საქმე Nბს-945(კ-18) 30 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. თ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. თ-ემ 2016 წლის 19 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შედეგად საბოლოოდ ქ. თბილისის მერიის 2016 წლის 10 ივნისის N1-979 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება მოითხოვა.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინებით დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 10 ივნისის N1-979 ბრძანება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა მ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც სრულად იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 10 ივნისის N1-979 ბრძანება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მ. თ-ეს გზავნილი გაეგზავნა არასწორ მისამართზე და გზავნილი არ ჩაბარებია. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ იზიარებს ზემოაღნიშნულ გარემოებას და განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს საჩივარს თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ მ. თ-ეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის 2015 წლის 10 მარტის N124 ბრძანება გაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის 2015 წლის 13 მარტის ... გზავნილით მის საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისში ... N1, ბინა 37-ში. აღნიშნული გზავნილი მოსარჩელეს ჩაბარდა 2015 წლის 17 მარტს მის საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისში, ..., ბინა N37, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შპს „...ის“ 2016 წლის 29 მარტს წერილით (POST ...). ამდენად დადგენილია, რომ მ. თ-ე პირადად ჩაბარების გზით გაეცნო ბრძანებას 2015 წლის 17 მარტს და ამავე თარიღიდან დაიწყო გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის ათვლაც. მ. თ-ემ ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივარი შეიტანა 2016 წლის 7 მარტს, რითაც დაარღვია გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მოსარჩელის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე მ. თ-ის წარმომადგენელმა დაადასტურა გასაჩივრებული ბრძანების ჩაბარების და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გაშვება.
კასატორი ასევე არ ეთანხმება ქ. თბილისის მუნციციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას მ. თ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით საპატიოდ გაშვებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ მ. თ-ის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის 23 თებერვლის N2497 და 2014 წლის N271 ცნობები ეხება სადავო აქტის გამოცემადე არსებულ პერიოდს, ხოლო 2016 წლის 2 მარტის N387 ცნობა ეხება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი ვადის ერთთვიანი ვადის გასვლის შემდგომ პერიოდს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ელექტრონული დოკუმენტბრუნვიდან ამოღებული დოკუმენტები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის 2015 წლის 10 მარტის N124 ბრძანების ჩაბარებიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენამდე არაერთი განცხადება იქნა წარდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელიც ეხებოდა სადავოდ გამხდარ საკითხს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგებლის 2015 წლის 10 მარტის №124 ბრძანების მ. თ-ისათვის კანონით დადგენილი წესით ცნობების საკითხი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგებლის 2015 წლის 10 მარტის №124 ბრძანების მ. თ-ისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის ფაქტს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე