ბს-1295 (კ-18) 16 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, მოპასუხისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობის 2000 წლის 28 მარტიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდის ნამსახურების წლებში ჩათვლის, აღნიშნულის გათვალისწინებით წელთა ნამსახურების ნუსხის შედგენის და შესაბამის სამსახურში წარდგინების გადაგზავნის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ს. რ-ის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2000 წლის 28 მარტიდან 30 ოქტომბრამდე მუშაობის პერიოდის ნამსახურების წლებში ჩათვლა, აღნიშნულის გათვალისწინებით წელთა ნამსახურების ნუსხის შედგენა და შესაბამის სამსახურში წარდგინების გადაგზავნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.
კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ არასწორია სადავო პერიოდის ნამსახურობის წლებში ჩათვლა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით უგულებელყოფილია ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება პროკურატურის ორგანოებში სამსახური, აგრეთვე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტში ან/და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური. ს. რ-ის მიერ სადავო პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამეტში მუშაობა ვერ ჩაითვლება ნამსახურობის წლებში, ვინაიდან არ დასტურდება ამავე პერიოდში მისთვის წოდების მინიჭება. არ წარმოდგენილა წოდების მინიჭების შესახებ ბრძანება ან წოდების მინიჭების დადასტურება იუსტიციის სამინისტროს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება სადავო პერიოდში წოდების მინიჭება. საქმეში დაცული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 დაწესებულების დირექტორის 2000 წლის ოქტომბრის თარიღის მიმართვით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარისადმი მოთხოვნილია იუსტიციის კაპიტნის წოდების მქონე ს. რ-ისათვის იუსტიციის მაიორის წოდების მინიჭების შესახებ მიმართვა (ს.ფ.84), ს. რ-ის სახელზე შედგენილი „სამსახურის გავლის ნუსხის“ თანახმად ს. რ-ს მინიჭებული ჰქონდა იუსტიციის კაპიტანის წოდება, ხოლო შემდგომში მიენიჭა იუსტიციის მაიორის წოდება (ს.ფ.60). სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 დაწესებულების ბუღალტერიის მიერ გაცემული ხელფასის დარიცხვის ცხრილით დასტურდება, რომ ს. რ-ი სადავო პერიოდში - 2000 წლის მარტიდან 2000 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით იღებდა წოდების შესაბამის დანამატს (ს.ფ.87). სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 06.08.2014წ. №1516136 ბრანების თანახმად ს. რ-ი თანამდებობიდან განთავისუფლდა პოლიციის მაიორის წოდებით (ს.ფ.16). ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო პერიოდში ს. რ-ის მინიჭებული ჰქონდა სამხედრო წოდება.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოთა მოსამსახურეებისათვის 2000 წლის 1 იანვრამდე მინიჭებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წოდებათა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში დაწესებულ სპეციალურ წოდებებთან შესაბამისობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 20.03.2000 წლის №99 ბრძანებულებით დადგენილია პოლიციის კაპიტანის, პოლიციის მაიორისა და იუსტიციის კაპიტანის, იუსტიციის მაიორის წოდებათა გათანაბრება.
კასატორის მოსაზრება ს. რ-ის მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ იმ მოტივით, რომ მის მიერ არ წარდგენილა წოდების მინიჭების შესახებ ბრძანება ან წოდების მინიჭების დადასტურება იუსტიციის სამინისტროს მიერ დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში დაცული მტკიცებულებების გათვალისწინებით წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ან წოდების მინიჭების დადასტურების წარუდგენლობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო ს. რ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა მიჩნეული, რომ ს. რ-ის მოთხოვნა და წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონის მე-16 მუხლის პირობებს, რის გამოც სადავო პერიოდი მის ნამსახურებ წლებში ჩათვლას ექვემდებარებოდა და კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უნდა დავალებოდა ნამსახურობის ნუსხის გაცემა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი