გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 296-აპ 23 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),
ზ. მეიშვილი,
დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. ტ-სა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 იანვრის განაჩენით მსჯავრდებული ა. მ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სსკ-ის 41-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა _ 300 დღიური ანაზღაურების, დღეში 10 ლარის ოდენობით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენის მიხედვით, ა. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ბოლნისის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრებმა ა. მ-მა, რომელიც არის საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით რეგულარულად მოძრავი სამგზავრო ავტობუსის მძღოლი, განიზრახა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა საბაჟო კონტროლისაგან მალულად და დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით.
თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან 2005 წლის აგვისტოში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის ავტო-სატრანსპორტო საშუალებათა სათადარიგო ნაწილები. მან მითითებული საქონელი საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოსატანად განათავსა მისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის» მარკის, ავტობუსის როგორც სალონის იატაკის ქვეშ, ასევე ამავე სალონის სავენტილაციო სათავსში მოწყობილ სამალავებში, რის შემდეგაც ა/მანქანით გამოემართა საქართველოს მიმართულებით.
2005 წლის 8 აგვისტოს ა. მ-მა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადმოკვეთა ---ის სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო კონტროლის გავლის დროს საბაჟო „---ის» საბაჟო გამშვები პუნქტის _ „---ის» მებაჟეებს წარუდგინა ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია, სადაც შეიტანა მონაცემები და მიუთითა, რომ, თითქოს მას ხელბარგის გარდა სხვა რაიმე ნივთები, რომლებიც ექვემდებარებოდა დეკლარირებას და, შესაბამისად, განბაჟებას, არ გააჩნდა.
მას შემდეგ, რაც საბაჟო „აღმოსავლეთის» საბაჟო გამშვები პუნქტის _ „---ის» მებაჟეებმა საბაჟო კონტროლის მიზნით შეამოწმეს ა. მ-ის მართვის ქვეშ მყოფი «მერსედესის» მარკის ავტობუსი, ამ უკანასკნელს სალონის იატაკის ქვეშ და სალონის სავენტილაციო სათავსში მოწყობილ სამალავებში აღმოჩენილი და შემდგომში ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სათადარიგო ნაწილები, რომელთა საბაზრო საცალო სარეალიზაციო ღირებულება შეადგენს 6502 ლარს, საბაჟო ღირებულება _ 3135 ლარს, ხოლო საბაჟო მოსაკრებელი და გადასახადი _ 1074 ლარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის განაჩენით რაიონული სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში შეიცვალა, კერძოდ: ა. მ-ის მიმართ გაუქმდა პირობითი მსჯავრი. მას მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; ა/მანქანა «მერსედეს-ბენცის» ჩამორთმევა გაუქმდა; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ნ. ტ-ემ და ნ. კ-ემ. საკასაციო საჩივრით ისინი ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებებით, ამოღების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნით მსჯავრდებულ ა. მ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ა. მ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი და ისე დაუნიშნა სასჯელი, პალატა არ ეთანხმება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, ა. მ-ვს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლის შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, ა. მ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული მისი ეჭვმიტანილის სახით დაკავების ვადა, რაც უნდა გამოასწოროს საკასაციო პალატამ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. მ-ვს პატიმრობის ვადაში უნდა ჩაეთვალოს მისი ეჭვმიტანილის სახით დაკავების ვადა _ 2005 წლის 8 აგვისტოდან 10 აგვისტომდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ მას პატიმრობის ვადაში ჩაეთვალოს ეჭვმიტანილის სახით დაკავების ვადა _ 2005 წლის 8 აგვისტოდან 10 აგვისტომდე.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.