#ბს-1267(კ-18) 17 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 4 მარტს ვ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ ზ. ბ-ას გასაუბრების (კონკურსის მე-2 ეტაპის) დაშვების გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, ზ. ბ-ასა და მოსარჩელის მიმართ სპეციალიზებული კომისიის 2016 წლის 26 იანვრის სხდომაზე კომისიის წევრების შეფასებების, სპეციალიზებული კომისიის 2016 წლის 26 იანვრის სხდომის ოქმი/საოქმო გადაწყვეტილების, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2016 წლის 1 თებერვლის #77 ბრძანების, ვ. გ-ის მიმართ სპეციალიზებული კომისიის 2016 წლის 2 თებერვლის შეტყობინებისა და საპრეტენზიო კომისიის 2016 წლის 17 თებერვლის ოქმი/საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ... ვაკანტური თანამდებობის (ვაკანსია #34730) დასაკავებლად 2015 წლის 10 დეკემბრის გამოცხადებულ კონკურსში. კონკურსში მასთან ერთად მონაწილეობდა მითითებულ თანამდებობაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებელი - ზ. ბ-ა, რომელიც სპეციალიზირებული კომისიის 2016 წლის 26 იანვრის ოქმის მიხედვით, კონკურსის გამარჯვებულ კანდიდატად დასახელდა.
მოსარჩელის მითითებით, ზ. ბ-ას მიმართ საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონკურსის ჩატარებისათვის დადგენილი კანონმდებლობის დარღვევისა და საკონკურსო კომისიის საქმიანობის კანონშეუსაბამო საქმიანობის შედეგია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. ბ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, ვ. გ-მა ვერ დაასაბუთა, რატომ არ უნდა გადასულიყო ზ. ბ-ა გასაუბრების ეტაპზე, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც თავადაც გადავიდა აღნიშნულ ეტაპზე და რეალურად მათ შორის არჩევანი გაკეთდა არა პირველი ეტაპის, არამედ მეორე ეტაპის შედეგების გათვალისწინებით.
სასამართლომ მიუთითა სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე, ამავე მუხლის მე-9 პუნქტზე და აღნიშნა, რომ მოცემულ სამართლებრივ ნორმაში მითითებულია, რომ პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს, მხოლოდ, წერილობითი ფორმით, კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან - წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან - გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან ვ. გ-ს სპეციალიზებული კომისიის მიერ 2016 წლის 26 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობა 2016 წლის 2 თებერვალს, მან კი აღნიშნული სადავოდ გახადა ნაცვლად ორი სამუშაო დღისა 2016 წლის 12 თებერვალს, ამიტომ მის მიერ გაშვებულ იქნა კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენის ვადა, რის გამოც მისი 2016 წლის 12 თებერვლის პრეტენზია (განცხადება) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კანონიერად იქნა განუხილველად დატოვებული.
სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან მოსარჩელეს სათანადო წესით არ გაუსაჩივრებია კონკურსის შედეგები, იგი კანონიერ ძალაშია შესული; შესაბამისად, სასამართლომ კანონიერად მიიჩნია სადავოდ ქცეული, კონკურსთან დაკავშირებით განხორციელებული სხვა ქმედებები და გამოცემული აქტებიც, რომლებიც, სამართლებრივი ბუნებით, შუალედურ გადაწყვეტილებებს წარმოადგენს და საბოლოოდ მათი განხორციელება კონკურსზე გადაწყვეტილების მიღების მიზანს უკავშირდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #412 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი და საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის ვადის ათვლა დაიწყო არა სპეციალიზებული კომისიის 26.01.2016წ. ოქმის ჩაბარებიდან, არამედ ელექტრონულ ფოსტაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვისა და სამსახურის მიერ გამოგზავნილი შეტყობინების მიღების დღიდან. კასატორი აღნიშნავს, რომ მან პრეტენზია წარადგინა კანონიერ ვადაში - 12.02.2016წ.
კასატორის მოსაზრებით, თუკი 02.02.2016წ. შეტყობინება არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, აღნიშნული არც მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #412 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტში მითითებულ „გადაწყვეტილებად“ უნდა ჩაითვალოს.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 26.01.2016წ. #0269 ბრძანებას ხელი მოეწერა 26.01.2016 წლის 10:52 საათზე.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ ასევე არ შეაფასა, რომ კონკურსში გამარჯვებულის რეკომენდატორი კომისიის თავმჯდომარე იყო, ხოლო კომისიის სხვა წევრები (გარდა მოწვეული წევრებისა) - მასთან ხანგრძლივ შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სპეციალიზებული კომისიის 26.01.2016 წლის ოქმში მითითებული არ არის კონკურსანტებთან მიმდინარე გასაუბრების მიმდინარეობა. ოქმი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა არგუმენტაციითა და მეთოდოლოგიით დაწერეს ქულები კომისიის წევრებმა ან/და რაში გამოიხატა გამარჯვებულის უპირატესობა.
კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ დაირღვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან საქმეში არ ჩააბა სააპელაციო განხილვის დროს თავმჯდომარის ... თანამდებობაზე დანიშნული პირი - მ. ხ-ე, რომლის თაობაზეც სასამართლოს აცნობა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა განსახილველი დავა.
დადგენილია, რომ სპეციალიზებულმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 2016 წლის 26 იანვრის სხდომაზე (რომელსაც ესწრებოდა ყველა წევრი) აპლიკაციების გადარჩევის შედეგად, მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან ჩაატარა კონკურსის მე-2 ეტაპი - გასაუბრება. აღსანიშნავია, რომ გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 4 კანდიდატი, რომელთაგან ერთი კანდიდატი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე. სპეციალიზებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 26 იანვრის სხდომის ოქმით დგინდება, რომ კომისიის წევრების მიერ კანდიდატები შეფასდნენ პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, ხოლო ჯამური შეფასების ფორმის (ოქმის დანართი #1) თანახმად, კონკურსანტებმა დააგროვეს შემდეგი ქულები: 1) ზ. ბ-ა - 4,2; 2) ვ. გ-ი - 3,0; 3) ვ.გ. – 2,3. ასევე დადგენილი გარემოებაა, რომ კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება მაქსიმალური შეფასების მქონე კანდიდატის კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 1 თებერვლის #77 ბრძანებით, ზ. ბ-ა 2016 წლის 1 თებერვლიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ... თანამდებობაზე.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის მიერ 2016 წლის 2 თებერვალს ვ. გ-ს ელ-ფოსტის მეშვეობით ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ... კონკურში მისი კანდიდატურა არ იქნა შერჩეული მითითებულ თანამდებობაზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვ. გ-მა კონკურსის შედეგების გამოცხადების (გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით მიღების) დღესვე - 2016 წლის 2 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა განცხადებით და სხვადასხვა ინფორმაციასთან ერთად, საპრეტენზიო კომისიისათვის მიმართვის ვადებთან დაკავშირებით, საჯარო ინფორმაციის გაცემა მოითხოვა, რაზედაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმის წარმოების განყოფილების უფროსის - საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ვ. გ-ს 2016 წლის 10 თებერვლის #13193 წერილით პასუხად ეცნობა საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, დანართის სახით გაეგზავნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ... ვაკანტური პოზიციის დასაკავებელი კონკურსის ოქმი დეპერსონალიზირებული ფორმით და ჯამური შეფასების ფორმა, რომელშიც მითითებულია კონკურსის ეტაპები, კონკურსანტების შეფასება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების მიერ. ასევე, განმარტებულ იქნა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.
ვ. გ-მა 2016 წლის 12 თებერვალს #... და #... ელექტრონული განცხადებებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საპრეტენზიო კომისიას და სადავო გახადა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ... ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის 2016 წლის 26 იანვრის ოქმი, გამარჯვებული კანდიდატისა და მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების ნაწილში. საპრეტენზიო კომისიამ, ვ. გ-ის განცხადებებთან დაკავშირებით 2016 წლის 17 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება კი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონკურსო კომისიას, რომელმაც 2016 წლის 19 თებერვლის სხდომაზე გაითვალისწინა საპრეტენზიო კომისიის დასკვნა და ვ. გ-ის 2016 წლის 12 თებერვლის პრეტენზია (განცხადება) დატოვა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, კონკურსის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, შესაძლებელია შეიქმნას საპრეტენზიო კომისია. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კი, პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს, მხოლოდ, წერილობითი ფორმით, კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან - წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან - გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, როგორც საპრეტენზიო კომისია ასევე სააპელაციო სასამართლო ფორმალურად მიუდგა კონკურსის შედეგების გასაჩივრების მიზნით მხარის მიერ საპრეტენზიო კომისიისათვის მიმართვის ვადებს. მართალია, ვ. გ-ს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის მიერ 2016 წლის 2 თებერვალს ელ-ფოსტის მეშვეობით ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ... კონკურში მისი კანდიდატურა არ იქნა შერჩეული მითითებულ თანამდებობაზე, თუმცა აღნიშნულ შეტყობინებაში არ იქნა მითითებული გასაჩივრების წესსა და ვადაზე, აგრეთვე შეტყობინება არ შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად შეეძლო კონკურსში მონაწილე პირს შედეგების გასაჩივრება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო პროცედურულ ნაწილში არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოსა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ დარღვეულია პროცედურული საკითხები, თუმცა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებაზე მითითებას, რომ სადავო კონკურსის შედეგებით გამარჯვებულად გამოვლინდა საქმეში მესამე პირად ჩაბმული ზ. ბ-ა, რომელიც საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 ნოემბრის #1080 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2016 წლის 1 დეკემბრიდან. შესაბამიასდ, მოცემულ დავას არ გააჩნია პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო სასამართლო შედეგობრივად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საკითხის ამგვარ გადაწყვეტას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მონაწილეობა მიეღო ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი