საქმე №ბს-996(კ-18) 27 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - რ. კ-ი, ბ. ქ-ა (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხეები)
მესამე პირები - სს „... ბანკი“, შპს „დ...ი“, შპს „ჯ...ი“, ზ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 13 იანვარს რ. კ-მა და ბ. ქ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: უკანონოდ იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ი. კ-ას მიერ განხორციელებული 2015 წლის 3 ნოემბრის №A14063624-012/005 ქმედება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის09 მარტის №947 ბრძანება; დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღმასრულებელს შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება მის წარმოებაში არსებულ №2/6253-13 სააღსრულებო ფურცელზე და აღსრულება განახორიელოს ამავე მხარეთა მონაწილეობით იმავე კრედიტორის მიერ წარმოდგენილ 2013 წლის 8 იანვრის №2/8427-12 სააღსრულებო ფურცელზე, შპს „დ...ში“ არსებული მოვალეების 16-16 %-იან წილებზე და შპს „დ...ის“ კუთვნილ დაყადაღებულ უძრავ ქონებაზე, ამავე მხარეებს შორის აღსასრულებელი ვალდებულების ფარგლებში სს „... ბანკის“ მიერ წინასწარ გადახდილი სააღსრულებო ხარჯის გათვალისწინებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 მარტის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „... ბანკი“. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესამე პირად ჩაბმულ იქნენ შპს „დ...ი“, შპს „ჯ...ი“ და ზ. ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. კ-ისა და ბ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. კ-მა და ბ. ქ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით რ. კ-ისა და ბ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. კ-მა და ბ. ქ-ამ. კასატორებმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდნენ სასარჩელო მოთხოვნას გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, კრედიტორის, სს „... ბანკის“ მხრიდან აღსრულების ხარჯის (70115,05 ლარის) სრულად გადახდის ფაქტი, რომელიც მოიცავს იმ ნაწილსაც, რაშიც კრედიტორი ბანკი, მოვალეებთან შეთანხმებით, სააღსრულებო სამსახურისგან ითხოვდა მათი ვალდებულებების უზრუნველმყოფი ქონების ნაწილზე პირველ რიგში აღსრულებას და მხოლოდ შემდგომ მათ პირად საცხოვრებელ ბინებზე აღსრულების მიქცევას. კასატორები აცხადებენ, რომ სააღსრულებო წარმოების ეტაპზე კრედიტორ სს „... ბანკსა“ და მოვალეების მიერ ერთობლივად გამოიხატა ნება აღსრულების წესისა და პირობების თაობაზე, რაც ანგარიშგასაწევია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე სამოქალაქო კოდექსით რეგლამენტირებულ, მხარეთა (კრედიტორის და მოვალის) უფლებამოსილებათა დისპოზიციურობის ფარგლებში და რაც გულისხმობს სწორედ მხარეთა ნების, შეთანხმების პრიორიტეტულობას. მხედველობაშია მისაღები, რომ აღმასრულებლის უკანონო და დაუსაბუთებელი აქტი ძალაში დარჩა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, მაშინ როცა კრედიტორს გადახდილი ჰქონდა მთელი უზრუნველყოფილი ქონების მიმართ აღსრულების შესაბამისი ხარჯი სრული მოცულობით. კასატორების განმარტებით, აღმასრულებელი გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის ერთ-ერთ მოტივად დაასახელა, რომ კრედიტორის ახალი მოთხოვნის შესაბამისად გადასახდელი იყო დამატებითი სააღსრულებო ხარჯი, მაშინ, როდესაც კრედიტორს სრული მოცულობით უკვე გადახდილი ჰქონდა კანონით დადგენილი სააღსრულებო ხარჯი და დამატებით განმეორებით გადახდის ვალდებულება არ ეკისრებოდა. კასატორები მიიჩნევენ, რომ დაუსაბუთებელია აპელირება კრედიტორის მიერ ახალი სააღსრულებო საბუთის წარდგენის მოტივით დამატებითი სააღსრულებო ხარჯის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, მაშინ, როდესაც სახეზეა ერთი დ იგივე ვალდებულება, ერთი და იმავე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და აღსრულება მიქცეული ერთი და იმავე ქონებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით რ. კ-ისა და ბ. ქ-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. კ-ის და ბ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 23 მაისს გაიცა №2/6253-13 სააღსრულებო ფურცელი 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის საფუძველზე და განისაზღვრა შპს „დ...ის“, შპს „V...-ის”, შპს „ჯ...-ის“, მ. ბ-ის, ბ. ქ-ას, ზ. ბ-ის, რ. კ-ის და ვ. თ-ის ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ამავე სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონებებით. №2/6253-13 სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებისა და მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორის - სს „... ბანკის“ მიერ გადახდილ იქნა სააღსრულებო მომსახურების საფასური 79115.05 ლარის ოდენობით. 2018 წლის 28 ოქტომბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში სს „... ბანკის“ წარმომადგენელმა წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 იანვრის №2/8427 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, შპს „დ...ს“, ზ. ბ-ს, ბ. ქ-ას, რ. კ-ს, ვ. თ-ეს და ლ. მ-ს სოლიდარულად დაეკისრათ გარკვეული თანხის გადახდა. იმავე განცხადებით კრედიტორმა მოითხოვა №A14063624 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულების წესის განსაზღვრა და თავდაპირველად შპს „დ...ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ხსენებული კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა და მოვალეს ეცნობება ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ. ამასთან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტით, აღსრულების საფასური არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. ამავე მუხლის მე-12 პუნქტი ითვალისწინებს იმ პირების ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებიც საფასურის წინასწარ გადახდისაგან თავისუფლდებიან.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კრედიტორის - სს „... ბანკის“ მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა ორი სხვადასხვა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული ორი სხვადასხვა სააღსრულებო ფურცელი. დადგენილია, რომ სს „... ბანკს“ №2/6253-13 სააღსრულებო ფურცლის წარდგენისას გადახდილი აქვს აღსრულების საფასური, ხოლო ახალ სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით (N2/8427-12) კრედიტორს უარი ეთქვა სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე, ვინაიდან არ იქნა გადახდილი აღსრულების საფასური მოთხოვნის 2%-ის ოდენობით.
დადგენილია, რომ სს „... ბანკის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლის პოზიციას და დაადასტურა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან მეორედ წარდგენილი სააღსრულებო ფურცელი იყო ძველისგან განსხვავებული, სააღსრულებო ბიუროს უფლება ჰქონდა მათთვის დაევალებინა სააღსრულებიო საფასურის თავიდან გადახდა, ხოლო თანხის გადაუხდელობის გამო უარი ეთქვა ახალი სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებაზე. ამასთან, კრედიტორის - სს „... ბანკის“ მოსაზრებითაც აღსრულება უნდა მოხდეს პირველად წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელზეც გადახდილია სააღსრულებო საფასური და მიღებულია წარმოებაში.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. კასატორების მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. კ-ის და ბ. ქ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინება;
3. კასატორებს - რ. კ-ს (პ/ნ ...) და ბ. ქ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ 08.10.2018წ. საგადასახადო დავალებით მ. ც-ას (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე