საქმე №ბს-1077(კ-18) 27 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)
თავდაპირველი მოსარჩელე - ვ. მ-ე (მ. მ-ის უფლებამონაცვლე)
მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთან და ეკონომიკის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ
დავის საგანი - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა,ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-ემ და ქ. მ-ემ 2015 წლის 7 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 7 სექტემბრის №9 ოქმის №21 გადაწყვეტილებისა და 2015 წლის 07 სექტემბრის №9 ოქმის №22 გადაწყვეტილების (ქ. მ-ე) ბათილად ცნობა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მ. მ-ისა და ქ. მ-ის საკუთრების უფლების აღარების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმული იქნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის, ქ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 7 სექტემბრის სხდომის N9 ოქმის N21 გადაწყვეტილება მ. მ-ეზე ქობულეთი, ... ქ. N30-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქობულეთში, ... ქ. N30-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე მ. მ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 7 სექტემბრის სხდომის N9 ოქმის N22 გადაწყვეტილება ქ. მ-ეზე ქობულეთში, ... ქ. N19-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქობულეთში, ... ქ. N19-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე ქ. მ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით შეჩერდა წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე №3/ბ-533-2016 წ. მ. მ-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, შეჩერებული №3/ბ-533-2016 წ. ადმინისტრაციული საქმის წარმოება განახლდა; მ. მ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ვ. მ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება ქ. მ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის დაკისრების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. მ-ემ და ქ. მ-ემ, რომლებმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვეს, ქ. მ-ის ნაწილში.
კასატორები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კასატორები განმარტავენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებაში, მართალია, გამოიყენა, მაგრამ არასწორად განმარტა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ქონების უდავო ფლობის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კასატორი მიუთითებს, რომ კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა, დაუსაბუთებელი და არ ასახავს ფაქტობრივ მდგომარეობას. კომისიამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმე არ შეისწავლა, რასაც მოჰყვა უფლების ხელყოფა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სპეციალისტის განმარტება, რომელმაც 2017 წლის 15 მაისს მოამზადა საკადასტრო გეგმა. აღნიშნული საკადასტრო ნახაზი შესრულდა ფაქტობრივი მდგომარეობის გადაწმოწმებით, ქობულეთში, ... დასახლებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. მიწის ნაკვეთის მონაცემებთან შედარება მოხდა საკოორდინაციო სისტემაში. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქობულეთში, ...ი და დანარჩენი მიწის ნაკვეთიდან გამიჯნულია გზით და ღობით. ნაკვეთზე განლაგებული არის კაპიტალური შენობა-ნაგებობები, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები. შესრულებული და თანდართული საკადასტრო ნახაზები მომზადებულია ფაქტობრივი მდგომარეობით და ასახავს რეალურ მდგომარეობას. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების შესაბამისად მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში (საკადასტრო კოდი №...) (საკადასტრო კოდი № ...) რიცხულ მიწის ნაკვეთთან. ალოგიკურია იმის მტკიცება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება არ არის სახელმწიფო საკუთრება და ის განკარგულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით, ვ. მ-ისა და ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი ვ. მ-ის მოთხოვნის ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია ქ. მ-ის მიერ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენამდე საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს მხრიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე გადაცემის ფაქტი, რაც წარმოადგენს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებისათვის სახელმწიფოს მიერ უძრავი ქონების განკარგვას. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 2009 წლის 10 მარტის ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესით და მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაცია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - ქ. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 08.11.2018წ. N0 საგადასახადო დავალებით თ. კ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე