Facebook Twitter

#ბს-1561(კ-18) 28 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 25 მაისს ი. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ „ქ. თბილისში, ისნის რაიონში ... ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ... სანაპიროს მხრიდან არსებული მიწის ნაკვეთისთვის (ს/კ ...), სასტუმროს განთავსების მიზნით, ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების მინიჭების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის #1-469 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ბრძანება არ არის დასაბუთებული, რის შედეგადაც დადგინდებოდა, თუ რამ განაპირობა აღნიშნული ტერიტორიისთვის ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების დადგენის აუცილებლობა, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთი „შეუსაბამო“ თუ „იძულებით შეუსაბამო“ ობიექტს, საპროექტო ტერიტორიისთვის ინდივიდუალური პარამეტრების დადგენა რა სახით უზრუნველყოფს საპროექტო ტერიტორიის ეფექტურ განვითარებას და დაცულია სხვა მესაკუთრეთა ინტერესები თუ იზღუდება ისინი გარკვეული სახით. მოსარჩელე გასაჩივრებული აქტის სამართლებრივ დასაბუთებაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე არ გაიცემა სპეციალური ზონალური შეთანხმება ინდივიდუალური პარამეტრების დადგენის მიზნით და შესაბამისად, გაურკვეველი და ბუნდოვანია აქტის სამართლებრივი დასაბუთება.

მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ. ამასთან, შეუსაბამო უძრავ ობიექტზე განთავსებულია ხაზობრივი ნაგებობა, წყლის კოლექტორი, რომელიც წარდგენილ იქნა მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში. ადმინისტრაციულ ორგანოს კი, არ უმსჯელია აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობის მომიჯნავედ რამდენად მიზანშეწონილია მაღალი ინტენსივობის სასტუმროს განთავსება. აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შედეგად დაზიანების შემთხვევაში დაზარალდება მთელი ... და … ქუჩების მოსახლეობა და განსაკუთრებით შპს „....“, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობა და რომლის პოზიციით არც კი დაინტერესებულა ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემისას.

მოსარჩელის მითითებით, შენობა საკმაოდ მოცულობითია და ჩრდილავს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. უკარგავს ... ქუჩაზე, სანაპიროს მხარეს გამავალს ხედს, რის გამოც მისი კერძო საკუთრების ღირებულება საკმაოდ მცირდება. ამასთან, მშენებლობის შედეგად ჩნდება საპროექტო ტერიტორიაზე გამავალი ხაზობრივი ნაგებობის დაზიანების საფრთხე. მოსარჩელის აზრით, შეუსაბამო უძრავი ობიექტის განვითარება მსგავსი სახით ვერანაირად ვერ იქნება განხილული როგორც ეფექტური და პირიქით, იგი მიმართულია საზოგადოებრივი და კერძო ინტერესების საზიანოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ჰ...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ქ.თბილისში, ისნის რაიონში ... ქუჩაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხრიდან არსებული მიწის ნაკვეთისთვის (ს/კ ...), სასტუმროს განთავსების მიზნით, ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 24 თებერვლის #1-469 ბრძანება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (მერს) კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ... ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ... სანაპიროს მხრიდან არსებული მიწის ნაკვეთისთვის (ს/კ ...), სასტუმროს განთავსების მიზნით, ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და შპს „ჰ...მა“, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით შპს „ჰ...ისა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ... ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ... სანაპიროს მხრიდან არსებული მიწის ნაკვეთისათვის (ს/კ ...), სასტუმროს განთავსების მიზნით, ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების მინიჭების მიზნით წარდგენილი საპროექტო წინადადების განხილვისას რამდენად იქნა დაცული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია ზონალური საბჭოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება (დოკუმენტი #3021576), რომლითაც განმცხადებელს (ს. კ. ჰ. ა-ს) უარი ეთქვა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ... სანაპიროს მხრიდან არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), სასტუმროს განთავსების მიზნით, განაშენიანების ინდივიდუალური პარამეტრების დადგენაზე. იმავე გადაწყვეტილებით, კომისიის წევრების მიერ გაცემულ იქნა შემდეგი სახის რეკომენდაციები: „სასურველია წარმოადგინონ ალტერნატიული პროექტი“; „მოსაძებნია ახალი მოცულობითი გადაწყვეტა“; „არსებული ვიზუალი და მოცულობითი გადაწყვეტა მიუღებელია“; „ინტენსივობა გადაჭარბებულია“; „მიუღებელია ინდ. პარამეტრების დადგენა არსებული ესკიზის გათვალისწინებით“; „არსებული მოცულობითი გადაწყვეტა მიუღებელია“; „შესამცირებელია მოცულობა“. შესაბამისად, თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის #3039211 გადაწყვეტილებით, განმცხადებელს (ს. კ. ჰ. ა-ს), ზონალური საბჭოს 2016 წლის 20 დეკემბრის რეკომენდაციის საფუძველზე, უარი ეთქვა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ... სანაპიროს მხრიდან არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), სასტუმროს განთავსების მიზნით, განაშენიანების ინდივიდუალური პარამეტრების დადგენაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ინდივიდუალური პარამეტრების დადგენაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი გახდა კონკრეტული ესკიზის ვიზუალი და მოცულობა, რაც განმცხადებლის მიერ გათვალისწინებულ იქნა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის განმეორებითი მიმართვისას წარდგენილ იქნა განსხვავებული ესკიზი. კერძოდ, თავდაპირველი მიმართვისას, რასთან დაკავშირებითაც, კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება, წარდგენილი ესკიზით გათვალისწინებული იყო გაცილებით დიდი მოცულობის შენობა, როგორც სართულიანობის, ისე სიმაღლის თვალსაზრისით, ხოლო განმეორებით მიმართვისას შენობა-ნაგებობის მოცულობა არსებითად იყო შემცირებული (8 სართული). აღნიშნული გარემოება დასტურდება ზონალური საბჭოს #3021576 და #3093486 გადაწყვეტილებების საფუძვლად არსებული დასაბუთებულობის ალბომით.

კასატორი მიუთითებს ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის“ 23-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცებულ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე და აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელსაც მიენიჭა ინდივიდუალური პარამეტრები, წარმოადგენს განპირობებულ (იძულებით) შეუსაბამო უძრავ ობიექტს და შესაბამისად, მისი სამშენებლოდ განვითარებისთვის, შესაბამისი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების განსაზღვრის უფლებამოსილება საკრებულოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გააჩნია სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს.

კასატორის მოსაზრებით, მშენებლობის არქიტექტურული პროექტისა და შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის არარსებობის პირობებში უსაფუძვლოა მოსარჩელისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენებაზე აპელირება, განსაკუთრებით ქუჩაზე გამავალი ხედისა და საცხოვრებელი სახლის ღირებულების შემცირებაზე, რომელიც არ შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ... ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ ...) გააჩნია ნორმატიულად დადგენილი პარამეტრები (კ1=0,7, კ2=4,6, კ3=0,2). საბჭოს გადაწყვეტილება კი შეეხება ხსენებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების განსაზღვარას (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებაზე თანხმობას), რომელიც არ იწვევს ნორმატიულად დადგენილი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გადამეტებას. შესაბამისად, არსებული პარამეტრების პირობებშიც შესაძლებელია მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა. კასატორის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია შპს „ჰ...ს“, თუმცა შპს „ჰ...ის“ წარმომადგენელი საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებებით მიუთითებს, რომ სარჩელი დაუშვებელია, ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის #1-469 ბრძანება ი. ლ-ის მიერ სასამართლოში გასაჩივრებულია 2017 წლის 25 მაისს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 23 თებერვლის #2447440 გადაწყვეტილებით დამკვეთს (განმცხადებელს) ეცნობა, რომ მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ....) დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2). შესაბამისად, განმცხადებელს ეცნობა, რომ საჭირო იყო დამატებით წარედგინა ზემოაღნიშნული ფუნქციური ზონის ჩამონათვალთა ნუსხიდან შერჩეული საპროექტო შენობა-ნაგებობის გენგეგმა და ფოტომონტაჟი ზომების მითითებით. ზონალური საბჭოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (დოკუმენტი #3021576) განმცხადებელს ს. კ. ჰ. ა-ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ... სანაპიროს მხრიდან არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), სასტუმროს განთავსების მიზნით, განაშენიანების ინდივიდუალური პარამეტრების დადგენაზე. ამავე გადაწყვეტილებით, კომისიის წევრების მიერ გაცემულ იქნა შემდეგი სახის რეკომენდაციები: „სასურველია წარმოადგინონ ალტერნატიული პროექტი“; „მოსაძებნია ახალი მოცულობითი გადაწყვეტა“; „არსებული ვიზუალი და მოცულობითი გადაწყვეტა მიუღებელია“; „ინტენსივობა გადაჭარბებულია“; „მიუღებელია ინდივიდუალური პარამეტრების დადგენა არსებული ესკიზის გათვალისწინებით“; „არსებული მოცულობითი გადაწყვეტა მიუღებელია“; “შესამცირებელია მოცულობა“.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის #3039211 გადაწყვეტილებით, განმცხადებელს (ს. კ. ჰ. ა-ს), ზონალური საბჭოს 2016 წლის 20 დეკემბრის რეკომენდაციის საფუძველზე, უარი ეთქვა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ... სანაპიროს მხრიდან არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), სასტუმროს განთავსების მიზნით, განაშენიანების ინდივიდუალური პარამეტრების დადგენაზე.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2017 წლის 16 იანვრის #7 საოქმო გადაწყვეტილებით (დოკუმენტი #3093486) ირკვევა, რომ განმცხადებელს (ს. კ. ჰ. ა-ს) მიეცა თანხმობა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ... სანაპიროს მხრიდან არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), სასტუმროს განთავსების მიზნით, ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობის პარამეტრების მინიჭებაზე, კოეფიციენტები კი განისაზღვრა შემდეგი სახით: კ1=0,7, კ2=4,6, კ3=0,2.

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 თებერვლის #1-469 ბრძანება, რომლითაც ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ... ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ... სანაპიროს მხრიდან არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ ...), სასტუმროს განთავსების მიზნით, მიენიჭა ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 22-ე მუხლი. აღსანიშნავია, რომ 22-ე მუხლი ეხება კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის კ-1 და კ-2 კოეფიციენტების განაშენიანების რეგულირების წესებით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების გადამეტებისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის წესს, ხოლო გასაჩივრებული ბრძანებით მოხდა ქ. თბილისში, ისნის რაიონში ... ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ... სანაპიროს მხრიდან არსებული მიწის ნაკვეთისათვის (ს/კ ...) სასტუმროს განთავსების მიზნით ინდივიდუალური ქალაქმშენებლობითი პარამეტრების მინიჭება, აღნიშნულ საკითხს კი არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 23-ე და 24-ე მუხლები.

გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი არ არის დასაბუთებული იმ კუთხით, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა „შეუსაბამო“ თუ „იძულებით შეუსაბამო ობიექტს“, აღნიშნულის განსაზღვრა და მითითება კი, არსებითი მნიშვნელობის არის იმდენად, რამდენადაც შესაძლოა სახეზე იყოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა არაუფლებამოისლი ორგანოს მიერ, რამეთუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 23-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების, როგორც ადგილობრივი სამართლებრივი აქტების მიღების შემდგომ უფლებრივი ზონირებით მოცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ის ცალკეული მიწის ნაკვეთები, შენობები და ნაგებობები, რომლებიც არ შეესაბამებიან განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებს (მდებარეობა, ფართობი, კონფიგურაცია, ხაზოვანი ზომები, განაშენიანების პარამეტრები, გამოყენების ნებადართული სახეობები, ქალაქთმშენებლობითი პირობები ან/და სხვა ამ წესებით რეგლამენტირებული მახასიათებლები) იძენენ შეუსაბამო უძრავი ობიექტ(ებ)ის იურიდიულ სტატუსს, რომელსაც მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი სამსახურისა და საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ანიჭებს თბილისის საკრებულო.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ განმცხადებლის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა კომისიის წევრების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები ან/და გაზიარებულ იქნა მათი რეკომენდაციები, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით (დოკუმენტი #3093486) განმცხადებელს (ს. კ. ჰ. ა-ს) მიეცა თანხმობა სასტუმროს განთავსების მიზნით, ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობის პარამეტრების მინიჭებაზე, კოეფიციენტები კი განისაზღვრა შემდეგი სახით: კ1=0,7, კ2=4,6, კ3=0,2.

ამასთან, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ ირკვევა ქ. თბილისში, ისნის რაიონში ... ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ... სანაპიროს მხრიდან არსებული მიწის ნაკვეთისთვის (ს/კ ...), სასტუმროს განთავსების მიზნით, ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების მინიჭების მიზნით წარდგენილი საპროექტო წინადადების განხილვისას გათვალისწინებულ იქნა თუ არა ტერიტორიის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობა, არ არის დასაბუთებული, ხომ არ ილახებოდა სხვა მესაკუთრეთა ინტერესები, აგრეთვე, ასეთი სახით ინდივიდუალური ქალაქმშენებლობითი პარამეტრების დადგენა ხომ არ ეწინააღმდეგებოდა არსებული განაშენიანების გეგმარებით, მოცულობით-სივრცით და ესთეტიკურ პარამეტრებს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

რაც შეეხება შპს „ჰ...ის“ წარმომადგენლის განცხადებებს სარჩელის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე არ დასტურდება წარმოდგენილი სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი