Facebook Twitter

საქმე #ბს-1594(გ-18) 12 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - შპს „...ი“

მოპასუხეები: სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „...მა“ 2018 წლის 17 აპრილს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხეთათვის შპს „...ის“ სასარგებლოდ 760 656 ლარის გადახდის სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით №2/11174-18 სამოქალაქო საქმე - შპს „...ის“ სარჩელი სსიპ „საქართველოს მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდისა“ და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობის წესის დაცვით, განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით განსაზღვრულია სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორია და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორია. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას განეკუთვნება, რადგან მოსარჩელის მოთხოვნა თავისი შინაარსით გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებას და 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 2015 წლის 30 მარტის ქონების ნასყიდობის (კომპენსაციის) შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება. მითითებული ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველმა - შპს „...მა“ მყიდველს - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლებით გადასცა სოფელ … არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ …) განთავსებული №1 და №2 შენობა-ნაგებობები და 1817 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთიდან 757 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რის სანაცვლოდაც მყიდველს უნდა გადაეხადა კომპენსაცია 1 320 684 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, მყიდველს უნდა უზრუნველეყო სოფელ … მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების სრული დემონტაჟი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში. მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 998-ე მუხლებზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯაროსამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი - დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე. სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობანი, რის გამოც ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით შპს „...ის“ სარჩელი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 2015 წლის 30 მარტის ქონების ნასყიდობის (კომპენსაციის) შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება. მითითებული ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველმა - შპს „...მა“ მყიდველს - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლებით გადასცა სოფელ ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ …) განთავსებული №1 და №2 შენობა-ნაგებობები და 1817 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთიდან 757 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რის სანაცვლოდაც მყიდველს უნდა გადაეხადა კომპენსაცია 1 320 684 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, მყიდველს უნდა უზრუნველეყო სოფელ ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების სრული დემონტაჟი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში. მოსარჩელე მხარე ითხოვს მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით განხორციელებული მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რომლის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 998-ე მუხლებზე. აღნიშნული მოთხოვნის განხილვა, ფაქტობრივად, დაკავშირებულია მხარეებს შორის გაფორმებული ქონების ნასყიდობის (კომპენსაციის) შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შეფასებაზე. შესაბამისად, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად დადგენას საჭიროებს მითითებული ხელშეკრულების სამართლებრივი ხასიათი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევის განმსაზღვრელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი, ისე სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც სუბიექტის მონაწილეობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის შეფასებას იმის თაობაზე, რომ დავაში მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა განმსაზღვრელი არ არის დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და ასეთ შემთხვევაში მასზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასკვნას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას განსაზღვრავს ხელშეკრულების მიზანი. ხელშეკრულების მიზანი განისაზღვრება მისი შინაარსიდან გამომდინარე. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს.

საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი გულისხმობს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას, არამედ ძირითადი, უშუალო ფუნქციის განსახორციელებლად ხელშეკრულების დადებას. სხვაგვარად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ ნებისმიერ ხელშეკრულებას მიენიჭებოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სტატუსი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არა სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებული ურთიერთობა, რაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება, არამედ კერძო სამართლის სუბიექტის მიერ მის საკუთრებაში რიცხული ქონების სახელმწიფოზე განკარგვის შედეგად წარმოშობილი კერძოსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან. მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე. სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობანი. კერძოდ, სადავო ურთიერთობა გამომდინარეობს ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რომელიც კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებას წარმოადგენს და რომლის დადების დროისთვისაც გამოყენებულ იქნა სამოქალაქო სამართლის ნორმები. წარმოდგენილი სარჩელით შპს „...ი“ ითხოვს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 998-ე მუხლების თანახმად ხელშეკრულების პირობების დარღვევით განხორციელებული ქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი კერძოსამართლებრივია.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეში მონაწილე მხარეთა სტატუსისა და მოთხოვნის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ წარმოდგენილი სარჩელით სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან და მოცემულ საქმეში აღძრული სარჩელით გათვალისწინებული ურთიერთობა არ უკავშირდება მოპასუხის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას, რის გამოც, მოცემული საქმე არ განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია, რის გამოც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე