რომელიც განსახილველ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. სადავო ინდივიდუალური ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტის - სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22.12.2011წ. №12/172615-13 აქტის გამოცემა მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის, „…“ 03.12.2011წ. №6 კრების ოქმის საფუძველზე. ლ. ა-ი მიიჩნევს, რომ ხსენებული ოქმი კანონის დარღვევითაა შედგენილი, ხოლო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა აღნიშნული საკითხის სამართლებრივი შეფასების გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება. პალატამ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.02.2012წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ა-ის მოთხოვნა, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის, „…“, 10.11.2009წ. კრების ოქმი და ნ. გ-ს დაევალა თბილისში, … ქ. №25- ში მდებარე სარდაფის კედელში მოწყობილი ღიობის მოშლა, კედლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. 03.12.2011წ. კრების ოქმით ამხანაგობამ „…“, ნ. გ-ს მისცა მის საკუთრებაში არსებული სარდაფის ჩასასვლელი კიბისა და კარის ღიობის მოწყობის (ფასადის მხრიდან) სამუშაოების გაგრძელების თანხმობა. დღეის მდგომარეობით ბათილად არის ცნობილი 10.11.2009წ. №24 კრების ოქმი, რომელიც 22.12.2011წ. №26 კრების ოქმის სამართლებრივი საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის საკითხი. სზაკ-ის 601 მუხლი გამოყოფს აქტის ბათილობის ორ საფუძველს, აქტის კანონსაწინააღმდეგოობასა და მისი მომზადება-გამოცემის წესის დარღვევას. განსახილველ შემთხევაში, აქტი კანონსაწინააღმდეგოობის საფუძვლით უნდა გაბათილებულიყო, ხოლო სასამართლომ მხოლოდ მომზადება-გამოცემის კანონზომიერებაზე იმსჯელა და მხოლოდ ამ საკითხზე დაყრდნობით გამოიტანა გადაწყვეტილება. როგორც პირველი ინსტანციის, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

საკასაციო სასამართლოს 10.07.2014წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დასაშვებად.

საკასაციო სასამართლოს 23.10.2014წ. განჩინებით ლ. ა-ის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება ლ. ა-ის სამოქალაქო სარჩელზე ბმა „…ის“ 03.12.11წ. №6 კრების ოქმის კანონიერების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც საფუძვლად დაედო მოცემულ დავაში სადავოდ გამხდარ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების გამოცემას.

13.07.2018წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ლ. ა-ის წარმომადგენელმა საქმის წარმოების განახლების თხოვნით. განმცხადებელმა წარმოადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.11.2017წ. განჩინება, რომლითაც კანონიერ ძალაში შევიდა ბმა „…ის“ 03.12.11წ. №6 კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს 27.07.2018წ. განჩინებით ლ. ა-ის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრებაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) შეადგენს. ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე. კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. გ-ის საკუთრებაში მყოფი … 25-ში არსებული 8.81 კვ.მ. სარდაფი მდებარეობს ამავე მისამართზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსში. აღნიშნულ სარდაფზე სადავო სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22.12.2011წ. №12/172615 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნ. გ-ს დაუდასტურდა შენობის ფასადზე, სარდაფის კედელში I კლასის - კარის ღიობისა და ჩასასვლელი კიბის მოწყობის განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო ბმა „…ის“ 03.12.11წ. №6 კრების ოქმი, რომლითაც ამხანაგობის წევრების ნაწილმა გამოთქვა თანხმობა სარდაფის ჩასასვლელის და კარის ღიობის მოწყობის სამუშაოების ნ. გ-ის მიერ გაგრძელებაზე.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.07.14წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ა-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობა „…ის“ 03.12.11წ. კრების ოქმი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24.01.17წ. განჩინებით ნ. გ-ის და ნ. შ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, საკასაციო სასამართლოს 17.11.17წ. განჩინებით ნ. გ-ისა და ნ. შ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა. კანონიერ ძალაში მყოფი ხსენებული სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ ამხანაგობის სადავო კრების ოქმის მართლზომიერება საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, ვინაიდან ამხანაგობის წევრთა 2/3-ის მიერ თანხმობის გაცემა არ იყო საკმარისი დაგეგმილი სამუშაოს წარმოებაზე. საკასაციო პალატამ 17.11.17წ. განჩინებით გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სამუშაოს წარმოებისთვის საჭირო იყო ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა, რაც გასაჩივრებული კრების ოქმით არ დასტურდებოდა. ამასთან, დადგინდა, რომ ნ. გ-ის მიერ შენობის მთავარი ფასადის მხრიდან სარდაფის კედელში სარეკონსტრუქციო სამუშაოები უარყოფით ზეგავლენას ახდენდა შენობის მდგრადობაზე. მხედველობაშია აგრეთვე მისაღები ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.02.2012წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 10.11.09წ. კრების ოქმი და ნ. გ-ს ქ. თბილისში, … ქ. №25-ში მდებარე მისი კუთვნილი სარდაფის კედელში მოწყობილი ღიობის მოშლა და კედლის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა დაევალა. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.12.12წ. განჩინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შენობის მთავარი ფასადის მხრიდან სარეკონსტრუქციო სამუშაოები (ღიობის გაჭრა) წარმოადგენდა სამუშაოებს ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში არსებულ შემომზღუდავ არამზიდ კედელზე, რომლის განხორციელებაც ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობას საჭიროებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საკასაციო პალატის 26.04.13წ. განჩინებით.

სსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-4 მუხლის, სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოებისთვის, დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა არსებობდეს სასამართლო გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება. მოცემული დავისათვის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს მტკიცებულებითი მნიშვნელობა აქვთ, გადაწყვეტილებებით დასტურდება ამხანაგობის თანხმობის არარსებობა, კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილებებით დასტურდება აგრეთვე ბმა „…ის“ 03.12.11წ. №6 კრების ოქმის ბათილობა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების უარყოფითი ზეგავლენა კორპუსის მდგრადობაზე. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებებით შეფასება მიეცა საქმეში დაცულ არაერთ ექსპერტიზის დასკვნას (მაგ. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 15.04.11წ. №13-71; 24.05.11წ. №5-009252-2011, 06.07.11წ. დასკვნები (ტ.1.ს.ფ. 34-40; 214-220; 221-223; 224-226), შპს „…ს“ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას (ტ.1.ს.ფ.41-57)), რომლებიც განსხვავებულად აფასებენ სამუშაოების უსაფრთხოების საკითხს, საექსპერტო დასკვნების შეფასების შედეგად კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილად იქნა ცნობილი, რომ სამუშაოები უარყოფით ზეგავლენას ახდენდნენ შენობის მდგრადობაზე. ამასთანავე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის არარსებობა უკვე თავისთავად ქმნის სადავო აქტების ბათილად ცნობის საკმარის საფუძველს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კანონიერ ძალაში მყოფ 02.12.12წ. გადაწყვეტილებით ბმა „…ის“ 10.11.09წ. კრების ოქმის ბათილად ცნობასთან ერთად ნ. გ-ს დაევალა კედელში მოწყობილი ღიობის მოშლა და კედლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, ამდენად სადავო აქტი ეწინააღმდეგება კანონიერ ძალაში მყოფ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც გამორიცხავს კედლის რეკონსტრუქციას.

ბმა „…ის“ 03.12.11წ. №6 კრების ოქმის ბათილად ცნობის და შენობის მდგრადობასთან მიმართებაში სამუშაოების უსაფრთხოების თაობაზე დასკვნაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების არსებობის გათვალისწინებით, აგრეთვე კედლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის გათვალისწინებით, უდავოდ დგინდება მოცემულ საქმეში სადავო აქტების კანონშეუსაბამობა, რაც სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის. განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტებით დადგენილია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძვლების უკანონობა. ამდენად, ვინაიდან სახეზეა სადავო აქტების გამოცემის საფუძვლების - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილობა და შენობის მდგრადობასთან სამუშაოების შეუსაბამობაზე გადაწყვეტილების არსებობა, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ დასტურდება სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ქ. თბილისის მერიის გასაჩივრებული 20.04.2012წ. №987 განკარგულების გამოცემისას არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არასწორი შეფასება მიეცა ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მოსაზრებას ნ. გ-ის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობის საჭიროების, თანხმობის გასაცემად წევრთა 75%-ის არასაკმარისობის შესახებ (ტ.1, ს.ფ.155).

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. გ-ის 16.12.11წ. №12/172615-13 განცხადებით მოთხოვნილი კარის ღიობის და სარდაფში ჩასასვლელი კიბის მოწყობა, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. №57 დადგენილების 65.1 მუხლის შესაბამისად, განეკუთვნება I კლასის ობიექტს, რომლის განხორციელება არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა დაგეგმილი მშენებლობა საჭიროებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანის მიერ ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის წერილობით დადასტურებას. ის გარემოება, რომ ნ. გ-ის მიერ განხორციელებული სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება პირველი კლასის ობიექტს, რომლის განხორციელება მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს, არ ნიშნავს იმას, რომ მითითებული სამუშაოების განხორციელება არ საჭიროებს ამხანაგობის წევრთა თანხმობას და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას. არქიტექტურის სამსახურის თანხმობა არ ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის საჭიროებას, ვინაიდან ფასადის მხრიდან სარეკონსტრუქციო სამუშაოები არის ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში არსებულ კედელზე განსახორციელებელი სამუშაო, რაც ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობას საჭიროებდა. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 6.5 მუხლის თანახმად ტექნიკური სართულები, მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი ობიექტებია, რომელთა სარგებლობაში გადაცემა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი. საპროექტო ტერიტორია მოქცეული იყო ამხანაგობის წევრთა თანასაკუთრების მიწაზე. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. №57 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება საკუთრების უფლების დაცვით. შესაბამისად, სადავო სამუშაოების როგორც დაწყებას, ასევე გაგრძელებას ესაჭიროება ყველა წევრის თანხმობა, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის. არქიტექტურის სამსახურის თანხმობას მნიშვნელობა აქვს თანამესაკუთრეთა თანხმობის არსებობის შემთხვევაში, I კლასის მშენებლობა არ ათავისუფლებს მშენებლობის მწარმოებელს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის ვალდებულებისგან („მშენებლობის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. №57 დადგენილების 66.1 მუხ.). არქიტექტურის სამსახურის მიერ წერილობითი თანხმობის გაცემის კანონიერებას არ ადასტურებს მხოლოდ ის გარემოება, რომ დამკვეთმა - ნ. გ-მა აცნობა განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით ადმინისტრაციულ ორგანოს. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წერილობით ადასტურებს დაგეგმილ მშენებლობა/მონტაჟის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას სრულყოფილი დოკუმენტების საფუძველზე (66.7 მუხ.). ბინათმესაკურეთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას, რომელიც მიმართულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექპლუატაციის და განვითარებასთან დაკავშირებული ურთიერთობების წარმოშობის, შეწყვეტის ან შეცვლისაკენ. არქიტექტურის გადაწყვეტილება წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობის „…ის“ გადაწყვეტილების, 03.12.11წ. №6 კრების ოქმის სამართლებრივ შედეგს. „არსებული შენობის ფასადზე, სარდაფის კედელში I კლასის - კარის ღიობისა და ჩასასვლელი კიბის მოწყობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე“ ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 22.12.11წ. №12/172615.13 წერილობითი დასტურის ტექსტის მიხედვით საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. №57 დადგენილების თანახმად სამსახურმა შეამოწმა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და ამხანაგობის კრების ოქმი, დაადგინა მათი ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და დაადასტურა ქ. თბილისში, სექტორი - …, … 25-ში, … ქუჩის მხრიდან, მოქ. ნ. გ-ის კუთვნილ სარდაფის ფართში კარის ღიობის და სარდაფში ჩასასვლელი კარის მოწყობის შესაძლებლობა. კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილებებით დასტურდება, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება არ იყო სრულყოფილი, ამხანაგობის კრების ოქმი არ პასუხობდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სადავო აქტისთვის აუცილებელი დოკუმენტის - კრების ოქმის წარუდგენლობა, შესაბამისად არ დასტურდება სადავო აქტის გამოცემის კანონიერი საფუძველი. პირველი კლასის მშენებლობაზე თანხმობის გაცემისას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „…ის“ კრების ოქმის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამოკვლევის აუცილებლობაზე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.11წ. გადაწყვეტილება (საქმე Nბს-686-674 (კ-11)), რომელსაც პრეიუდიციული ძალა აქვს მოცემული საქმისათვის. ის გარემოება, რომ საკასაციო სასამართლოს 15.11.11წ. გადაწყვეტილების შემდეგ ნ. გ-მა მოითხოვა თავისი 28.04.10წ. განცხადების განუხილველად დატოვება, რაც არქიტექტურის სამსახურის 14.02.12წ. №536 ბრძანებით დაკმაყოფილდა და არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტი ნ. გ-ის ახალი გადაწყვეტილების განხილვის შედეგად არის გამოცემული, არ გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს 15.11.11წ. გადაწყვეტილების მოცემული დავისათვის პრეიუდიციულ მნიშვნელობას, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება გამოტანილია ერთიდაიმავე მხარეებს შორის, ერთიდაიმავე ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ დავაზე. საკასაციო სასამართლოს 15.11.11წ. გადაწყვეტილების მითითებების და კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით სადავო აქტი - წერილობითი თანხმობა გაიცა ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის ლ. ა-ის ჩაბმის გარეშე. შეფასება არ მისცემია ბმა „…ის“ №6 კრების ოქმს, სამსახურს არ უმსჯელია კრების ოქმის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა. სააპელაციო პალატის დასკვნები აქტების კანონშესაბამისობის და საწარმოებელი სამუშაოების უსაფრთხოების კუთხით შეფასების თაობაზე ეწინააღმდეგება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილ გარემოებებს, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს ქმნის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

ამასთან, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და ქ. თბილისის მერიას სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ლ. ა-ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100ლ., (ტ.1.ს.ფ.1), სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლ. (ტ.2.ს.ფ.9-10) და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლ. (ტ.3.ს.ფ.106), სულ 550 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2013წ. განჩინება და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ლ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22.12.2011წ. N12/172615 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქ. თბილისის მერიის 20.04.2012 წ. N987 განკარგულება.

4. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და ქ. თბილისის მერიას ლ. ა-ის (პ/ნ …) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ლ. ა-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 ლარი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი