Facebook Twitter

საქმე №ბს-789-789(2კ-18) 18 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - მ. ა-ი, ი. ა-ი (მოსარჩელეები)

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი - მ. ხ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 5 ოქტომბერს მ. ა-მა და ი. ა-მა სარჩელი აღძრეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, მესამე პირის - მ. ხ-ის მიმართ. მოსარჩელეებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 2010 წლის 22 ივნისის №428 ოქმის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 27 აპრილის რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 7 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ა-ის და ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 27 აპრილის №... გადაწყვეტილება, ძალაში შესვლის დღიდან, მ. ა-ისა და ი. ა-ის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 7 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შესვლის დღიდან და 2010 წლის 22 ივნისის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №428 ოქმი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ხ-მა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და ასევე მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 26 აპრილის მიმართვის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს მოეთხოვა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე მარნეულის რაიონი სოფ. ... .

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ხ-ისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ა-ისა და ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 26 აპრილის მიმართვა, მოსარჩელეთა მიწის გადაფარვის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 27 აპრილის №... გადაწყვეტილება მ. ა-ის და ი. ა-ის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 7 ივლისის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2010 წლის 22 ივნისს გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №428 ოქმი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ხ-მა და სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორმა - მ. ხ-მა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეებისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საპროცესო მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არაა თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. კასატორი აცხადებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2010 წლის 22 ივნისს გამოცემული, მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N428 ოქმის ბათილად ცნობა, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 26 აპრილის მიმართვის ბათილად ცნობა. შესაბამისად, მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვა და შემდგომში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა განხორციელდა არა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული აქტებით, არამედ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ცალსახაა, რომ მოსარჩელემ სააგენტოს სახით არასწორად მიუთითა მოპასუხე. სასამართლოს უნდა შეეცვალა სააგენტო სათანადო მოპასუხით მოსარჩელეების თანხმობით, ხოლო თუ თანახმა არ იქნებოდნენ, უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის N1-1/1742 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის N1-1/24 ბრძანება ანუ ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოები. შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნა ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო. ლიკვიდაცია განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ და ამავე დროს, სამხარეო ტერიტორიული ორგანოები შედიოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში. ამდენად, მისი უფლებამონაცვლე ცალსახად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა და არა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

კასატორის მოსაზრებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 2012 წლის 17 სექტემბრიდან სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, შესაბამისად, უდავოა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო შეიქმნა 2012 წლის 17 სექტემბრიდან და მის შექმნამდე დაკავშირებულ საქმეებზე სააგენტო ვერ იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მისი სამხარეო სამმართველოს უფლებამონაცვლე. კასატორის მოსაზრებით მოპასუხე მხარის არასწორად განსაზღვრამ გამოიწვია ის, რომ სათანადო მოპასუხეს არ მიეცა შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინებით მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეებს 2002 წლის 6 სექტემბრიდან სისტემური რეგისტრაციის შედეგად მარნეულის რაიონის სოფელ …ში საკუთრებაში ერიცხებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული ნაკვეთები მოექცა 2010 წლის 26 აპრილის მიმართვის საფუძველზე სახელმწიფოზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში და განხორციელდა პრივატიზაცია. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო ქონება არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ იყო უფლებამოსილი 2010 წლის 26 აპრილის მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტაცია განეხორციელებინა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანო არ იყო უფლებამოსილი ობიექტი მოემზადებინა საპრივატიზაციოთ და მოეხდინა მისი გასხვისება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას უკავშირებს საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, რაც გამოიხატა სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობით, რადგან კასატორის მოსაზრებით სარჩელზე მოპასუხედ დასახელებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სადავო აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს უფლებამონაცვლეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში დასმულ სამართლებრივ პრობლემაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, სამართლის სუბიექტის ლიკვიდაცია არის მისი არსებობის, საქმიანობის, ფუნქციონირების შეწყვეტის სამართლებრივი ფორმა, საშუალება. ვალდებულებაში პირთა შეცვლის დროს იცვლება სუბიექტური შემადგენლობა, ხოლო სისტემური კავშირი უფლებამოსილებასა და ვალდებულებას შორის ნარჩუნდება. ადმინისტრაციული ორგანოები ახორციელებენ სახელმწიფო მმართველობას დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. ინოვაციის შედეგად ორგანოს გაუქმების მიუხედავად სახელმწიფო ინარჩუნებს სახელმწიფო ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებლობას. სახელმწიფო ორგანოთა შექმნა, მათ შორის ფუნქციების განაწილება, წარმოადგენს ხელისუფლების დისკრეციის სფეროს, ორგანოთა გაუქმება, ინოვაციური სიახლეები არ იწვევენ სახელმწიფო ფუნქციების და ამოცანების მთლიანად გაუქმებას, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ლიკვიდაცია არ იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების გაუქმებას (სუს. გ. საქმე Nბს-1490-1472(კ-11) 30.05.2012წ.). მმართველობის სისტემის ერთიანობის გამო, სააგენტოს დაფუძნება მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ორგანომ განკარგა სადავო ქონება, არ არის უფლებამონაცვლეობის გამომრიცხავი გარემოება, გადამწყვეტი მნიშვნელობა ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამონაცვლეობისათვის აქვს ორგანოს ფუნქციონალურ დატვირთვას, უფლებამოსილებას (სუს. გ. საქმე №ბს-240-236(კს-15) 28.04.16წ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოების ლიკვიდაციის შემდგომ მათი უფლებამონაცვლე კანონმდებლობით არ დადგენილა, თუმცა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში 2012 წლის 5 ივნისის №6377 კანონით შეტანილი ცვლილების შედეგად, რომელიც 2012 წლის 17 სექტემბრიდან ამოქმედდა, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებით შეიქმნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცდა „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ დებულება, რომლის მიხედვით სააგენტო დამოუკიდებლად გამოდის სასამართლოში (1.4 მუხ.).

ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის პირობებში კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 70-ე, 374-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე