Facebook Twitter

საქმე №ბს-1478 (კ-18) 19 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე: ა. ჯ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ჯ-მა 2018 წლის 9 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 29 ნოემბრის №201321 და 2016 წლის 9 დეკემბრის №2016/1 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სააგენტოსათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით ა. ჯ-ის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ა. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 29 ნოემბრის N201321 გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 9 დეკემბრის N2016/1 გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ა. ჯ-ის სასარგებლოდ 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით მიუღებელი პენსიის ანაზღაურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საპენსიო კანონმდებლობა პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების წერილობითი ფორმით მიღებას ცალსახად არ ითვალისწინებს. პენსიის შეწყვეტა-შეჩერების პერიოდში წყდება ყოველთვიური სარგებლის გასაცემლის დარიცხვა, რის თაობაზეც მხარისთვის ცნობილი ხდება პირადი საპენსიო ანგარიშიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არ ვრცელდება ამ კოდექსის 52-58-ე მუხლების მოთხოვნები, მათ შორის არც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის პირობა.

კასატორი საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასული პერიოდის მიმართ, კერძოდ, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მასზე უნდა გავრცელდეს სამწლიანი ვადა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან გამომდინარე. მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული ვადა გაშვებულია და ვერ მოხერხდა მისი უფლებების რეალიზაცია. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს ჰქონდა გასაჩივრების ერთვიანი ვადა იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისგან თავის შეკავების შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის ბს-1122-1111 (კ-კს-11) განჩინებაზე, სადაც განმარტებულია, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს მისი უფლების იძულებითი განხორციელება და დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორცილების შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია, რომ ა. ჯ-ი 2008 წლის 27 ივლისიდან წარმოადგენდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე პენსიის მიმღებ სუბიექტს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 29 ნოემბრის N201321 გადაწყვეტილებით ა. ჯ-ს შეუჩერდა სახელმწიფო გასაცემლის მიღება 2013 წლის 1 დეკემბრიდან. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2013 წლის 3 ოქტომბრის N01/4702/დ დასკვნის თანახმად, შესწორდა მოქალაქე ა. ჯ-ის (პ/ნ ...) მონაცემები და პირადობის მოწმობაში ა. ნაცვლად მიეთითა ალ..., დაბადების თარიღად 08.06.1936წ. ნაცვლად 05.08.1936წ. მიეთითა. სსიპ სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ 2013 წლის 4 ნოემბერს ა. ჯ-ს ეთხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან დაბადების თარიღის ცვლილების შესახებ დასკვნის წარმოდგენა 2013 წლის 24 ნოემბრამდე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 9 დეკემბრის N2016/1 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ა. ჯ-ს შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლის მიღება 2017 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო გასაცემლის მიღების შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლის გამო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია პენსიის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები. კერძოდ, ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ა) პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას; გ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს. ა. ჯ-ისთვის პენსიის შეჩერების საფუძველი გახდა პირადობის მოწმობისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან დაბადების თარიღის ცვლილების შესახებ დასკვნის წარმოუდგენლობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნული არ წარმოადგენს პენსიის შეჩერების საფუძველს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება Nბს-365-360 (კ-16)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებული ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით. პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო პენსიის შეჩერება და შეწყვეტა ხდება არა რეალაქტის, არამედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შედეგად. პენსიონერის მიერ საკუთარი საპენსიო ანგარიშის გადამოწმების შესაძლებლობა არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა გამოკვლევის შედეგად კანონით დადგენილი წესების დაცვით გადაწყვეტილების მიღებისა და დაინტერესებული მხარისთვის მისი ჩაბარების ვალდებულებისაგან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომ ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-58-ე მუხლის მოთხოვნები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ აქტები პირის უფლების შემზღუდავია, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო გაეცნო უფლების შემზღუდავი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადრესატისთვის. აქტის ძალაში შესვლა დამოკიდებულია მის გაცნობაზე. საქმის მასალებით არ დასტურდება სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების, მის საფუძვლად არსებული შეტყობინების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მოსარჩელისთვის ჩაბარება. პენსიის შეჩერება-შეწყვეტის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განეკუთვნება პირის უფლებათა შემზღუდავ აქტთა კატეგორიას, ვინაიდან ამძიმებს ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობას, ზღუდავს თავის დროზე აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით პენსიონერისთვის მინიჭებული საყოველთაოდ აღიარებულ სოციალური უზრუნველყოფის უფლებას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2007 წლის 27 სექტემბრის №02/64 ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ფორმით (ფორმა N2) პენსიის შეჩერების-შეწყვეტის გადაწყვეტისთვის, ფორმა შეიცავს მითითებას გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას, ადმინისტრაციული ორგანოს მისამართისა და გასაჩივრების ვადის დაინტერესებული პირისთვის ჩაბარებიდან ათვლის შესახებ.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისთვის ჩაბარებასთან დაკავშირებულ დავაში მტკიცების ტვირთი ეკისრება არა ადრესატს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს. სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ აქტები ძალაში შედის მისი ადრესატისთვის ჩაბარების დღიდან. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესის - პენსიის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირისთვის ჩაბარება, შესაბამისად, არ დასტურდება მისი ძალაში შესვლაც. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამასთან, კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე