Facebook Twitter

№ბს-138(კს-19) 28 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. გ-ე (ძ. გ-ის უფლებამონაცვლე); კ. ბ-ე და ზ. ბ-ე (ჯ. ბ-ის უფლებამონაცვლე); ზ. დ-ე; ნ. ფ-ე; თ. ბ-ი; ს. ლ-ი; ა. ხ-ი; ჩ. ბ-ე; რ. დ-ე; მ. ლ-ე; ჩ. დ-ე; გ. კ-ი; ჯ. ს-ე

მოპასუხე - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

დავის საგანი _ უფლებამონაცვლის დადგენა, ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 26 ნოემბერს რ. ბ-ემ, რ. დ-ემ, გ. გ-ემ და სხვებმა (სულ 13 ფიზიკური პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს დუშეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე დუშეთის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელეებმა დუშეთის რაიონის გამგეობისგან მოითხოვეს საწარმოო ტრამვით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე დუშეთის რაიონის გამგეობას დაეკისრა: 1. ჩ. ბ-ის სასარგებლოდ 16800 ლარის გადახდა, ხოლო 2002 წლის დეკემბრიდან ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა; მოვლის ხარჯების ანაზღაურებაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა; 2. რ. დ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 11760 ლარის და ყოველთვიურად 2002 წლის დეკემბრიდან 140 ლარის გადახდა; 3. თ. ბ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 10080 ლარის, ხოლო 2002 წლის დეკემბრიდან ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა; 4. ზ. დ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 10080 ლარის, ხოლო 2002 წლის დეკემბრიდან ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა; 5. ძ. გ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 10080 ლარის, ხოლო 2002 წლის დეკემბრიდან ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა; 6. მ. ლ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 10080 ლარის, ხოლო 2002 წლის დეკემბრიდან ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა; 7. ჩ. დ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 11760 ლარის, ხოლო 2002 წლიდან ყოველთვიურად 140 ლარის გადახდა; 8. ნ. ფ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 13440 ლარის, ხოლო 2002 წლის დეკემბრიდან ყოველთვიურად 160 ლარის გადახდა; 9. ს. ლ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 13440 ლარის, ხოლო 2002 წლიდან ყოველთვიურად 160 ლარის გადახდა; 10. ა. ბ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 10080 ლარის, ხოლო 2002 წლიდან ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა; 11. ჯ. ბ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 10080 ლარის, ხოლო 2002 წლიდან ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა; 12. გ. კ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 4200 ლარის, ხოლო 2002 წლიდან ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა; 13. ჯ. ს-ის სასარგებლოდ ერთდროულად 10080 ლარის, ხოლო 2002 წლის დეკემბრიდან ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა;

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დუშეთის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით დუშეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გაადწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე დუშეთის რაიონის გამგეობას დაეკისრა: 1. ჩ. ბ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 5640 ლარის და ყოველთვიური სარჩოს 60 ლარის გადახდა 2003 წლის სექტემბრიდან; 2. რ. დ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 3384 ლარის და ყოველთვიური სარჩოს 36 ლარის გადახდა 2003 წლის სექტემბრიდან; 3. თ. ბ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 3384 ლარის და ყოველთვიური სარჩოს 36 ლარის გადახდა 2003 წლის სექტემბრიდან; 4. ზ. დ-ის სასარგებლოდ სასარგებლოდ ერთდროულად 3384 ლარის და ყოველთვიური სარჩოს 36 ლარის გადახდა 2003 წლის სექტემბრიდან; 5. გ. გ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 3384 ლარის და ყოველთვიური სარჩოს 36 ლარის გადახდა 2003 წლის სექტემბრიდან; 6. მ. ლ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 3384 ლარის და ყოველთვიური სარჩოს 36 ლარის გადახდა 2003 წლის სექტემბრიდან; 7. ჩ. დ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 3948 ლარის და ყოველთვიური სარჩოს 42 ლარის გადახდა 2003 წლის სექტემბრიდან; 8. ნ. ფ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 4512 ლარის და ყოველთვიური სარჩოს 48 ლარის გადახდა 2003 წლის სექტემბრიდან; 9. ს. ლ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 4512 ლარის და ყოველთვიური სარჩოს 48 ლარის გადახდა 2003 წლის სექტემბრიდან; 10. ა. ბ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 3384 ლარის და ყოველთვიური სარჩოს 36 ლარის გადახდა 2003 წლის სექტემბრიდან; 11. ჯ. ბ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 3384 ლარის და ყოველთვიური სარჩოს 36 ლარის გადახდა 2003 წლის სექტემბრიდან; 12. გ. კ-ის სასარგებლოდ ერთდროულად 1410 ლარის და ყოველთვიური სარჩოს 15 ლარის გადახდა 2003 წლის სექტემბრიდან; 13. ჯ. ს-ის სასარგებლოდ ერთდროულად 4512 ლარის და ყოველთვიური სარჩოს 48 ლარის გადახდა 2003 წლის სექტემბრიდან; თანხის გადახდა მოხდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად ტერიტორიული ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი ტრანსფერების მეშვეობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 15 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2005 წლის 23 თებერვლის განჩინებით გასწორდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებაში დაშვებული აშკარა არითმეტიკული შეცდომა და დუშეთის რაიონის გამგეობას რ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად სარჩოს 42 ლარის გადახდევინება 2003 წლის სექტემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განჩინებით გასწორდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებაში ნაცვლად გ. გ-ისა მიეთითა ძ. გ-ე.

2013 წლის 22 ნოემბერს ზ. დ-ის, ძ. გ-ის, ნ. ფ-ის, თ. ბ-ის, ჯ. ბ-ის, ს. ლ-ისა და ა. ხ-ის წარმომადგენელმა თ. ჟ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის ამოწერა მოითხოვა იმ მოტივით, რომ 2007 წლის 7 დეკემბერს ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი დაიკარგა. ასევე, 2007 წლის 7 დეკემბერს ამოწერილ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორებად სხვა პირებთან ერთად მითითებული იყვნენ ძ. გ-ე და ჯ. ბ-ე, ხოლო მოვალედ მითითებული იყო დუშეთის რაიონის გამგეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ზ. დ-ის, ძ. გ-ის, ნ. ფ-ის, თ. ბ-ის, ჯ. ბ-ის, ს. ლ-ის და ა. ხ-ის წარმომადგენელის თ. ჟ-ის განცხადება სააღსრულებო ფურცლების დუბლიკატის გაცემის შესახებ დაკმაყოფილა; თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა იმავე სასამართლოს მიერ 2007 წლის 5 დეკემბერს და 2007 წლის 7 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლების ერთიანი დუბლიკატი კრედიტორების ზ. დ-ის, ძ. გ-ის, ნ. ფ-ის, თ. ბ-ის, ჯ. ბ-ის, ს. ლ-ის და ა. ხ-ის მიმართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 8 აპრილს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი, სადაც კრედიტორებად სხვა პირებთან ერთად მითითებული არიან ძ. გ-ე და ჯ. ბ-ე, ხოლო მოვალედ მითითებულ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

2018 წლის 15 აგვისტოს დ. გ-ის, კ. ბ-ის და ზ. ბ-ის წარმომადგენელმა თ. ჟ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 8 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი. განმცხადებლის მითითებით, აღსრულების ეტაპზე გარდაიცვალნენ ძ. გ-ე (პ.ნ ...) და ჯ. ბ-ე (პ.ნ ...), რომელთა მემკვიდრეობა მიიღეს მათმა შვილებმა, კერძოდ: ძ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა დ. გ-ემ (პ.ნ ...), ხოლო ჯ. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მიიღეს მისმა შვილებმა კ. ბ-ემ (პ.ნ ...) და ზ. ბ-ემ (პ.ნ ...). განმცხადებელმა მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო ბიუროს A1801998 სააღსრულებო წარმოების საქმეზე დადგენილ იქნეს უფლებამონაცვლეობა, კერძოდ: ძ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს მისი შვილი დ. გ-ე ( პ.ნ ...), ხოლო ჯ. ბ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ მისი შვილები კ. ბ-ე (პ.ნ ...) და ზ. ბ-ე (პ.ნ ...).

მოგვიანებით, 2018 წლის 7 სექტემბერს დ. გ-ის, კ. ბ-ის და ზ. ბ-ის წარმომადგენელმა თ. ჟ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ მის მოთხოვნას წარმოადგენს არა მხოლოდ აწ გარდაცვლილი კრედიტორების ძ. გ-ის და ჯ. ბ-ის უფლებამონაცვლეობის დადგენა, არამედ ასევე სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლეობის დადგენაც, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილების თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ მოვალედ უნდა მიეთითოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც მითითებული დადგენილების თანახმად წარმოადგენს შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილ ორგანოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით განცხადებები სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის და კრედიტორების უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 8 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატში შევიდა ცვლილება და კრედიტორად აწ გარდაცვლილი ძ. გ-ის უფლებამონაცვლედ მიეთითა დ. გ-ე (პ.ნ ...), მხოლოდ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით დუშეთის რაიონის გამგეობისათვის ძ. გ-ის სასარგებლოდ დაკისრებული ერთდროული გასაცემელი თანხიდან - 3384 ლარიდან და 2003 წლის სექტემბრიდან დაკისრებული ყოველთვიური სარჩოს თანხიდან - 36 ლარიდან (მის გარდაცვალებამდე) მიუღებელი თანხის ნაწილში, ხოლო ძ. გ-ის გარდაცვალების შემდგომი პერიოდისათვის ყოველთვიური სარჩოს ნაწილში მემკვიდრეობა და შესაბამისად უფლებამონაცვლეობა დაუშვებელად მიიჩნია; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 08 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატში შევიდეს ცვლილება და კრედიტორებად აწ გარდაცვლილი ჯ. ბ-ის უფლებამონაცვლეებად მიეთითა კ. ბ-ე (პ.ნ ...) და ზ. ბ-ე (პ.ნ ...), მხოლოდ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით დუშეთის რაიონის გამგეობისათვის ჯ. ბ-ის სასარგებლოდ დაკისრებული ერთდროული გასაცემელი თანხიდან - 3384 ლარიდან და 2003 წლის სექტემბრიდან დაკისრებული ყოველთვიური სარჩოს თანხიდან - 36 ლარიდან (მის გარდაცვალებამდე) მიუღებელი თანხის ნაწილში, ხოლო ჯ. ბ-ის გარდაცვალების შემდგომი პერიოდისათვის ყოველთვიური სარჩოს ნაწილში მემკვიდრეობა და შესაბამისად უფლებამონაცვლეობა დაუშვებელად მიიჩნია; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 8 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატში შევიდა ცვლილება და მოვალე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ მიეთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92–ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 30 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობით აწ გარდაცვლილი ძ. გ-ის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეს წარმოადგენს დ. გ-ე. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, დ. გ-ე არის დანაშთი მთლიანი ქონების პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, რომელმაც მიიღო ის ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები (სამკვიდრო აქტივი და სამკვიდრო პასივი) და მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა, მოძრავი და უძრავი ქონება, რომელიც მამკვიდრებელს ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

სააპელაციო სასამართლომ ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 25 აპრილის სამკვიდრო მოწმობით აწ გარდაცვლილი ჯ. ბ-ის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეებს წარმოადგენენ ზ.ბ-ე და კ. ბ-ე. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ზ.ბ-ემ და კ. ბ-ემ მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღეს თანაბარ წილად სრულად, რომელიც არის ჯ. ბ-ის სამკვიდრო ქონება, რომელიც მამკვიდრებელს ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ აწ გარდაცვლილი ძ. გ-ის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს დ. გ-ე, ხოლო აწ გარდაცვლილი ჯ. ბ-ის უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ კ. ბ-ე და ზ. ბ-ე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 8 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატში, სადაც კრედიტორებად სხვა პირებთან ერთად მითითებული არიან ძ. გ-ე და ჯ. ბ-ე, უნდა შევიდეს ცვლილება და კრედიტორებად აწ გარდაცვლილი ძ. გ-ის უფლებამონაცვლედ მიეთითოს დ. გ-ე, ხოლო აწ გარდაცვლილი ჯ. ბ-ის უფლებამონაცვლეებად - კ. ბ-ე და ზ. ბ-ე. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ძ. გ-ის უფლებამონაცვლედ დ. გ-ის, ხოლო ჯ. ბ-ის უფლებამონაცვლეებად კ. ბ-ის და ზ. ბ-ის დადგენა უნდა მოხდეს მხოლოდ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით დუშეთის რაიონის გამგეობისათვის ძ. გ-ის და ჯ. ბ-ის სასარგებლოდ თითოეულისათვის დაკისრებული ერთდროული თანხიდან 3384 ლარიდან და 2003 წლის სექტემბრიდან დაკისრებული ყოველთვიური სარჩოს თანხიდან 36 ლარიდან (მათ გარდაცვალებამდე) მიუღებელი თანხის ნაწილში. ანუ, უფლებამონაცვლეობის დადგენა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ თანხის ნაწილში, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით დუშეთის რაიონის გამგეობას დაკისრებული ჰქონდა ძ. გ-ის და ჯ. ბ-ის სასარგებლოდ და რომელი თანხაც მათ უნდა მიეღოთ სიცოცხლის განმავლობაში.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით ყოველთვიური სარჩოს თანხა წარმოადგენს ისეთ თანხას, რომლის ანაზღაურებაც (ამ შემთხვევაში) მატერიალური კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ საწარმოო ტრამვით მიყენებული დაზარალებულებისათვის, ამიტომ დაზარალებული პირის გარდაცვალების შემდეგ სარჩოს მიღების უფლებამოსილება არ გადადის მემკვიდრეობით და შესაბამისად, ძ. გ-ის და ჯ. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ სარჩოს მიღების ნაწილში (გარდა გარდაცვალებამდე მიუღებელი სარჩოსი) მისი მემკვიდრეები (ამ შემთხვევაში შვილები) ვერ ჩაითვლებიან უფლებამონაცვლეებად და ძ. გ-ის და ჯ. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ მათ სასარგებლოდ დაკისრებული სარჩოს გაცემის ვალდებულება წყდება.

რაც შეეხება მოვალის უფლებამონაცვლეობას, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის’’ მე-3 მუხლის თანახმად, დახმარების ადმინისტრირების ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), რომლის უფლება-მოვალეობებია: ა) დახმარების გაცემის ორგანიზება; ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზებული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება (ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს); გ) დახმარების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირება.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ საქმეში მოვალე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ უნდა მიეთითოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ წარმოადგენს უფლებამონაცვლეს საწარმოო ტრავმის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხებში და მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის წესის’’ მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტომ უზრუნველყო 2007 წლის 1 მარტამდე სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო პერიოდში რეგისტრირებული, ასევე ამ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდში. ამავე დადგენილების მე-2 ნაწილის თანახმად, 2007 წლის 1 მარტს შეწყდა სარჩოსა და სხვა გასაცემლის გაცემის ვალდებულება და სააგენტოს მიერ დამატებით გაიცა ერთჯერადი კომპენსაცია, დანიშნული სარჩოს ექვსი თვის ოდენობით. სააგენტოს მიერ სრულად იქნა დაფარული 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდში, სააგენტოში რეგისტრირებული ყველა დავალიანება, ხოლო 2008 წლიდან ამ სახის ვალდებულება სააგენტოს ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთანავე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასულია სსკ-ის 142-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2013 წლის 22 ნოემბერს ზ. დ-ის, ძ. გ-ის, ნ. ფ-ის, თ. ბ-ის, ჯ. ბ-ის, ს. ლ-ისა და ა. ხ-ის წარმომადგენელმა თ. ჟ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის ამოწერა მოითხოვა იმ მოტივით, რომ 2007 წლის 7 დეკემბერს ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი დაიკარგა. ასევე, 2007 წლის 7 დეკემბერს ამოწერილ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორებად სხვა პირებთან ერთად მითითებული იყვნენ ძ. გ-ე და ჯ. ბ-ე, ხოლო მოვალედ მითითებული იყო დუშეთის რაიონის გამგეობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ზ. დ-ის, ძ. გ-ის, ნ. ფ-ის, თ. ბ-ის, ჯ. ბ-ის, ს. ლ-ის და ა. ხ-ის წარმომადგენელის თ. ჟ-ის განცხადება სააღსრულებო ფურცლების დუბლიკატის გაცემის შესახებ დაკმაყოფილა; თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა იმავე სასამართლოს მიერ 2007 წლის 5 დეკემბერს და 2007 წლის 7 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლების ერთიანი დუბლიკატი კრედიტორების ზ. დ-ის, ძ. გ-ის, ნ. ფ-ის, თ. ბ-ის, ჯ. ბ-ის, ს. ლ-ის და ა. ხ-ის მიმართ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 8 აპრილს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი, სადაც კრედიტორებად სხვა პირებთან ერთად მითითებული არიან ძ. გ-ე და ჯ. ბ-ე, ხოლო მოვალედ მითითებულ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს დ. გ-ის, კ. ბ-ის და ზ. ბ-ის წარმომადგენელმა თ. ჟ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 8 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი. განმცხადებლის მითითებით, აღსრულების ეტაპზე გარდაიცვალნენ ძ. გ-ე (პ.ნ ...) და ჯ. ბ-ე (პ.ნ ...), რომელთა მემკვიდრეობა მიიღეს მათმა შვილემბა, კერძოდ: ძ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა დ. გ-ემ (პ.ნ ...), ხოლო ჯ. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მიიღეს მისმა შვილებმა კ. ბ-ემ (პ.ნ ...) და ზ. ბ-ემ (პ.ნ ...). განმცხადებელმა მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო ბიუროს A1801998 სააღსრულებო წარმოების საქმეზე დადგენილ იქნეს უფლებამონაცვლეობა, კერძოდ: ძ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს მისი შვილი დ. გ-ე ( პ.ნ ...), ხოლო ჯ. ბ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ მისი შვილები კ. ბ-ე (პ.ნ ...) და ზ. ბ-ე (პ.ნ ...).

მოგვიანებით, 2018 წლის 7 სექტემბერს დ. გ-ის, კ. ბ-ის და ზ. ბ-ის წარმომადგენელმა თ. ჟ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ მის მოთხოვნას წარმოადგენს არა მხოლოდ აწ გარდაცვლილი კრედიტორების ძ. გ-ის და ჯ. ბ-ის უფლებამონაცვლეობის დადგენა, არამედ ასევე სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლეობის დადგენაც, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილების თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ მოვალედ უნდა მიეთითოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც მითითებული დადგენილების თანახმად წარმოადგენს შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილ ორგანოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით განცხადებები სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის და კრედიტორების უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 8 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატში შევიდა ცვლილება და კრედიტორად აწ გარდაცვლილი ძ. გ-ის უფლებამონაცვლედ მიეთითა დ. გ-ე (პ.ნ ...), მხოლოდ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით დუშეთის რაიონის გამგეობისათვის ძ. გ-ის სასარგებლოდ დაკისრებული ერთდროული გასაცემელი თანხიდან - 3384 ლარიდან და 2003 წლის სექტემბრიდან დაკისრებული ყოველთვიური სარჩოს თანხიდან - 36 ლარიდან (მის გარდაცვალებამდე) მიუღებელი თანხის ნაწილში, ხოლო ძ. გ-ის გარდაცვალების შემდგომი პერიოდისათვის ყოველთვიური სარჩოს ნაწილში მემკვიდრეობა და შესაბამისად უფლებამონაცვლეობა დაუშვებელად მიიჩნია; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 08 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატში შევიდეს ცვლილება და კრედიტორებად აწ გარდაცვლილი ჯ. ბ-ის უფლებამონაცვლეებად მიეთითა კ. ბ-ე (პ.ნ ...) და ზ. ბ-ე (პ.ნ ...), მხოლოდ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით დუშეთის რაიონის გამგეობისათვის ჯ. ბ-ის სასარგებლოდ დაკისრებული ერთდროული გასაცემელი თანხიდან - 3384 ლარიდან და 2003 წლის სექტემბრიდან დაკისრებული ყოველთვიური სარჩოს თანხიდან - 36 ლარიდან (მის გარდაცვალებამდე) მიუღებელი თანხის ნაწილში, ხოლო ჯ. ბ-ის გარდაცვალების შემდგომი პერიოდისათვის ყოველთვიური სარჩოს ნაწილში მემკვიდრეობა და შესაბამისად უფლებამონაცვლეობა დაუშვებელად მიიჩნია; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 8 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატში შევიდა ცვლილება და მოვალე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ მიეთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო გასაჩივრებულ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებას სადავოდ ხდის და არ ეთანხმება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დადგენის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლეს საწარმოო ტრავმის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონმდებლობა განსაზღვრავს უფლებამონაცვლეობის საკითხს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილებით დამტკიცებულ წესში 2008 წლის 25 დეკემბრის =257 დადგენილებით შეტანილი ცვლილებებით, აღნიშნული წესის 3.1 მუხლი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: ,,სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს ,,საქნახშირის” დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის წ.N429-ა ბრძანებულებისა და ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულების 421 პუნქტის საფუძველზე, 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში რეგისტრირებული, აგრეთვე, აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდში.” ამდენად, სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის’’ 421 პუნქტის საფუძველზე, 2007 წლის 1 მარტამდე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული უდავო მოთხოვნით წარმოქმნილი დავალიანება, რომლის უზრუნველყოფის ვალდებულება ნორმატიული აქტის საფუძველზე ეკისრება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. შესაბამისად, კანონმდებლობით ცალსახადაა გადაწყვეტილი უფლებამონაცვლეობის საკითხი, რის გამოც საფუძვლიანია თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ დასახელებული დუშეთის რაიონის გამგეობის (ამჟამად დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის) უფლებამონაცვლედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მითითება.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილებით დამტკიცებული წესის 3.4 მუხლით იმპერატიულად განისაზღვრა ამ სახის ვალდებულებების ფინანსური უზრუნველყოფა მხოლოდ ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, რომელიც 2008 წლიდან სააგენტოს ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილდა. ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32.7 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის მიხედვით „სოციალური დახმარებების“ ფარგლებში დაფინანსდა დახმარება შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის, რომლის დანიშვნისა და გაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31.5 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნტის საფუძველზე 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც ანალოგიურად იქნა გათვალისწინებული ამ სახის დავალიანების ფინანსური უზრუნველყოფა. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილებით დამტკიცდა ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზრაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი’’, რომლის მე-2 მუხლის თანახმად ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი’’, ამასთანავე 2013 წლის 1 მარტის =45 დადგენილებით დამტკიცებული წესის 5.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს 2007 წლის 1 იანვრამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ფულადი გასაცემლის მიღების უფლებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 421 პუნქტის საფუძველზე, 2007 წლის 1 მარტამდე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვის უზრუნველყოფის ვალდებულება დაკისრებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა 2007 წლის 1 მარტამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანება.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის ასევე სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლი, ვინაიდან სააღსრულებო ფურცლები აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაში იქნა გაცემული, კერძოდ 2007 წლის 5 დეკემბერსა და 2007 წლის 7 დეკემბერს, ამასთანავე მოცემულ შემთხვევაში არსებითად ადგილი აქვს 2007 წლის 5 დეკემბერსა და 2007 წლის 7 დეკემბერს აღებულ სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანას, სააღსრულებო ფურცელში მითითებული მხარეების უფლებამონაცვლეთა დადგენას, მათი მონაცემების შეტანას სააღსრულებო ფურცელში, რაც არ უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადებს, ვინაიდან ხსენებული მუხლი ეხება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ხანდაზმულობის ვადას, ამასთან ხდება არა სააღსრულებო ფურცლის, არამედ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი