Facebook Twitter

საქმე №ბს-950(2კ-18) 27 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - რ. ჩ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ჩ-მა 2017 წლის 25 ივლისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი „შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N551460 ბრძანება რ. ჩ-ის ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის N1654584 ბრძანება რ. ჩ-ის ნაწილში; დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ. ჩ-ის შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველოს ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რ. ჩ-ის სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით; დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რ. ჩ-ის სასარგებლოდ 2017 წლის ყოველწლიური კუთვნილი გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით №3/5170-17 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N551460 და 2017 წლის 11 ივლისის N1654584 ბრძანებები რ. ჩ-ის ნაწილში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ. ჩ-ის შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველოს ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა რ. ჩ-ის სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რ. ჩ-ის სასარგებლოდ 2017 წლის გამოუყენებელი ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება და 2018 წლის 18 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; არ დაკმაყოფილდა აპელანტების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და ძალაში დარჩა მითითებული გადაწყვეტილება სრულად; დაკმაყოფილდა აპელანტების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება და რ. ჩ-ს უარი ეთქვა 2017 წლის გამოუყენებელი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ. კასატორებმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდნენ სააპელაციო საჩივრებს, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სეტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან სამართლებრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ 2017 წლის 7 მარტის ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლებიც ითვალისწინებს საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით პოლიციელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას და კადრების განკარგულებაში აყვანას არაუმეტეს 4 თვის ვადით „შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება“. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ არ არსებობდა მითითებული საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, რამდენადაც რ. ჩ-ის მიერ დაკავებული თანამდებობა არ შემცირებულა.

საკასაციო პალატის მოსაზრებით აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 9 დეკემბრის N402 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულებითა“ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 5 აპრილის N75 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულებით“ გათვალისწინებული სახმელეთო ოპერაციების დაგეგმარების განყოფილებისა და სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების სამსახურის ფუნქციები და ამოცანები განსხვავებულადაა ფორმულირებული, თუმცა არსებითად იმავე შინაარსის მატარებელია, რაც გამორიცხავდა სადავო ბრძანებაში მითითებული საფუძვლით მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესაძლებლობას.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების (სუს. გ. საქმე №ბს-449-442 (კ-15) 08.07.15წ.) არსებობის პირობებში კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე