საქმე №ბს-984 (კ-18) 27 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „...ა“, შპს „ზ...ი“, ჯ. პ-ე, ზ. პ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2016 წლის 12 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხეების - შპს „...ას“, შპს „ზ...ის“, ჯ. პ-ისა და ზ. პ-ის მიმართ და მოითხოვა მათი ცრუმაგიერ პირებად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებულ იქნენ შპს „...ა“ და შპს „ზ...ი“. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურმა, ასევე შპს ,,...ამ" და შპს ,,ზ...მა“, რომელთაც მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მათ სასარგებლოდ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის, შპს „...ას“ და შპს „ზ...ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ 2014 წლის 12 ივნისს შპს ,,...ას" დირექტორმა ჯ. პ-ემ თავისი შვილის ზ. პ-ის საწარმოს შპს ,,ზ...ს" (ს/ნ ...) უნაღდო ანგარიშსწორებით გადასცა მის საკუთრებაში არსებული გირავნობა/იპოთეკით დატვირთული 17 000 ლარის ღირებულების სასაქონლო მარაგები (კარტოფილის ჩიფსის დამამზადებელი დანადგარი), რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში ასახული სასაქონლო ზედნადებებით N ... . შპს ,,...ას" მიერ ჯ. პ-ემ და ზ. პ-ემ შპს ,,ზ...ის" მეშვეობით საგადასახადო ვალდებულების არსებობის პერიოდში გარიდებულ იქნა საწარმოდან გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების საშუალება, კონკრეტული ქონება, რის შედეგადაც შეუძლებელი აღმოჩნდა საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება და დღეის მდგომარეობით შეუსრულებელი რჩება ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა სრულიად მართებულად მიიჩნია, რომ შპს ,,...ას“ 100% – იანი წილის მფლობელის და დირექტორის ჯ. პ-ეს შვილის ზ. პ-ის სახელზე ახალი საწარმოს დარეგისტრირება, ქონების გადაწერა (სასაქონლო მატერიალური ფასეულობების), საწარმოს საქმიანობის შეჩერება და იმავე საქმიანობის გაგრძელება იმავე მისამართზე ახალი საწარმოს მეშვეობით მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისგან თავის არიდებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი სრულიად უსაფუძვლოდ განმარტა, რომ თითქოს საგადასახადო ორგანოს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები შპს ,,...ას“ (ს/ნ ...) შპს ,,ზ...ის“ (ს/ნ ...), ჯ. პ-ის (პ/ნ ...) და ზ. პ-ის (პ/ნ...) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის და არასწორად მიუთითა, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჯ. პ-ის (პ/ნ ....) შვილია ზ. პ-ე (პ/ნ ...), არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დასაკმაყოფილებლად.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხეები არიან ურთიერთდამოკიდებული პირები, ცალსახად იქმნება პრაქტიკული გაუმიჯნაობის დადგენის სამართლებრივი საფუძველი, რაც გამყარებულია სათანადო მტკიცებულებებით და მოპასუხეთა მიერ განხორციელებული ქმედებები საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად, ქმნიდა ცრუმაგირე პირებად ცნობის საფუძველს.
სსიპ - შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არსებობს პირთა გამიჯვნის შეუძლებლობა და ისინი გამოყენებულნი არიან უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ შპს „...ას“ მიერ, თავისი ინტერესების მიზნით, გადასახადის გადახდევინების ღონისძიებების გატარებისაგან თავის ასარიდებლად გამოყენებული იქნა უშუალოდ საწარმო, შპს „ზ...ი“, კერძოდ, ფიზიკური პირი - ზ. პ-ე არის შპს „...ას“ დირექტორის, ჯ. პ-ის შვილი, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენდა შპს „ზ...ის“ ერთპიროვნულ დამფუძნებელს და დირექტორს, რომელმაც ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით მიიღო შპს „...ასგან“ მის საკუთრებაში არსებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობა, 17 000 ლარის საერთო თანხით.
კასატორის მითითება ცრუმაგიერობის დადგენის ზოგად წინაპირობებსა და საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლზე, არ ასაბუთებს სარჩელის საფუძვლიანობას, რადგან კასატორი ვერ ადასტურებს რომელიმე მის მიერვე აღნიშნული კრიტერიუმის არსებობას. ამასთანავე, მოპასუხეთა საქმიანობის/რეგისტრაციის ადგილის იდენტურობა იმთავითვე არ გულისხმობს მათ ცრუმაგიერობას, რადგან საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მიხედვით ცრუმაგიერობის დადგენის აუცილებელი კუმულაციური წინაპირობებია გადასახადის გადამხდელის სხვა პირისაგან განსხვავების შეუძლებლობა და გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზანი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ გადასახადის გადახდაზე ვალდებულმა პირმა, შპს „...ამ“ გადასცა თავისი ქონება შპს „ზ...ს“ საკუთრებაში და ეს ქონება არ მიუღია ფიზიკურ პირს, ზ. პ-ეს, შესაბამისად, ვერ იქნა დადასტურებული, რომ ზ. პ-ე და ჯ. პ-ე გამოყენებული იქნენ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, საქმის მასალებით ასევე ვერ იქნა უდავოდ დადასტურებული, რომ შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება ერთმანეთისგან, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე