Facebook Twitter

საქმე Nბს-539-539(5კ-18) 11 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი (მოპასუხეები); 2. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხე); 3. აჭარის ა/რ მთავრობა (მოპასუხე); 4. საქართველოს მთავრობა (მოპასუხე); 5. ბ. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ც-ე (მოსარჩელე)

მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მესამე პირები: კომპანია „...“; სს „ი...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ც-ემ 2013 წლის 4 სექტემბერს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა/რ მთავრობის, საქართველოს მთავრობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა: ნაწილობრივ (მ. ც-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან ზედდების - 922.8 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის N01-13/76 მიმართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 12 მარტის N... გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N10-1 განკარგულება, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის N01-22/3586 მიმართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, აჭარის ა/რ მთავრობის 2009 წლის 15 სექტემბრის N82 განკარგულება და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 22 სექტემბრის N140 ბრძანება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კომპანია „...-ს“ შორის 2009 წლის 28 სექტემბრის შეთანხმების აქტი, რომელიც გაფორმდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კომპანია „...-ს“ შორის, 2009 წლის 29 ოქტომბრის აჭარის ა/რ ფინანსთა სამინისტროსა და კომპანია „...-ს“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2009 წლის 27 ოქტომბრის N728 ბრძანება, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 27 ოქტომბრის N156 ბრძანება, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 29 ოქტომბერს გამოცემული N1063-ა საკუთრების უფლების მოწმობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 4 ნოემბრის N... გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის N... გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 2 მაისის N... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 მაისის N... გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 7 ივნისის N... გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 11 თებერვლის N01-22/410 მიმართვა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 თებერვლის N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის ივნისის №684 განკარგულება ქონების გადაცემის შესახებ, უძრავი ქონების გადაცემის 2010 წლის 9 აგვისტოს ხელშეკრულება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 19 აგვისტოს №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 ივნისის №... გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის 21 თებერვლის №01-10/951 მიმართვა და 2012 წლის 4 მაისის №01-10/2102 მიმართვა, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 7 ნოემბრის №271 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 5 აგვისტოს №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 8 სექტემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მ. ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ბ. ბ-ი და კომპანია „...“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის №01-13/76 მიმართვა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 12 მარტის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების რეგისტრაცია) მ. ც-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. ბათუმი, ... გადაფარვის ნაწილში (არაუმეტეს 922,8 კვ.მ); ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 11 თებერვლის №01-22/410 მიმართვა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 თებერვლის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაცია), მ. ც-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, ..., გადაფარვის ნაწილში (არაუმეტეს 46,1 კვ.მ); აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში მ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ც-ემ, ბ. ბ-მა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურებმა.

საქმე არაერთგზის განხილულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ.

2017 წლის 15 თებერვალს, მ. ც-ის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოების დროს წარდგენილ იქნა დაზუსტებული მოთხოვნა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის სასამართლო სხდომაზე არსებულ სასარჩელო მოთხოვნებს დაემატა მ. ც-ის საკუთრების უფლების გადაფარვის ნაწილში (922 კვ.მ. ) ... - სა“ და ბ. ბ-ს შორის 2012 წლის 17 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე სს „ი...ს“ სასარგებლოდ იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 5 მარტის №... გადაწყვეტილებისა და სს „თ...სა“ და ბ. ბ-ს შორის 2015 წლის 5 მარტის №108/1 იპოთეკის ხელშეკრულების (922 კვ.მ მ. ც-ის საკუთრების უფლების გადაფარვის ნაწილში) ბათილად ცნობის მოთხოვნები. ამასთან, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას, საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაერთო სს „ი...“, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე (მესამე პირი) ბ. ბ-ი დასახელებულ იქნა მოპასუხედ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ც-ის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის და ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურების (უფლებამონაცვლე აჭარის რეგიონული ოფისი); ბ. ბ-ის (მოპასუხე) სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ც-ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ც-ის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ (ს/კ ...) მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში (შესაბამისად 922.8 კვ.მ და 46.1 კვ.მ ფართობებზე) ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 12 მარტის №... გადაწყვეტილება; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 09 ოქტომბრის №10-1 განკარგულება; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის №01-22/3586 მიმართვა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 15 სექტემბრის №82 განკარგულება; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №140; 2009 წლის 28 სექტემბრის შეთანხმების აქტი გაფორმებული აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კომპანია ,,...“ შორის; 2009 წლის 29 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია ,,...“ შორის; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2009 წლის 27 ოქტომბრის №728 ბრძანება; აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 27 ოქტომბრის N156 ბრძანება; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 29 ოქტომბრის N1063-„ა“ საკუთრების უფლების მოწმობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 4 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; 2012 წლის 17 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება (922 კვ.მ. ნაწილში) დადებული ,,... - სა“ და ბ. ბ-ს შორის; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 2 მაისის №... გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 მაისის №... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 7 ივნისის №... გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 თებერვლის №... გადაწყვეტილება; საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის 2 ივნისის №684 განკარგულება ქონების გადაცემის შესახებ; 2010 წლის 9 აგვისტოს უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 19 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 ივნისის №... გადაწყვეტილება; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის 21 თებერვლის №01-10/951 მიმართვა; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის 4 მაისის №01-10/2102 მიმართვა; აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 7 ნოემბრის №271 ბრძანება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 5 აგვისტოს (№...) გადაწყვეტილება (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 8 სექტემბრის (№...) გადაწყვეტილება (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა განახორციელოს მიწის ნაკვეთზე (ს/კ ... (დაუზუსტებელი რეგისტრაცია)) მ. ც-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით; მ. ც-ის სარჩელი იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 5 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ბ. ბ-მა, აჭარის ა/რ მთავრობამ, საქართველოს მთავრობამ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა.

კასატორმა - ბ. ბ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილებში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი: „... - სა“ და ბ. ბ-ს შორის 2012 წლის 17 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 2 მაისის N..., 2012 წლის 3 მაისის N..., 2012 წლის 7 ივნისის N... და 2012 წლის 17 აპრილის N... გადაწყვეტილებები. კასატორმა ასევე საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი ბ. ბ-ი აღნიშნავს, რომ აპელანტმა მ. ც-ემ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა „...-სა“ და ბ. ბ-ს შორის 2012 წლის 17 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (922 კვ.მ ნაწილში) ბათილად ცნობა. გარდა აღნიშნული დავის საგნის განსჯადობის პრობლემატიკისა, მხარემ გაზარდა სააპელაციო მოთხოვნა, ვინაიდან სადავო ხელშეკრულებაზე არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა მსჯელობა, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, დაუშვებელია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დავის საგნის შეცვლა ან გადიდება აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა. აღნიშნული ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (იხ. საქმე №ბს-1477-1459, Nბს-168-162 (კს-09)). სააპელაციო სასამართლოში უმართებულოდ მოხდა ბ. ბ-ის პროცესუალური სტატუსის შეცვლა და მესამე პირის ნაცვლად მოპასუხედ ჩაბმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, კეთილსინდისიერ შემძენს არ ექნება საჯარო რეესტრის ჩანაწერისადმი ნდობა და კანონი უსასრულოდ დაუშვებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების საცილოდ გახდომის შესაძლებლობას, დაირღვევა თავად საკუთრების უფლების არსი და საფუძველი გამოეცლება სამართლებრივ წესრიგს. იმ შემთხვევაში თუ თავდაპირველ მესაკუთრეს ზიანი მიადგა სახელმწიფო ორგანოს ბრალით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი სახელმწიფოს აკისრებს ზიანის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას. ბ. ბ-ი მოქმედებდა საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ენდობოდა რა ნივთის შეძენისას საჯარო რეესტრის ჩანაწერებს, იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს. შემძენს არ აქვს ვალდებულება ამოწმოს მესაკუთრის საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტების კანონშესაბამისობა, ის აღჭურვილია კანონიერი ნდობის უფლებით. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ბ. ბ-ი არ წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს. სასამართლომ ისე გააკეთა ზემოაღნიშნული დასკვნა, რომ არ შეუფასებია წარდგენილი მტკიცებულებები (ნოტარიულად დამოწმებული ინტერნეტ ბანკის მეშვეობით გადახდილი ფულადი თანხის ამონაწერი და მხარეთა შორის გაფორმებული თანხის მიღების შესახებ შეთანხმება). ნიშანდობლივია, რომ „...-ს“ ჰქონდა სამოქალაქო სამართლებრივი დავა სახელმწიფოსთან. აღიარებული მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდა ექვივალენტური ღირებულების სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადების გზით, უდავოა, რომ „...-ს“ და სახელმწიფოს შორის მოთხოვნები აღსრულებულია, შესაბამისად, ერთი სასამართლოს მიერ მიღებული აღსრულებული გადაწყვეტილების გადაფასება დაუშვებელია.

კასატორმა - აჭარის ა/რ მთავრობამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - აჭარის ა/რ მთავრობის მოსაზრებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტამდე არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ შეაფასა რამდენად კანონშესაბამისია მთავრობის /მთავრობის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 7 ნოემბრის N271 ბრძანება, რომლითაც მ. ც-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქონების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს მიერ და შემდგომი რეგისტრაციებისთვის გამოცემული აქტების ბათილობა ვერ მოხდებოდა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კასატორი აცხადებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის განმარტების თანახმად, „...-ი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების კეთილსინდისიერ შემძენია. „...-მა“ არ იცოდა, რომ საკუთრებაში გადაცემული ქონების ნაწილი მესამე პირის საკუთრებას წარმოადგენდა, რადგან საჯარო რეესტრის ამონაწერით ქონება წარმოადგენდა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთს.

კასატორმა - საქართველოს მთავრობამ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 ივნისის N684 განკარგულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... 50072 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

კასატორი - საქართველოს მთავრობა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 ივნისის N684 განკარგულება სრულიად დაუსაბუთებელია, არ არის მოყვანილი აღნიშნული აქტის ბათილობის საფუძველი. აქტის ბათილობის საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომლის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სადავო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 ივნისის N684 განკარგულება გამოცემულია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის N26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დაცვით. დადგენილია, რომ სადავო აქტით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... მდებარე 50072 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ ...), რომელიც აქტის გამოცემის დროისთვის საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერით წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რაც გულისხმობს, რომ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული N684 განკარგულების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

კასატორებმა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა განახორციელოს მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მ. ც-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. კასატორებმა ასევე საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის N01-13/76 მიმართვა „ადგილობრივი თვითმართველობის ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-6 მუხლების შესაბამისად (06.03.2009 მდგომარეობით) არ წარმოადგენდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ადგილობრივი თვითმართველობის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკმარის დოკუმენტს. კასატორები მიუთითებენ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აცხადებენ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის მომართვა, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის N01/22/3586 მომართვაზე თანდართული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N10/1 განკარგულება, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2009 წლის 29 ოქტომბერს გამოცემული N1063-ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და ნასყიდობის ხელშეკრულება (თარიღი 29.10.2009წ. რეგ. N...), ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, თარიღი 17.04.2012 წ), აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 11 თებერვლის N01-22/410 მომართვა, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 ივნისის N684 განკარგულება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება (09.08.2010წ. რეგ N...) განიხილება ისეთ სარეგისტრაციო დოკუმენტებად, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. კასატორები ყურადღებას ამახვილებენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის 2017 წლის 13 იანვრის N15964/17 წერილზე, რომლის თანახმად, N8... განაცხადზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ არის ზედდებაში საკადასტრო მონაცემებთან საკადასტრო კოდით ... და ზედდებაშია უძრავ ნივთთან საკადასტრო კოდით ... მის ნაწილთან 46 კვ.მ-ით. ამდენად, არსებითი ყურადღება უნდა მიექცეს მოსარჩელის კონკრეტული ინტერესი იკვეთება თუ არა სადავო რეგისტრაციის შესახებ N... (19.02.2019წ.) გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. კასატორები აცხადებენ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 968 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაური, სოფ. ... (საკადასტრო კოდი ...) წარმოადგენს დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთს, რომელსაც არ გააჩნია კანონით და ინსტრუქციით გათვალისწინებული საკადასტრო მონაცემები. მიწის ნაკვეთი არაა რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიან სისტემაში და საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით, რაც არ იძლევა აღნიშნული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში იდენტიფიცირების საშუალებას, რის გამოც შეუძლებელია ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი (დაზუსტებული) მონაცემების შედარება არაელექტრონულ (დაუზუსტებელ) მონაცემებთან. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის“ ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, უძრავი ნივთის დაყოფისას/გაერთიანებისას, უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე რეგისტრირებული უფლება ან ვალდებულება მათი სარეგისტრაციო მონაცემები უცვლელად გადადის დაყოფის/გაერთიანების შედეგად შექმნილ შესაბამის უძრავ ნივთზე (ნივთებზე) ან მის (მათ) ნაწილებზე, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე საკადასტრო კოდით ..., ... და ... ირიცხებოდა ბ. ბ-ის და აჭარის ა/რ რესპუბლიკის საკუთრების უფლება, ხოლო 2012 წლის 25 აპრილის N...., 2012 წლის 26 აპრილის N..., 2012 წლის 7 ივნისის N... განცხადებით მოთხოვნილ იქნა ბ. ბ-ისა და აჭარის ა/რ საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთის დაყოფის/გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამდენად უძრავი ნივთების, საკადასტრო კოდით ..., ... და ... დაყოფის/გაერთიანების შედეგად უცვლელად გადავიდა ბ. ბ-ის/აჭარის ა/რ საკუთრების უფლება.

კასატორი - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო არ ეთანხმება სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის N01-10/3586, 2012 წლის 21 თებერვლის N01010/951 და 2012 წლის 4 მაისის N01-10/2102 წერილების (მიმართვების) ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევას, ვინაიდან აღნიშნული წერილებით არ დამდგარა სამართლებრივი შედეგი. წერილები ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად. სამინისტროს 2012 წლის 04 მაისის N01-10/2102 მიმართვით საჯარო რეესტრს ეთხოვა წარდგენილი დაზუსტებული აზომვითი ნახაზის ქაღალდური და ელექტრონული ვერსიის თანახმად დაეზუსტებინა უკვე რეგისტრირებული მონაცემები, რა დროსაც არ მომხდარა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება ზედდების გამო მესამე პირთან. შესაბამისად, აღნიშნული მიმართვით მოხდა რეგისტრირებული ქონების დაზუსტებული ფორმით აღრიცხვა და იგი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კომპანია „...-ს“ შორის გაფორმებული შეთანხმების აქტის ბათილად ცნობას. შეთანხმების აქტის მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, კომპანია „...-ს“ გადასცემს საკუთრების უფლებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 35000 კვ.მეტრის ოდენობით. შეთანხმების აქტიდან არ ჩანს კონკრეტულად რომელი მიწის ნაკვეთი (არ იყო განსაზღვრული ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა საკადასტრო კოდის მითითებით) გადაეცემოდა მყიდველს შესაბამისად, იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მოსარჩელის ინტერესებს. შეთანხმების აქტის თანამონაწილეს არ წარმოადგენს მოსარჩელე მხარე და სადავო ქონების ნაწილში შეთანხმების აქტი არ გაფორმებულა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა. კასატორს მიაჩნია, რომ სამინისტრო მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „...-ი“ წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, რადგან არ იცოდა, რომ საკუთრებაში გადაცემული ქონების ნაწილი მესამე პირის საკუთრებას, რომ წარმოადგენდა, საჯარო რეესტრის ამონაწერით ქონება იყო უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო. კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ სადავო ქონება სახელმწიფო საკუთრებიდან დანაშაულებრივი გზით გავიდა, რაც ცნობილი იყო მ. ც-ითვის და იგი ვერ იქნება კეთილსინდისიერი შემძენი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით აჭარის ა/რ მთავრობის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. ბ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ მთავრობის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობის, ბ. ბ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი დასაბუთება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ შეფასებას. საკასაციო პალატის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა და შეასრულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული ნორმის დათქმა საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასების სავალდებულოობის შესახებ.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს 2008 წლის 20 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ხელვაჩაურში, სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე, დაუზუსტებელი ფართობით: 968 კვ.მ. მიწის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციისა და შემდგომ განკარგვის შესახებ სადავო აქტებისა და ხელშეკრულებების კანონშეუსაბამობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რადგან საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ბ. ბ-ის სახელზე დაზუსტებული სახით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მ. ც-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს ფარავს 922.8 კვ.მ-ით, ხოლო სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი – 46.1 კვ.მ -ით.

მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი საკასაციო განაცხადებიდან სადავო აქტების კანონიერების შეფასების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პასუხი გაეცეს შემდეგ საკითხებს:

საკასაციო პალატის განმარტებით ის გარემოება, რომ სადავო რეგისტრაციების დროს მოსარჩელის სახელზე საკუთრებაში რიცხული ნაკვეთი საჯარო რეესტრში არ იყო დაზუსტებული სახით რეგისტრირებული, არ ადასტურებს სადავო აქტების კანონიერებას. დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექეტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია (სუს. გ. საქმე Nბს-367-363(კ-12) 28.02.13წ.). სახელმწიფოსა და თვითმმართველ ერთეულზე პირველადი რეგისტრაციების შესახებ გადაწყვეტილებები ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობის გარკვევის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2009 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულება უკავშირდებოდა 968 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში სადავო რეგისტრაციების კანონიერებას, რომელზეც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად დადგინდა მ. ც-ის საკუთრების უფლების კანონიერება, რადგან სახელმწიფომ საერთაშორისო კერძო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების მიზნით განახორციელა მ. ც-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია და შემდეგ კომპანია „...-ისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, რისი უფლებამოსილებაც სპეციალური უფლებამოსილების, სავალდებულო თანხმობის ან/და გარიგების მოწონების გარეშე სახელმწიფოს არ გააჩნდა. საგულისხმოა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე 2009 წლის მარტიდან 2013 წლის აგვისტომდე რეგისტრირებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება-ყადაღა და ამდენად, არ არსებობდა კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების, ქონებაზე ყადაღის დადების პირობებში ახალი მესაკუთრეების სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ მ. ც-ე ასაჩივრებდა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილებას ბ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. ამდენად, მ. ც-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძვლის, სარეგისტრაციო დოკუმენტის - ბ. ბ-სა და კომპანია ,,...-ს’’ შორის 2012 წლის 17 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნა შესაბამისობაშია „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის დანაწესთან. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის, ბ. ბ-ის, საქართველოს მთავრობის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 25.05.2018წ. N14662 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. კასატორს - ბ. ბ-ს (პ/ნ …) დაუბრუნდეს 28.05.2018წ. N1 საგადახდო დავალებით ი. ჩ-ას (პ/ნ …) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე