საქმე ბ-1504-8(ა-18) 22 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა გ. ს-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.05.2008წ. №ბს-327-309(2კ-07) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ს-ი-ბ-ემ 04.03.2005წ. სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს მოპასუხეების: აჭარის ა/რ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შპს „... საავადმყოფოს“ და ფიზიკური პირების (სამედიცინო პერსონალის): ჯ. ქ-ის, ჯ. ნ-ის, ზ. ო-ის, მ. ქ-ის, ი. თ-ის, ი. შ-ის, ნ. გ-ის, ხ. ჩ-ის, ც. წ-ასა, მ. ხ-ის მიმართ და მიყენებული მატერიალური ზიანის, კერძოდ: წამლებისა და სამედიცინო მომსახურების საფასურის – 15 000 ლარის, დაკრძალვის ხარჯების – 5000 ლარის, სასაფლაოს ხარჯის – 5000 ლარის და მორალური ზიანის - 500000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 19.07.2005წ. განჩინებით საპროცესო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ბათუმის საქალაქო სამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30.09.2005წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20.01.2006წ. გადაწყვეტილებით გ. ს-ი-ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „... საავადმყოფოს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2756 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის და 6000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზრაურება, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ფიზიკური პირების - ჯ. ქ-ისა და სხვებისათვის, აგრეთვე აჭარის ა/რ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მატერიალური და მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხების დაკისრების ნაწილში უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ს-ი-ბ-ის და შპს „ ... საავადმყოფოს“ მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.07.2006წ. განჩინბით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2007წ. გადაწყვეტილებით გ. ს-ი-ბ-ის და შპს „ ... საავადმყოფოს“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20.01.2006წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ს-ი-ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს „... საავადმყოფოს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6 953 ლარის ოდენობით მატერიალური და 6000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება, გ. ს-ი-ბ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ფიზიკური პირების - ჯ. ქ-ისა და სხვათა (სულ 10 პირი), აგრეთვე აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის მატერიალური და მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „... საავადმყოფომ“ და გ. ს-ი-ბ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.05.2008წ. გადაწყვეტილებით გ.ს-ი-ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს ,,... საავადმყოფოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება გ. ს-ი-ბ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის (6000 ლარის) დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ს--ბ-ეს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
18.10.2018წ. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა გ. ს-მა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.05.2008წ. გადაწყვეტილების (სარეზოლუციო ნაწილის 1-4 პუნქტების) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და მოწინააღმდეგე მხარეებისთვის მორალური ზიანის - 500000 ლარის ანაზღაურების დაკისრება. განცმხადებელმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19.07.2018წ. N58240/08 გადაწყვეტილებით გ. ს-ი-ბ-ის საქმეზე დადგინდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის - სიცოცხლის უფლების დარღვევა, რადგან ეროვნული კანონმდებლობით გარდაცვლილის დედას არ მიეცა მორალური ზიანისათვის სათანადო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა. სასამართლომ დაადგინა, რომ ზოგიერთ ექიმს, რომლებიც აპლიკანტის შვილს მკურნალობდნენ არ გააჩნდათ სათანადო ლიცენზიები და სამედიცინო საქმიანობას ნებართვის გარეშე ახორციელებდნენ, რამაც წარმოშვა ხარვეზები პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას. სსკ-ის 423-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) არსებობისას, უკეთუ დადგინდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით. განმცხადებელი თვლის, რომ სწორად აღნიშნულ გარემოებებს აქვს განსახილველ შემთხვევაში ადგილი, რაც საქმის წარმოების განახლების საფუძველია. ამდენად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ უნდა განახლდეს საქმის წარმოება, საკასაციო პალატამ ხელახლა უნდა განიხილოს საქმე და მოწინააღმდეგე მხარეებს გ. ს-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მორალური ზიანის - 500 000 ლარის ანაზღაურება. ამასთანავე, საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს სსსკ-ის 4321 მუხლის საფუძველზე სახელმწიფოსათვის კომპენსაციის დაკისრების საკითხზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, გ. ს-ის განცხადების სამართლებრივ საფუძვლებს, ადამიანის უფლებათა ევოპული სასამართლოს 19.07.2018წ. N58240/08 გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს, კერძოდ, სსკ-ის 423-ე მუხლის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების და შეჯიბრებითობის პრინციპიდან (სსკ-ის მე-4 მუხ.) გამომდინარე, სათანადო მტკიცებულებების წარდგენა განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. სსკ-ის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში საქმის წარმოების განახლების ერთ-ერთ საფუძვლად დასახელებულია ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომლითაც დადგინდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ საკასაციო პალატაში წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19.07.2018წ. N58240/08 გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა საქართველოს მიერ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა, რადგან სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება პაციენტების დამცავი, სამედიცინო პერსონალის ლიცენზირებასთან დაკავშირებული რეგულირების ჩარჩოს ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ. ამასთანავე, ეროვნულმა სასამართლომ არ მიაკუთვნა მოსარჩელეს ადეკვატური კომპენსაცია მორალური ზიანის ანაზღაურების მიკუთვნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ეროვნულ კანონმდებლობაში სათანადო მოწესრიგების არარსებობის გამო, რაც არ შეესაბამება კონვენციის მე-2 მუხლის პრიცნიპრებს. საკანონმდებლო შეზღუდვამ მოსარჩელეს ჩამოართვა მისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალებით მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. გადაწყვეტილებაში აღინიშნა ასევე, რომ აპლიკანტს ევროპული სასამართლოსთვის არ მიუმართავს სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნით, რის გამო სასამართლომ არ იმსჯელა გ. ს-ისთვის რაიმე თანხის მიკუთვნების შესახებ, ამასთანავე, სასამართლომ მიუთითა, რომ კონვენციის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ეროვნული სამართლით შესაძლებელია სამოქალაქო სამართალწარმოების განახლების მოთხოვნა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის თანახმად, ევროკონვენციის მე-6 მუხლის მიზნებისთვის, ცნება „სამოქალაქო“ არ განიმარტება მხოლოდ მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნული სამართლის მიხედვით, აღნიშნული ცნება ავტონომიურია და მოიცავს ნებისმიერ სამართალწარმოებას, რომლის შედეგს განმსაზღვრელი ხასიათი აქვს კერძო უფლება-მოვალეობებისთვის (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 16.07.2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე „რინგეიზენი ავსტრიის წინააღმდეგ“ §94), შესაბამისად, გ. ს-ის სასარჩელო მთხოვნათა გათვალისწინებით, დავა კონვენციის მიზნებისთვის, მიიჩნევა სამოქალაქოდ. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 19.07.2018წ. გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ს-ის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.05.2008წ. გადაწყვეტილების (სარეზოლუციო ნაწილის 1-4 პუნქტების) გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საფუძვლიანია.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასკ-ის 342 მუხლის დანაწესი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით სასკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ, განსახილველ შემთხვევაში არ გამორიცხავს საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს 342 მუხლი დაემატა „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 04.05.2010წ. N3046-Iს კანონით. აღნიშნული დამატების ამოქმედების შემდეგ, 27.06.2014წ. საქართველოს სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილ იქნა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის რატიფიცირებაც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის 18.07.2014წ. 2495-რს დადგენილებით. ასოცირების შეთანხმებით საქართველომ იკისრა ვალდებულება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის საფუძველზე განავითაროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამართლებრივი თანამშრომლობა (13.3, 21.1 მუხ.). შეთანხმების 146-ე მუხლით დადგინდა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება უნდა განხორციელდეს თანმიმდევრული ეტაპების მიხედვით, რა დროსაც ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს ევროპის სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებებს (მე-2 პუნქტი). ასოცირების ერთ-ერთ მიზნად დასახელდა მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა (1.2 მუხ. „ფ“ ქვ.პ.). ასოცირების შესახებ შეთანხმების დებულებების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 08.02.2017წ. 258-IIს კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ საფუძვლად მიეთითა შემთხვევა, როდესაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (სასკ-ის 34.3 მუხ. „ვ“ ქვ.პ.). ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელწმიფომ იკისრა ვალდებულება ეროვნულ დონეზე მართლმსაჯულების განხორციელებისას (მათ შორის ადმინისტრაციულ საქმეებზე) გაეთვალისწინებინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სასკ-ის 342 მუხლით განსაზღვრული მოწესრიგება შესაძლოა მიზნად ისახავდეს ერთი მხრივ ერთი და იგივე ქმედებისათვის სახელმწიფოს ორჯერ პასუხისმგებლობის გამორიცხვას (უკეთუ დავის საგანია ზიანის ანაზღაურება), ხოლო მეორე მხრივ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების თანამდევი შედეგების სტაბილურობის, ორგანოს ქმედებების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფას (უკეთუ სახეზეა შეცილებითი ან მავალებელი სარჩელი). განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ გ. ს-ი-ბ-ის სასარჩელო მოთხოვნას არსებით დავაში შეადგენდა არა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ან ბათილად ცნობა, არამედ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება აჭარის ა/რ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, შპს „... საავადმყოფოსა“ და სამედიცინო პერსონალისათვის (მიკუთვნებითი სარჩელი). საკასაციო პალატის 14.05.2008წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გ. ს-ი-ბ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის (6000 ლარის) დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ს--ბ-ეს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გ. ს-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 18.10.2018წ. განცხადების წარდგენის მიზანია მოწინააღმდეგეთათვის მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის მიუღებლობის გამო კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დადგინდა ევროპულ სასამართლოში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფოს არ დაკისრებია მომჩივანის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა, რადგან აპლიკანტს ასეთი მოთხოვნა არ დაუყენებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასკ-ის 342 მუხლით განსაზღვრული მოწესრიგების მიზნისა და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19.07.2018წ. N58240/08 გადაწყვეტილებაში ასახულ მოსაზრებას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნულ დონეზე არსებობს საქმის წარმოების განახლების საკმარისი საფუძველი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას სსკ-ის 4321 მუხლზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა არ არის განსახილველ დავისათვის რელევანტური, რადგან ნორმით დადგენილია კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფოსათვის კომპენსაციის დაკისრების მიზნით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა. ამასთან, „კომიტეტში“ იგულისხმება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი, ბავშვის უფლებათა კომიტეტი, წამების წინააღმდეგ კომიტეტი ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (სსსკ-ის 423.1 მუხ. „თ“ ქვ.პ, სასკ-ის 2157.1 მუხ.) და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. გასათვალისწინებელია, რომ საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, საქმის წარმოების განახლების განსხვავებულ საფუძვლებლად სახელდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (სსსკ-ის 423.1 მუხ. „თ“, „ზ“ ქვ.პ.). განსახილველ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლება მოთხოვნილია სსსკ-ის 423.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე კომიტეტს არ უმსჯელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ს-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სახვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.05.2008წ. №ბს-327-309(2კ-07) გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის 1-4 პუნქტები) და მოცემულ საქმეზე განახლდეს წარმოება მოპასუხეთათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი