Facebook Twitter

საქმე №ბს-993(კ-18) 27 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. შ-ე (მოსარჩელე)

მოპასუხეები -ი. შ-ე, მ. შ-ე, ნ. შ-ე, ხ. შ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ,ქმედების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. შ-ემ 2017 წლის 13 მარტს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ი. შ-ის, მ. შ-ის, ნ. შ-ის, ხ. შ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 05 მაისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ხულოს რაიონის სოფელ ... მდებარე 1000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე 153.24 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ...) დარეგისტრირდა ი. შ-ის, მ. შ-ის, ნ. შ-ისა და ხ. შ-ის თანასაკუთრების უფლება. თ. შ-ემ ასევე მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2017 წლის 20 თებერვლის თ. შ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის დავალება განაახლოს გადაწყვეტილება N... (05.10.2016)

სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და დააკმაყოფილოს თ. შ-ის განცხადებით მოთხოვნილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ხულო, სოფელი ... (ზონა ხულო, სექტორი: ...).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 05 მაისის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 თებერვლის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ოფისს დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ. შ-ის განცხადებაზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 862 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთსა 98.00 ფართის შენობა - ნაგებობის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურმა ოფისმა, ი. შ-ემ, მ. შ-ემ, ნ. შ-ემ და ხ. შ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით ი. შ-ის,მ. შ-ის,ნ. შ-ის,ხ. შ-ის,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურმა ოფისის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურმა ოფისმა, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, ყურადღება არ გაამახვილა არც ფაქტობრივ გარემოებებზე და არც მხარეთა ახსნა-განმარტებაზე, რომელიც მხარეთა მიერ იყო გაჟღერებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე უპირველესად უნდა გამოეკვლია ის გარემოება, მ. შ-ის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ხომ არ არსებობდა სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ... საკადასტრო კოდზე დაცული მასალები არ იძლეოდა ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენის საშუალებას, ასევე არ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას დაინტერესებულ პირს წარდგენილი ჰქონდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც დადასტურებული იყო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ვ. ძ-ის მიერ და დამოწმებული იყო სათანადო ბეჭედით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურს საკითხი სრულყოფილად რომ შეესწავლა, აღარ იქნებოდა 2016 წლის 05 მაისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილება, თუმცა არ გაუთვალისწინებია ფაქტობრივი მდგომარეობა, რის საფუძველზეც განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობები, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლების რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით. ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

კასატორის მითითებით, სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის ფაქტობრივი და უდავო გარემოება, რომ შ-ეების მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზზე მიწის ნაკვეთის ფართია 1000 კვ,მ. და განთავსებულია ორი შენობა-ნაგებობა, ფართით 153.24 კვ.მ, ხოლო მოსარჩელის ნაკვეთის ფართობის რაოდენობა შეადგენს 862 კვ.მ და განთავსებულია ერთი შენობა-ნაგებობა ფართით 98 კვ.მ. გარდა ამისა, საგულისხმოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ წარმოდგენილი ნახაზები სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან კონფიგურაციითაც. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 06 ოქტომბრის № ... სამსახურებრივი ბარათითა და მოწოდებული სიტუაციური ნახაზით, საიდანაც ჩანს, რომ სადავო მიწის ნაკვეთების გვერდების ზომები და კონფიგურაცია არ შეესაბამება მოსარჩელის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (... ) გვერდის ზომებსა და კონფიგურაციას.

კასატორი ასევე განმარტავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო თავის გადააწყვეტილებაში მიუთითებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 აპრილის №5002163117 დასკვნას, რაც შეუძლებელია გახდეს გადაწყვეტილების დაკმაყოფილების ერთ-ერთი საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაში გარკვევითაა მითითებული „საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ფართობი (საკადასტრო კოდით: ...) დაუზუსტებელია, ამიტომ მისი ზუსტი კოორდინატების შედარება ვერ მოხერხდა საჯარო რეესტრში დაფიქსირებული მონაცემებთან, თუმცა ადგილზე დათვალიერებით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოიცავს თ. შ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას“. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისთვის დადგენილ რომელიმე წინაპირობას, რადგან არ ეწინააღმდეგება კანონს და მათი მიღების დროს არ არის დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების წესი. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი. აღნიშნული ნორმის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება და მათ მიეცათ სათანადო შეფასება. აღნიშნული ნორმის გამოყენების კომპეტენციაზე ამგვარად მიუთითებს საკასაციო სასამართლოც (საქმე №ბს-351-336 (კ-09)).

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2006 წლის 16 ივნისს ხულოს რაიონის სოფელ ... მდებარე 862,5 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე 98.0 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ...) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება, რომელზეც, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2008 წლის 27 ოქტომბრის N881-ა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და 2008 წლის 27 ოქტომბრის N111 აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 2009 წლის 22 იანვარს დარეგისტრირდა ი. ხ-ის საკუთრების უფლება. 2014 წლის 03 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურისათვის წარდგენილი განცხადებით ამავე მიწის ნაკვეთზე თ. შ-ემ, მასსა და ი. ხ-ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო 2016 წლის 05 მაისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილების საფუძველზე ხულოს რაიონის სოფელ ... მდებარე 1000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე 153.24 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ...) დარეგისტრირდა ი. შ-ის, მ. შ-ის, ნ. შ-ისა და ხ. შ-ის თანასაკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 2015 წლის 24 დეკემბრის აჭარის ა/რ საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველო ხულოს არქივის მიერ გაცემული N AA... საარქივო ცნობა. აღნიშნული თანახმად, შ-ეების ოჯახს 1997-2000 წლების მონაცემებით ხულოს რაიონის ... თემში აწერია 0.26 ჰა. მიწის ნაკვეთი, ხოლო 2001-2006 წლის მონაცემებით ... თემის საკრებულოს საკომლო წიგნებში კომლს ქონება არ აწერია, ასევე აღნიშნულია, რომ კომლი საცხოვრებლად (გადასახლებულია) გადასულია წალკის რაიონში.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეზე არ არის გამოკვლეული, საარქივო ცნობა N AA... (დამოწმების თარიღი 24/12/2015, აჭარის ა/რ საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველო ხულოს არქივი) რამდენად წარმოადგენს ი., მ., ნ. და ხ. შ-ეებისათვის უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაციის საფუძველს, სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო შეფასება არ მისცა მოსარჩელის თ. შ-ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს მასში მითითებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრის თვალსაზრისით და სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული გარემოებები, რაც ქმნის სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების წინაპირობას.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ოფისს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 03.10.2018წ. მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე