საქმე №ბს-953(2კ-18) 27 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მესამე პირი); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ო-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ო-მა 2017 წლის 24 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს 2017 წლის 30 მარტის N61-01170894235 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ფართობის შემცირებით კორექტირების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 მარტის N61-01170894235 გადაწყვეტილება; მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც განხორციელდება N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირებით კორექტირება (არაუმეტეს 250 კვ.მ) მოსარჩელე ზ. ო-ის წარდგენილი განცხადების შესაბამისად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 მარტის N6101170894235 გადაწყვეტილება და სააგენტოს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ახალი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას არ უნდა დაევალებინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურისთვის გადაეწყვიტა ზ. ო-ის მიერ თბილისის ორჯონიკიძის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 14 დეკემბრის N... გადაწყვეტილების შესრულების ფაქტი. კასატორი აღნიშნავს, რომ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს დებულების დამტკიცების შესახებ“ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N14-25 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მერიის სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი. ამავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდება მერიის მთელ სისტემაზე, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის სამეწარმეო იურიდიულ პირებზე. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს მერიის სისტემასა და თბილისის მუნიციპალიტეტის სამეწარმეო იურიდიულ პირებში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა განსახილველი საკითხის კვლევა.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, რომ მოპასუხე მხარე მოცემულ დავაში უნდა ყოფილიყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ვინაიდან „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის დებულების“ (დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 10 ივნისის N23.21.705 განკარგულებით) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით, კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე მზადდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების პროექტი და წარედგინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას სხდომაზე განსახილველად. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების რეგისტრაციის პროცედურების გატარების საფუძველს. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წერილი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. მოცემულ საქმეში დავის საგანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 მარტის №61-01170894235 გადაწყვეტილება, რომლითაც №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირებით კორექტირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას იმის შესახებ, რომ სადავო პერიოდში მოქმედი (ძალადაკარგულია 22.02.2018წ.) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილების მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციაა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (როგორც ფართობის შემცირებით, ასევე ფართობის უცვლელად), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი: ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ.ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; ბ.გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; ბ.დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა. აღნიშნული დადგენილების მე-7 მუხლით დადგენილია სააგენტოს სამსახურის უფლება - მოვალეობები, რომელთა შორის არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით). ამასთან, მოქმედი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილების მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასევე გაწერილია სააგენტოს ფუნქციები, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირებას (ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი.
ზემოაღნიშნული დადგენილების მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილების უფლებამოსილებას განეკუთვნება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება ან უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება ფართობის შემცირებით. ამდენად, უძრავი ქონების საზღვრის ცვლილება-კორექტირების მოთხოვნით სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროცედურა შემდეგია: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება - კორექტირების საკითხების განმხილველი კომისია სწავლობს საკითხს და რეკომენდაციისათვის სავალდებულოდ მიმართავს ქ. თბილისის მთავრობას; მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე კომისია არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება კორექტირების თაობაზე; თავის მხრივ, მთავრობას უფლება აქვს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხის შესწავლა დაავალოს თავის რომელიმე სტრუქტურულ ერთეულს და მის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაუგზავნოს სააგენტოს და სააგენტო მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე წყვეტს საკითხს.
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება - კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 10 ივნისის №23.21.705 განკარგულებით სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში შეიქმნა - კომისია, რომელიც აღნიშნული განკარგულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის თანახმად, კომპეტენციის ფარგლებში იხილავს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება - კორექტირების შესახებ (როგორც ფართობის შემცირებით, ასევე ფართობის უცვლელად) დაინტერესებული პირის/პირთა განცხადებებს, შესაბამისი/სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №3/5807-15) საფუძველზე, საკითხი 2016 წლის 28 სექტემბერს განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველმა კომისიამ მისთვის კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და 2016 წლის 28 სექტემბრის სხდომის №19 ოქმით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული რეკომენდაციით მიემართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირებით კორექტირების საკითხის განხილვის მიზნით.
სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, რომელმაც მისი შესწავლა დაავალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს. აღნიშნული სამსახურის მოსაზრებით, დაინტერესებაში არსებული 250 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძვლად განმცხადებლის მიერ მითითებულია თბილისის ორჯონიკიძის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 14 დეკემბრის N... გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოქალაქე ზ. ო-ს დაერთო ნება აეშენებინა N52 ინდივიდუალური ბინა ხუთ სულზე (თვითონ, მეუღლე და სამი შვილი) იმ პირობით, რომ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყებამდე, წინასწარ უზრუნველყოფდა მის სახელზე რიცხული ოროთახიანი ბინის (ქ. თბილისში, ... მ/რ, 21-ე კორპუსში მდებარე ბინა N99) ჩაბარებას. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1989 წლის 11 დეკემბრის N825 ბრძანებით შეთანხმდა სამშენებლო პროექტი 250 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ... მ/რ, 21-ე კორპუსში მდებარე ბინა N99, რომელშიც იმ დროისთვის ჩაწერილი იყო მოქალაქე ზ. ო-ი და რომლის დაბრუნებაც უნდა განხორციელებულიყო მშენებლობის დაწყებამდე, 1992 წლის 22 აპრილის პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაეცა მის მეუღლეს, ნატალია ჩიქვილაძეს, რომლის საკუთრებაშიც დღემდე რჩება აღნიშნული უძრავი ქონება.
თბილისის ორჯონიკიძის სახალხო დეპუტატთა რაიონულ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის N... გადაწყვეტილება, ზ. ო-ის ოჯახისთვის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიზნით 250 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ ერთმნიშვნელოვნად ითვალისწინებდა მშენებლობის დაწყებამდე მასზე რიცხული ოროთახიანი ბინის წინასწარ ჩაბარებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, ოჯახის საკუთრებად ოროთახიანი ბინის დატოვებით და მეორე მხრივ, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის 250 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოთხოვნით განმცხადებლის მიერ დარღვეულად მიიჩნია თბილისის ორჯონიკიძის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 14 დეკემბრის ... გადაწყვეტილების ძირითადი პირობა, რის გამოც, ზ. ო-ის მოთხოვნა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირებით კორექტირების თაობაზე შემდგომში 250 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით, მიიჩნია საფუძველს მოკლებულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 29 მარტის №13-01170881 გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების შემცირებით კორექტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად მხარის მიერ სადავოდ ქცეულ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 30 მარტის №61-01170894235 წერილს.
მოცემულ შემთხვევაში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა, ნაცვლად იმისა, რომ თავისი დასკვნა გადაეგზავნა უფლებამოსილი ორგანოსთვის - მთავრობისათვის, დასკვნა გადაუგზავნა პირდაპირ სააგენტოს, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების საფუძველზე მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შემცირება-კორექტირების თაობაზე. ამდენად, სააგენტომ გადაწყვეტილება (სადავო აქტი) მიიღო მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, რომელიც სავალდებულო იყო მისთვის, თანახმად სადავო პერიოდში მოქმედი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებისა, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციაა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით); იგივე ჩანაწერი არსებობს ამავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტშიც.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატა მიუთითებს იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. სადავო შემთხვევაში თბილისის მთავრობა წარმოადგენს საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ორგანოს და სააგენტო უნდა დაეყრდნოს სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს არ მოუპოვებია ამგვარი გადაწყვეტილება, მან თავისი აქტი დააყრდნო არა ამ გადაწყვეტილებას, არამედ ქ. თბილისის მერიის მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მერიის სტრუქტურული ერთეულია, ვერ შეითავსებს მის ფუნქციებს და მისი დასკვნა ვერ შეცვლის თბილისის მთავრობის აქტს. ამდენად, რადგან ზ. ო-ის მოთხოვნაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილი პროცედურის დაცვით უფლებამოსილი ორგანოს მიერ, სასამართლოს მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში არ გააჩნია შესაძლებლობა იმსჯელოს სადავო მიწის ნაკვეთზე ზ. ო-ის უფლების არსებობაზე ან უფლების გამომრიცხავ გარემოებებზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას და კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/ნ 205296375) დაუბრუნდეს 29.08.2018წ. №02294 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე