Facebook Twitter

საქმე №ბს-917(3კ-18) 6 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ „…ის ფონდი“ (მოპასუხეები), ა. ხ-ი (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - ს. შ-ი (მოსარჩელე)

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - ა. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. შ-მა 2016 წლის 15 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ა. ხ-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ა. ხ-ის სახელზე დარეგისტრირებული უძრავი ქონების ს. შ-ისათვის დარეგისტრირების დავალება.

ს. შ-მა 2016 წლის 24 მაისს დააზუსტა სარჩელი, კერძოდ, მოპასუხეებად დაასახელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური; ქალაქ თბილისის მერია, ...ის ფონდი, ა. ხ-ი, ა. ა-ი და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ა. ხ-ის სახელზე განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, ...ის (ამჟამად ...ის) ქუჩა №36-ში,ს/კ №... საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე 48,42 კვ.მ. ფართის და მანსარდი (სხვენის) 89,30 კვ.მ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ა. ხ-ის სახელზე დარეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ს. შ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია, ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №10.54.469 დადგენილების ბათილად ცნობა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ ...ის ფონდისა“ და ა. ხ-ს, თ. ა-ს შორის 2014 წლის 24 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ა. ხ-ი და ა. ა-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №10.54.469 დადგენილება და დაევალა მოპასუხე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „...ის ფონდსა“ და ა. ხ-ს, თ. ა-ს შორის 2014 წლის 24 ივნისის ხელშეკრულება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე; დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ა(ა)იპ „...ის ფონდმა“ და ა. ხ-მა. აპელანტებმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ „...ის ფონდის“ და ა. ხ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ა(ა)იპ „...ის ფონდმა“ რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ა. ხ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული, კერძოდ, აღნიშნავს, რომ სასამართლოს ერთი მხრივ, დადგენილი აქვს, რომ 35 კვ.მ ფართის სანაცვლოდ ...ის ფონდმა სადავო აქტის გამოცემამდე რამდენიმე წლით ადრე შეასრულა საკუთარი ვალდებულება და გადასცა ფართი ს. შ-ს. მეორე მხრივ, საუბრობს, რომ შენობის აშენების შემდეგ, 27 კვ.მ ფართთან დაკავშირებით ფონდს 2014 წელს უნდა გამოეკვლია ს. შ-ის სამართლებრივი მდგომარეობა, მაშინ, როდესაც 2012 წელს ს. შ-ისთვის მფლობელობაში უკვე იყო გადაცემული ს. შ-თან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართი. რეალურად, საქმის მასალებში ნათლად ჩანს, რომ ფონდმა ს. შ-ის მიმართ კეთილსინდისიერად შეასრულა საკუთარი ვალდებულებები. ამას ადასტურებს, თავად ს. შ-ის განცხადებებიც, რომლის მიხედვით, მან ფონდისგან მიიღო ახალი ფართი და განახორციელა სარემონტო სამუშაოები. გაურკვეველია, როგორ განახორციელა ს. შ-მა სარემონტო სამუშაოები ფართში, თუკი არ მომხდარა მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართის გადაცემა.

კასატორის ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა იყო თუ არა ა(ა)იპ ...ის ფონდსა და ფიზიკურ პირებს, ა. ხ-სა და თ. ა-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ადმინისტრაციული კოლეგიის/პალატის განსჯადი, რადგან ...ის ფონდის საჯარო ფუნქცია არ არის ქონების განკარგვა, ამდენად საჯარო მიზნის არარსებობის პირობებში სასამართლოს უნდა ემსჯელა იყო თუ არა აღნიშნული ხელშეკრულება ადმინისტრაციული კოლეგიის/პალატის განსჯადი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა. ხ-ისა და ა(ა)იპ „...ის ფონდის“ საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა. ხ-ისა და ა(ა)იპ „...ის ფონდის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის შესაბამისად ...ის ქ. N36-ში მდებარე შენობა შესული იყო სარეაბილიტაციო შენობა - ნაგებობათა ნუსხაში. რეაბილიტაციას ახორციელებდა ა(ა)იპ ,,...ის ფონდი“, ხოლო მოსარგებლე ს. შ-ი წარმოადგენდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის მოსარგებლეს. დადგენილია, რომ 2012 წლის 24 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა ქ. თბილისში, ...ის ქ. N36-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ნაწილის დემონტაჟისა და ახალი საცხოვრებელი სახლის აშენების შემდეგ მოსარგებლისათვის ამავე მისამართზე შესაბამისი ფართის გადაცემის პირობები. მოსარგებლის მიერ მის სარგებლობაში ამჟამად არსებული ფართის/ფართების სანაცვლოდ მოსარგებლის მიერ მისაღები ფართი განისაზღვრება არანაკლებ 35 კვ.მ. ფართით ახლადაშენებულ შენობაში, რომელიც განლაგდება ...ის ქ. N36-ში ახლადაშენებული შენობის ნაწილში. ზემოაღნიშნული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 2012 წლის 21 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება, ერთი მხრივ, ა(ა)იპ ,,...ის ფონდსა’’ და მეორე მხრივ, ა. ხ-ს შორის, რომლითაც, მესაკუთრემ (ა. ხ-მა) თანხმობა განაცხადა ფონდს განეხორციელებინა ხელშეკრულების დანართით წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა 2/2- ის და შენობა-ნაგებობის 3/1-ის სრული დემონტაჟი, ხოლო ფონდმა აიღო ვალდებულება გადაეცა მესაკუთრისათვის ...ის ქ. N36-ში მდებარე ახალაშენებულ შენობაში არანაკლებ 84.52 კვ.მ. აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2012 წლის 17 ივლისს შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, მესაკუთრის განცხადებით, აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით მასსა და ს. შ-ს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობები გამოსარკვევია, ხოლო ფონდის განცხადებით მესაკუთრესა და ს. შ-ს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობები უნდა მოაგვარონ ურთიერთშორის და აღნიშნულთან დაკავშირებით ფონდი არ იღებს პასუხისმგებლობას.

ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალებით ს. შ-ს არ გამოუხატავს ნება 2012 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულების მიმართ ფონდის პასუხისმგებლობის მესამე პირისათვის გადაკისრების თაობაზე, საკასაციო პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლზე მითითებით მართებულად მიიჩნევს სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხე ფონდმა 2012 წლის 17 ივლისს ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების გზით პასუხისმგებლობა ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაზე გადააკისრა მესამე პირს მოთხოვნის მფლობელთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, რაც ა(ა)იპ ,,...ის ფონდსა’’ და ა. ხ-ს, თ. ა-ს შორის 2014 წლის 24 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის წინაპირობაა.

რაც შეეხება ,,ა(ა)იპ ...ის ფონდისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში მიღებასთან და მის შემდგომ გასხვისებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის თაობაზე" ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის N10.54.469 დადგენილების კანონიერებას საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ აქტის გამოცემისას არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული ს. შ-ის მიერ მითითებული ფაქტები იმის შესახებ, რომ მას უკანონოდ ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი, რაზეც ააშენა საცხოვრებელი ფართი, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ფონდმა გააფორმა მასთან ხელშეკრულება სანაცვლო ფართის გადაცემის შესახებ, თუმცა აღნიშნული გარემოების გამოკვლევის გარეშე, მესამე პირებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცათ მიწის ნაკვეთი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული გარემოებები, აღნიშნული კი ქმნის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა. ხ-ისა და ა(ა)იპ „...ის ფონდის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება;

3. კასატორს - ა. ხ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 16.08.2018წ. (რეფერენსი 6938019391)მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. კასატორს - ა(ა)იპ ...ის ფონდს (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 20.09.2018წ. №09698 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე