საქმე Nბს-963(კ-18) 27 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. კ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)
მესამე პირები: კერძო აღმასრულებელი - მ. მ-ა, ც. დ-ი, ჟ. ჩ-ე, მ. კ-ა, ჯ. თ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-მა 2016 წლის 23 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მ. კ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. ზუგდიდი, ... ქ. N25, საკადასტრო კოდით: ..., იძულებით საჯარო აუქციონზე გაყიდვის თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 17 მაისის NA16010960-014/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ც. დ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა კერძო აღმასრულებელი მ. მ-ა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ჟ. ჩ-ე, მ. კ-ა და ჯ. თ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მა. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი - მ. კ-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კრედიტორის მოთხოვნით არ უნდა მომხდარიყო სააღსრულებო ფურცლის ამოწერა, ვინაიდან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე გრძელდებოდა თანხის გადახდა და გადაიხადა კიდეც 2016 წლის 11 თებერვალს - 1900 აშშ დოლარი და 15 თებერვალს - 1000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ იცოდა, რომ ფაქტობრივად გადახდილი ჰქონდა კრედიტორისთვის ვალი და დარჩენილის გადახდას აგრძელებდა, არც უფიქრია რომ მისი უძრავი ქონება სარეალიზაციოდ გავიდოდა აუქციონზე. ქონების იძულებითი წესით რეალიზაციის შესახებ მ. კ-ისთვის არავის უცნობებია. არც მისი უძრავი ქონების შეფასების აქტი გადაუციათ, არც აუქციონის ჩატარების შედეგებზე უცნობებიათ. ივნისის თვის დასაწყისში გახდა მოსარჩელისთვის ცნობილი აუქციონის შესახებ, როდესაც საჯარო რეესტრში ც. დ-ის სახელზე ნახა მისი ქონება რეგისტრირებული. 2016 წლის 22 ივნისს გადაეცა განკარგულება იუსტიციის სახლში მის უძრავ ქონებაზე აუქციონის ჩატარების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 17 მაისის NA160010960-014/001 განკარგულება, რომლითაც დგინდება, რომ მ. კ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ზუგდიდი, ... ქ. N25, საკადასტრო კოდით ...) შემძენი 2016 წლის 13 მაისს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა ც. დ-ი. მოსარჩელე სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აუქციონი ჩატარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით, კერძოდ, მან არ იცოდა იძულებითი ღონისძიებების დაწყების შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 16 აპრილს იპოთეკარებს (გამსესხებლებს) ჟ. ჩ-ეს, მ. კ-ას, ც. დ-ს, ჯ. თ-სა და მესაკუთრეს (მსესხებელს) მ. კ-ის წარმომადგენელს თ. გ-ას შორის გაფორმდა N... სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკარებმა მესაკუთრეს გადასცეს ჯამში 19000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, 2014 წლის 16 ივლისის ჩათვლით. იპოთეკით დაიტვირთა მ. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ზუგდიდი, ... ქ. N25. ს/კ ... . 2015 წლის 1 აპრილს ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და თანხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 1 მაისი. კრედიტორის ც. დ-ის მოთხოვნის შესაბამისად, 2014 წლის 16 აპრილის N... სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების აღსრულების მიზნით, 2015 წლის 5 მაისს ნოტარიუსმა დ. ფ-ემ გასცა სააღსრულებო ფურცელი. კერძო აღმასრულებელს მ. მ-ას და ც. დ-ს შორის 2016 წლის 3 თებერვალს გაფორმდა N011/2016 სააღსრულებო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. მ-ას უნდა განეხორციელებინა აღსრულება 2015 წლის 5 მაისის ნოტარიუს დ. ფ-ის მიერ გაცემული N150445373 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. საქმეზე დადგენილია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ქ. ზუგდიდში, ... ქ. N25-ში მ. კ-ს გაეგზავნა კერძო აღმასრულებლის მ. მ-ას (ლიცენზია N75) 2016 წლის 4 თებერვლის NA16010960-004/001 გადაწყვეტილება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. შპს „...“ საფოსტო შეტყობინებებით დგინდება, რომ კერძო აღმასრულებლის მ. მ-ას მიერ მ. კ-ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი NCER... პირადად ჩაიბარა მ. კ-მა 2016 წლის 5 თებერვალს. ზემოაღნიშნულის გარდა, 2016 წლის 16 თებერვალს კერძო აღმასრულებელმა მ. მ-ამ მოახდინა იპოთეკის საგნის აღწერა-დაყადაღება და შეადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი ოქმი; ოქმის სისწორე ხელმოწერებით დაადასტურეს კერძო აღმასრულებელმა - მ. მ-ამ, მოვალე - მ. კ-მა და დამსწრემ - კ. ე-ამ. ქონების აღწერა-დაყადაღების ოქმში აღნიშნულია, რომ მ. კ-მა კერძო აღმასრულებელს - მ. მ-ას დაუდასტურა, რომ ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების წინადადება. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ. შ-ას 2016 წლის 16 აპრილის ოქმში აღნიშნულია, რომ მოხდა მ. კ-ის ინფორმირება მოსალოდნელ აუქციონთან დაკავშირებით, რასაც ხელმოწერით ადასტურებს თავად მოსარჩელე. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორს, რომ ის არ იყო ინფორმირებული მოსალოდნელი იძულებითი აუქციონის შესახებ. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინება;
3. კასატორს - მ. კ-ს (პ/ნ 6...) დაუბრუნდეს ლ. კ-ის (პ/ნ ...) მიერ 26.07.2018წ საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე