#ბს-242(კ-19) 7 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლისა და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. ხ-ას განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 29 იანვარს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ა. ხ-ას მიმართ დაცვის მომსახურების საფასურის - 49 200 ლარისა და პირგასამტეხლოს - 11 660,40 ლარის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა. ხ-ას სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 49 200 ლარის გადახდა; ა. ხ-ავას სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 2 915,10 ლარის გადახდა; ა. ხ-ას სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 563,45 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ა. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ-ამ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
2019 წლის 2 აპრილს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ა. ხ-ავას წარმომადგენელმა ნ. ს-მა და აღნიშნა, რომ ვინაიდან მხარეებს შორის 2019 წლის 5 თებერვალს გაფორმდა ურთიერთშეთანხმება #301033 დავალიანების ოდენობის განსაზღვრისა და შეთანხმებული გრაფიკით დაფარვის თაობაზე, შესაბამისად, კასატორისათვის საკასაციო წარმოებამ აზრი დაკარგა.
საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის წერილით კასატორს განემარტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის პირობები და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები, რის საფუძველზეც კასატორს მოთხოვნის დაზუსტება დაევალა.
2019 წლის 23 აპრილს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ იგი უარს აცხადებდა საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და მიაჩნია, რომ ა. ხ-ას მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს ა. ხ-ას საკასაციო საჩივარზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი აპელანტს ანიჭებს საპროცესო უფლებას უარი თქვას მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორი – ა. ხ-ა უარს ამბობს საკასაციო საჩივრის განხილვაზე, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო ა. ხ-ას საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. ამასთან, კასატორს უნდა განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 378-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ხ-ას განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. ა. ხ-ას მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. მხარეს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი