Facebook Twitter

#ბს-1337(კს-18) 7 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ა. ყ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 21 დეკემბერს ა. ყ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 3 ოქტომბრის #01/12961/გ გადაწყვეტილების, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის #.../გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ა. ყ-ის სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ დავის დასრულებამდე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე დროებითი პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ დროებითი განჩინების მიღების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ა. ყ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა დროებითი განჩინება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა. ყ-ის მიმართ დავის დასრულებამდე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე დროებითი პირადობის მოწმობის გაცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ყ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინებით ა. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნას, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

სასამართლომ აღნიშნა, რომ 2018 წლის 23 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილ იქნა ა. ყ-ის განცხადება, რომლითაც ითხოვდა ხარვეზის ვადის გაგრძელებას 10 დღით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ავტორს ა. ყ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით. 2018 წლის 8 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილ იქნა ა. ყ-ის განცხადება, რითაც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება 2018 წლის ივლისის ბოლომდე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ავტორს ა. ყ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 15 დღით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.2 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, რომლის შესავსებადაც განესაზღვრა 15 დღე და განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით, აპელანტ ა. ყ-ის ოჯახის წევრს - რძალს თ. ლ-ეს ჩაჰბარდა 2018 წლის 3 ივლისს. პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა ხარვეზის განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 4 ივლისიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის შესაბამისად და დასრულდა 18 ივლისის 24 საათზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის მხრიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე, ამასთან, მას არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ყ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შევსებულა განჩინებით დადგენილ 15-დღიან ვადაში. ამდენად, აპელანტის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, არც საპროცესო მოქმედების არ შესრულების საპატიო მიზეზებზე მიუთითებია და შესაბამისად, არც მტკიცებულებები წარუდგენია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ყ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადის აღდგენა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება არ წარადგინა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოს კანცელარიაში, თუმცა ხარვეზის შევსების ვადის დასრულებამდე, ანუ 2018 წლის 18 ივლისამდე, დადგენილი სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა, რასაც ადასტურებს 2018 წლის 14 ივლისის სალაროს შემოსავლის ორდერი, მაგრამ ხარვეზის შევსების განცხადება არ ჩააბარა სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში, რადგან ჩათვალა, რომ ბანკში შესაბამის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა საკმარისი იქნებოდა.

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპატიოდ ჩაითვალოს ხარვეზის შევსების ვადის გადაცილება, ვინაიდან ხარვეზით დადგენილი სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს ვადაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ა. ყ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ყ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ავტორს ა. ყ-ს მიეცა 7-დღიანი ვადა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის წარედგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ა. ყ-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას, ან აღნიშნული გარემოებების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლოსთვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ავტორს ა. ყ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით.

2018 წლის 8 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილ იქნა ა. ყ-ის განცხადება, რითაც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება 2018 წლის ივლისის ბოლომდე.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით ა. ყ-ის შუამდგომლობა 2018 წლის ივლისის ბოლომდე სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივრის ავტორს ა. ყ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 15 დღით და მასვე დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რაც შესაძლებლობას მისცემდა პალატას, ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს დაევალა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის (დედნის სახით) წარდგენა. ამასთან, სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული საქმეთა პალატის 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინება, რომლითაც ა. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ა. ყ-ს მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2018 წლის 3 ივლისს ჩაჰბარდა ა. ყ-ის ოჯახის წევრს - რძალს თ. ლ-ეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი თ. ლ-ის ხელწერილით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინების ასლი ა. ყ-ის ოჯახის წევრს - რძალს თ. ლ-ეს ჩაჰბარდა 2018 წლის 3 ივლისს, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 2018 წლის 4 ივლისიდან დაიწყო და 2018 წლის 18 ივლისის 24:00 საათზე ამოიწურა. აღსანიშნავია, რომ კერძო საჩვრის ავტორს ხარვეზი ამ ვადაში არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობა წარუდგენია სასამართლოში. მან მხოლოდ ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ, 2018 წლის 8 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 150 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი.

კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება არ წარადგინა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოს კანცელარიაში, რადგან ჩათვალა, რომ ბანკში შესაბამის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა საკმარისი იქნებოდა, თუმცა ხარვეზის შევსების ვადის დასრულებამდე, ანუ 2018 წლის 18 ივლისამდე, დადგენილი სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა, რასაც ადასტურებს 2018 წლის 14 ივლისის სალაროს შემოსავლის ორდერი. კერძო საჩივარს ერთვის ა. ყ-ის მიერ 2018 წლის 14 ივლისს სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზი გამოსწორებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სრულად შეასრულებს სასამართლოს მითითებას. განსახილველ შემთხვევაში, ა. ყ-ს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილით ნათლად განემარტა, რომ მას 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედნის სახით) უნდა წარედგენა, შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა ხარვეზის შესავსებად საკმარისი ვერ იქნებოდა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონისა და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის; ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით კანონისმიერი ვადისა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება სასამართლოს მიერ შესაძლებელია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დაშვებულია მხოლოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის აღდგენა, თუ სასამართლო ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ა. ყ-ს სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით, ამასთან, არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა საპატიო მიზეზის არსებობასა და აღნიშნული საპატიო მიზეზის გამო ხარვეზის შევსების შეუძლებლობას.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ქვითარი ადასტურებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფაქტს. ვინაიდან ა. ყ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ა. ყ-ს (პ/ნ ...) სრულად უნდა დაუბრუნდეს 14.07.2018წ. #725 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინება;

3. ა. ყ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 14.07.2018წ. #725 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი