საქმე №ბს-782-782 (2კ-18) 18 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე); 2. ი. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. მ-ემ 2016 წლის 12 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოთხოვნის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 21 ივლისის N20/2016 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ი. მ-ისათვის 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) დანიშვნის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი. მ-ისთვის 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) ანაზღაურების და 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 21 ივლისის №20/2016 გადაწყვეტილება, ი. მ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ი. მ-ეს 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა; მოსარჩელის - ი. მ-ის მოთხოვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მის სასარგებლოდ 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. მ-ემ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ი. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. მ-ემ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორმა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა - ი. მ-ემ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა იმავე გარემოებებზე მითითებით, რომლებზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ი. მ-ის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ი. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ ი. მ-ემ 2016 წლის 20 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებას და მოითხოვა მისთვის პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 21 ივლისის N20/2016 გადაწყვეტილებით ი. მ-ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე, ვინაიდან იგი ეწეოდა საჯარო საქმიანობას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქალაქო ცენტრის 2016 წლის 25 ივლისის N04-00-დ/31928 წერილით ი. მ-ეს ეცნობა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრი „დელტა“ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რის გამოც სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის უფლებას ი. მ-ე ვერ მოიპოვებდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ახორციელებდა თუ არა ი. მ-ე საჯარო საქმიანობას და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ წარმოადგენს თუ არა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამავე საკითხზე მიღებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის №ბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილება, რომლითაც სამართლებრივი შეფასება მიეცა განსახილველი დავის იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებს და მიჩნეულ იქნა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებით, თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებითა და სახელწოდებით უდასტურდება საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი. აღნიშნული გარემოება ადასტურებს კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მითითების უმართებულობას იმის თაობაზე, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ საქმიანობა გამორიცხავს მოსარჩლის მიერ პარალელურად სახელმწიფო პენსიის მიღებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის, მამაკაცებისათვის-65 წლის ასაკის მიღწევა. ი. მ-ე დაიბადა 1947 წლის 18 დეკემბერს, შესაბამისად ის არის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტი. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. ი. მ-ე 2010 წლის 24 სექტემბრიდან მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ ძირითადი წარმოების დეპარტამენტის ნამზადისა და სატვიფრო საწარმოს ზეინკლის თანამდებობაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კასატორ ი. მ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც ძალაშია გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს - ი. მ-ეს 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის უფლება და აღნიშნული მას არ გაუსაჩივრებია, უსაფუძვლოა მოპასუხისთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსიის დაკისრება. პენსიის აღდგენისა და ასევე გასული პერიოდისთვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში პენსიის შეწყვეტა თავისი არსით შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პენსიის შეჩერებად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის Nბს-77-75 (კ-15) გადაწყვეტილება). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 21 ივლისის N20/2016 გადაწყვეტილება ი. მ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე. ი. მ-ეს არ გაუსაჩივრებია ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის მიღება.
განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება და არც კასატორი ი. მ-ე უარყოფს, რომ მან 2016 წლის 20 ივლისამდე პენსიის შეწყვეტა ანუ მისი უფლებების ხელყოფის ფაქტი რაიმე ფორმით სადავოდ გახადა ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში. ამდენად, უმართებულოა კასატორ ი. მ-ის პრეტენზია პენსიის შეწყვეტისა და 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე პენსიის გაუცემლობაზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე წარდგენილ უნდა იქნეს მისი გამოცემიდან 1 თვის ვადაში. აქტის კანონით განსაზღვრულ ვადაში გამოუცემლობა, ისევე როგორც აქტის გამოცემაზე უარი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, საჩივრდება საერთო წესით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პენსიის მისაღებად საკმარისი არ არის მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევა, კანონმდებლობით გათვალისწინებულია გარკვეული წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში პირის განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე. პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტის შედეგების აღმოფხვრა საჭიროებდა პენსიის შეწყვეტის გასაჩივრებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. პენსიის შეწყვეტის შემდეგ ხდება არა პენსიის განახლება, არამედ ხელახალი დანიშვნა. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება მოცემულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას ( სუს. გ. საქმე Nბს-481-478 (2კ-17) 20.07.2017წ.).
ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის პირობებში კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ი. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე