#ბს-1211 (კს-18) 16 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – მ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.09.2018წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. მ-ემ 23.10.2017წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიმართ მოპასუხისათვის მ. მ-ის სახელზე არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.02.2018წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმით დაზუსტდა მოპასუხე მხარე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სახით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.03.2018წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2018წ. განჩინებით აპელანტ - მ. მ-ეს განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღიანი ვადა, სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის შესავსებად, აპელანტს დაევალა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელებით სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის, 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის (დედნის სახით) დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსთვის წარდგენა; აქვე განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
მ. მ-ემ 11.06.2018წ. ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2018წ. განჩინებით მ. მ-ეს 5 (ხუთი) დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელებით საააპელაციო საჩივრის წარდგენა.
მ. მ-ემ 26.07.2018წ. ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ამავე განცხადებით დააზუსტა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.09.2018წ. განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.03.2018წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად; მ. მ-ეს დაუბრუნდა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე 11.06.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2018წ. განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით 20.07.2018წ. ჩაბარდა მ. მ-ის ოჯახის წევრს, რძალს, ნ. ა-ს. ამავე განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 2018 წლის 21 ივლისს დაიწყო და 2018 წლის 25 ივლისის 24 საათზე ამოიწურა. აპელანტმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით, 26.07.2018წ. წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მხარეს არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.09.2018წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2018წ. განჩინება ჩაიბარა სოფელში მყოფმა მისმა ოჯახის წევრმა, რადგან თავად მ. მ-ე იმ პერიოდში იმყოფებოდა თბილისში, საავადმყოფოს სტაციონარში დედასთან ერთად, რომელსაც ონკოლოგიური დაავადების გამო უტარდებოდა ოპერაცია. ოპერაციის შემდგომი მეთვალყურეობისა და პროცედურების ჩატარების მიზნით მ. მ-ე უზრუნველყოფდა ყოველდღიურად დედის ექიმთან წაყვანას, რის გამოც მოკლებული იყო შესაძლებლობას დადგენილ ვადაში შეევსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. მ. მ-ე თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 215.3 მუხლის საფუძველზე არსებობს ხარვეზის შევსების ვადის გაცდენის საპატიო მიზეზი, შესაბამისად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის 70-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება სასამართლო აქტის მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსკ-ის 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თავდაპირველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2018წ. განჩინებით მ. მ-ისათვის დადგენილი ხარვეზი მოიცავდა როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდის, ისე გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაზუსტების ვალდებულებას. მ. მ-ის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ნაწილობრივი შევსების, კერძოდ სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარდგენის შემდგომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2018წ. განჩინებით მ. მ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა. ზემოაღნიშნული განჩინება მ. მ-ეს გაეგზავნა ორჯერ, 20.06.2018წ. და 18.07.2018წ. მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად 20.07.2018წ. ჩაბარდა უფლებამოსილ პირს, ადრესატის ოჯახის წევრს - ნ. ა-ს (ტ. 1, ს.ფ. 169). აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს ფოსტის შესაბამის უკუგზავნილზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, რომლის ნამდვილობასაც არ უარყოფს კერძო საჩივრის ავტორი - მ. მ-ე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2018წ. განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით 20.07.2018წ. ჩაბარდა მ. მ-ის ოჯახის წევრს, შესაბამისად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2018 წლის 21 ივლისს დაიწყო და 2018 წლის 25 ივლისის 24 საათზე ამოიწურა. ამასთან, მ. მ-ემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს 26.07.2018წ. მიმართა, ე.ი. მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს კერძო საჩივრის ავტორი და კერძო საჩივარში აღნიშნავს, რომ ხარვეზის შევსების შესახებ შესაბამისი განცხადება მან სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში 26.07.2018წ. წარადგინა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 368.7 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ მიუმართავს განცხადებით, განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სახეზეა სსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო გარემოება, კერძოდ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მ. მ-ემ ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 65-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, მ. მ-ის მიერ წარდგენილია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ იგი სტაციონარიდან გაწერილ იქნა 22.06.2018წ, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2018წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 2018 წლის 25 ივლისის 24 საათზე ამოიწურა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მ. მ-ის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან ხარვეზის დროული შევსება ოპერაციის შემდგომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობის გამო ვერ მოახერხა, გამომდინარე იქიდან, რომ მას საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, გარდა სიტყვიერი მითითებისა. სსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, საჭირო მტკიცებულებათა წარუდგენლობის პირობებში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა იმ საპატიო მიზეზის არსებობა, რომელიც შეუძლებელს გახდიდა საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 367-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს, აღნიშნული ნორმების შესაბამისად სავალდებულოა, რომ სააპელაციო საჩივარი შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 08.12.2009წ. N1/456 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და უნდა შეიცავდეს სსკ-ის 368-ე მუხლით განსაზღვრულ რეკვიზიტებს. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა 368.1 მუხლის "გ" ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ სააპელაციო საჩივარში არ იყო მითითებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება, ასევე აპელანტს არ ჰქონდა გადახდილი სსკ-ის 39.1 მუხლის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 18.05.2018წ. განჩინებით მართებულად დაადგინა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და აპელანტს განუსაზღვრა შვიდდღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, აპელანტის მიერ ხარვეზის ნაწილობრივი აღმოფხვრის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2018წ. განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა დამატებით 5 დღით, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია.
სსკ-ის 368.5 მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენილ საპროცესო ვადაში შეუვსებლობის გამო, სააპელაციო პალატას გააჩნდა მ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.09.2018წ. განჩინება მ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.09.2018წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი