Facebook Twitter

54-კოლ 19 ივნისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),

ზ. მეიშვილი,

ი. ტყეშელაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ტ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 10 მარტის განაჩენზე, რომლითაც ზ. ც-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 10 მარტის განაჩენით ზ. ც-ლს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ამავე განაჩენით ჯ. ც-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ზ. და ჯ. ც-ები სასჯელს იხდიან 2004 წლის 21 ივნისიდან.

განაჩენით ჯ. და ზ. ც-ებს მსჯავრი დაედოთ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის, ზ. ც-ლს კი ასევე _ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გასაღებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

ახმეტის რაიონის სოფ. --- მცხოვრებმა ზ. ც-მა, ჰქონდა რა სხვა პირთან ერთად ჩამოყალიბებული ორგანიზებული ჯგუფი და ხელმძღვანელობდა მას, 2004 წლის ივნისში გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 52,22 გრამი ნარკოტიკული საშუალება „---». აღნიშნული ნივთიერებიდან 6,7 გრამი მან შეინახა თავისი სპორტული ქურთუკის სარჩულსა და მარჯვენა ფეხის წინდაში, ნაწილი _ 35,02 გრამი _ უკანონოდ შეინახა თავის საცხოვრებელ ბინაში, ახმეტის რაიონის სოფ. ---, ხოლო დარჩენილი ნაწილი _ 10,5 გრამი _ უკანონოდ შეინახა ორგანიზებული ჯგუფის წევრის საცხოვრებელ სახლში.

ზ. ც-მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში ასევე უკანონოდ შეიძინა „АКМ»-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ---, ერთი მჭიდითა და 13 საბრძოლო ვაზნით და „მაკაროვის» სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდითა და 8 საბრძოლო ვაზნით, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში ზემოაღნიშნულ მისამართზე.

2004 წლის 21 ივნისს ზ. ც-ლი სხვა პირთან ერთად დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელ ნ. ც-ლს, რომელიც შესაბამისი ლეგენდირებით იყო შეყვანილი დანაშაულებრივ ჯგუფში და უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება, 15 გრამი „---», ახმეტის რაიონის სოფ. --- ტერიტორიაზე, თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, წინასწარი შეთანხმებით, 680 ლარად უკანონოდ გაასაღა მასზე.

იმავე დღეს ზ. ც-ლი ახმეტის რაიონის სოფ. --- შეაჩერეს სუს კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მას სპორტული ქურთუკის სარჩულსა და მარჯვენა ფეხის წინდაში აღმოაჩნდა 6,7 გრამი ნარკოტიკული საშუალება „---», ხოლო საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდა 20,02 გრამი „---» და „აკმ-ის» სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ---, ერთი მჭიდითა და 13 საბრძოლო ვაზნით, „მაკაროვის» სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ---, ერთი მჭიდითა და რვა საბრძოლო ვაზნით. ამასთანავე, ზ. ც-ის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა 10,5 გრამი ნარკოტიკული საშუალება „-».

ახმეტის რაიონის სოფ. --- მცხოვრებმა ჯ. ც-მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა „АКС»-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ---, ერთი მჭიდითა და 24 საბრძოლო ვაზნით, შავი ფერის უცხოური წარმოების პისტოლეტი ---, ერთი მჭიდით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 29 ერთეული საბრძოლო ვაზნა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში და რომლებიც მისი ბინის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.

განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ც-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ტ-ამ. საკასაციო საჩივრით იგი ითხოვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ზ. ც-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, ხოლო 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ სასჯელის დანიშვნას, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ტ-ამ აღნიშნა, რომ ადგილი აქვს დანაშაულის პროვოცირებას, ზ. ც-ლს არ შეუქმნია ორგანიზებულ დანაშაულთა ჯგუფი, ყალბია ჩხრეკისა და ამოღების ოქმები, დარღვეულია ნივთმტკიცების შენახვისა და დალუქვის პროცედურა, გაყალბებულია დამსწრეთა ხელმოწერები, ურთიერთსაწინააღმდეგოა მოწმეთა ჩვენებები და საბრალდებო დასკვნა ეყრდნობა კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. აქედან გამომდინარე, ვ. ტ-ამ ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ზ. ც-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა, ხოლო 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ სასჯელის შემსუბუქება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა. კ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს, მან აღნიშნა, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და საზოგადოებრივი საშიშროება არ იძლევა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისა და სასჯელის შემსუბუქების საშუალებას და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 10 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ ზ. ც-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. ტ-ას მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის, ხოლო 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ სასჯელის შემცირების შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ვ. ფ-ის, ლ. ა-ის, ნ. ა-სა და სხვათა ჩვენებებით, 2004 წლის 9 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ზ. ც-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, 2004 წლის 6, 9, 29 ივნისის ექსპერტიზების დასკვნებით, სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია ზ. ც-ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გასაღება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტი.

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ, გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის პიროვნება, ის, რომ იგი ხასიათდება დადებითად, ჰყავს შვიდი შვილი, მათ შორის _ ექვსი არასრულწლოვანი, სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას.

ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 10 მარტის განაჩენი, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის საფუძველზე, სარევიზიო წესით, პალატამ გადასინჯა რა განაჩენი მსჯავრდებულ ჯ. ც-ის მიმართ, რომლის ქმედებაც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით და რომელსაც სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის განაჩენი ჯ. ც-ის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 567-ე, 568-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ტ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 10 მარტის განაჩენი ზ. ც-სა და ჯ. ც-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.