საქმე №ბ-22-1(ა-19) 11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ შპს ,,…"
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის №ბს-1294(კ-18) განჩინება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 21 დეკემბერს შპს ,,...მა'' სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილის საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის შპს ,,...ის'' საჩივრის განხილვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა,“ რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ იყო დასაბუთებული და საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ს“ დაუდგინა ხარვეზი და მის შესავსებად განუსაზღვრა ვადა, კერძოდ, კასატორს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს - ა. ს-ეს (პ/ნ ...) და 2018 წლის 5 ნოემბერს შპს „...ის“ წარმომადგენლის - ა. ს-ის თანამშრომელს - ნ. ბ-ეს (პ/ნ ...) ჩაჰბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების შემცველი გზავნილი, რაც დასტურდება გზავნილზე ხელმოწერით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების ასლი შპს „...ის“ წარმომადგენლის - ა. ს-ის თანამშრომელმა - ნ. ბ-ემ (პ/ნ ...) 2018 წლის 5 ნოემბერს ჩაიბარა გადასაცემად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2018 წლის 6 ნოემბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადა 2018 წლის 15 ნოემბრის 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. მან საკასაციო სასამართლოს ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით 2018 წლის 16 ნოემბერს მომართა, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
2019 წლის 10 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა შპს „...ის" წარმომადგენელმა - ა. ს-ემ. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ იგი დაეყრდნო ნ. ბ-ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის ხარვეზის განჩინება ჩაიბარა გადასაცემად 2018 წლის 6 ნოემბერს. შესაბამისად, შპს „...მა" 10 დღიან ვადაში - 2018 წლის 16 ნოემბერს სასამართლოს მიმართა განცხადებით ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბერის №ბს-1294(კ-18) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე შპს „...ის" განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შპს „...ის" განცხადებას, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინების ასლი შპს „...ის“ წარმომადგენლის - ა. ს-ის თანამშრომელმა - ნ. ბ-ემ (პ/ნ ...) 2018 წლის 5 ნოემბერს ჩაიბარა გადასაცემად, ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2018 წლის 6 ნოემბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადა 2018 წლის 15 ნოემბრის 24 საათზე იწურებოდა. მან საკასაციო სასამართლოს ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით 2018 წლის 16 ნოემბერს მომართა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის - შპს „...ის“ წარმომადგენლის - ა. ს-ის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი დაეყრდნო მისი თანამშრომლის - ნ. ბ-ის ზეპირ განმარტებას იმის თაობაზე, რომ მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის ხარვეზის განჩინება ჩაიბარა ა. ს-ისათვის გადასაცემად 2018 წლის 6 ნოემბერს და შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში - 2018 წლის 16 ნოემბერს შპს „...ის“ წარმომადგენელმა - ა. ს-ემ სასამართლოში წარადგინა განცხადება ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ მტკიცებულებაზე, რომლის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ჩაბარდა შპს „...ის“ წარმომადგენლის ა. ს-ის თანამშრომელს - ნ. ბ-ეს (პ/ნ ...) - 2018 წლის 5 ნოემბერს, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება – სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი გამოასწოროს, შეიცავს საპროცესო მოვალეობას – უფლების რეალიზაცია მოახდინოს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში შპს „...ის“ წარმომადგენლის ა. ს-ის მიერ საპროცესო უფლება რეალიზებული არ იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით არსებობდა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის №ბს-1294(კ-18) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შპს „...ის“ განცხადება არის უსაფუძვლო, რის გამოც ხსენებული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის №ბს-1294(კ-18) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შპს „...ის“ განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი