საქმე №ბს-1019 (კ-18) 27 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ქ. გ-ა (პ/ნ ...), ქე. გ-ა (პ/ნ ...) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. გ-ამ 2017 წლის 26 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა მოსარჩელე ქ. გ-ასთვის პ/ნ ... და არასრულწლოვანი ქე. გ-ასთვის პ/ნ ... არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე. ასევე მოსარჩელემ დააყენა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის სახით - დროებითი განჩინებით მოსარჩელისთვის დავის დასრულებამდე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე დროებითი პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით, სარჩელს დაუდგინა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად მხარეს განესაზღვრა საპროცესო ვადა 7 დღე.
2017 წლის 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში დაზუსტებული სარჩელი წარმოადგინეს ქ. გ-ამ (პ/ნ ...) და ქე. გ-ამ (პ/ნ ...) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისები განვითარების სააგენტოსა და ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა მოსარჩელე ქ. გ-ასთვის (პ/ნ ...) და არასრულწლოვანი ქე. გ-ასთვის (პ/ნ ... დაბადებული 1997 წლის 07 ოქტომბერს) არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის თაობაზე. ასევე მოსარჩელეებმა დააყენეს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის სახით - დროებითი განჩინებით მოსარჩელისთვის დავის დასრულებამდე ინფორმაციის ელექტრონული მატერებლის გარეშე დროებითი პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე.
თბილისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით, ქ. გ-ასა და ქე. გ-ას (არასრულწლოვანი) სარჩელი მოპასუხეების- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების თაობაზე, ასევე შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოტანის შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის დროებითი განჩინებით, მოსარჩელეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა დროებითი განჩინება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ქონების სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ქ. გ-ას (პ/ნ ...) და ქე. გ-ას (პ/ნ ...) მიმართ დავის დასრულებამდე დროებითი პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
2017 წლის 2 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა კერძო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის დროებითი განჩინების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. გ-ასა (პ/ნ ...) და ქე. გ-ას (პ/ნ ...) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. გ-ამ (პ/ნ ...) და ქე. გ-ამ (პ/ნ ...), რომლებმაც მოითხოვეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით ქ. გ-ასა (პ/ნ ...) და ქე. გ-ას (პ/ნ. ...) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. გ-ამ (პ/ნ ...) და ქე. გ-ამ (პ/ნ ...), რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდნენ საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ, მართალია, გამოიყენა კანონი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, არასწორია განმარტება და შესაბამისად, დასკვნები იმის თაობაზე, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს მხოლოდ ობიექტურ მიზეზთა გამო, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის #98 ბრძანების 25-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ კანონმდებელმა პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემა დაუშვა საგამონაკლისო წესით, რომელიც სუბიექტურ განწყობასა და სურვილს არ ითვალისწინებს. კანონქვემდებარე აქტის აღნიშნული ნორმა კი არ მოდის წინააღმდეგობაში საკანონმდებლო აქტის ნორმებთან.
კასატორებმა მიუთითეს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტზე და მის დისპოზიციაში არსებულ ტერმინ „შეიძლებასთან“ მიმართებით მოიხმო საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება (მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმე #3/1/659), რომლის თანახმად, კანონმდებლის მიერ „შეიძლებას“ სახით დაშვება წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს. კასატორებმა აღნიშნეს, რომ სწორედ საერთო წესით, ძირითადად გასაცემი არაელექტრონული პირადობის მოწმობიდან დაშვებულია ალტერნატივა, გამონაკლისი ელექტრონული პირადობის მოწმობის სახით. ამდენად, კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ადგილი აქვს მოსარჩელეთა იძულებას, აიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელიც იმის გამო, რომ თავისი ნებით უარს აცხადებს კანონმდებლის მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობის საერთო წესიდან გამონაკლისის სახით დაშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე, თავისთავად, იძულებულია უარი თქვას მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე.
კასატორის განმარტებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტების გათვალისწინებით, კანონქვემდებარე აქტი უნდა შეესაბამებოდეს კანონს, რომლის შესასრულებლადაც იქნა ის გამოცემული. კასატორების მითითებით, იუსტიციის მინისტრის მიერ კანონის შესრულების მიზნით გამოცემული როგორც #118, ასევე #98 ბრძანებები ეწინააღმდეგება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესს პირადობის არაელექტრონული მოწმობის 18 წლამდე 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირებზე 10 წლის ვადით სააგენტოს მიერ ე.წ. არაუფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით გაცემასა და შეცვლაზე. მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხი წარმოშობილია მოქმედ კანონთან შეუსაბამო კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე,რომლის გამორკვევისა და კანონის სწორი განმარტების შედეგად ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაკმაყოფილდება არა მხოლოდ კასატორების, არამედ იმ არაერთი მოქალაქის ინტერესი, რომლებიც დღემდე რჩებიან პირადობის მოწმობის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ქ. გ-ასა და ქე. გ-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. გ-ასა (პ/ნ ...) და ქე. გ-ას (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის #98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობასა და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. მითითებული წესის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ზემოაღნიშნული წესით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში ასევე შეიძლება გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა აღნიშნული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე წარდგენილ იქნა შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებამდე. ამდენად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს ორი წინაპირობის არსებობისას: 1. თუ სახეზეა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი შემთხვევა და 2. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნა აღნიშნული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე წარდგენილ იქნა შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებამდე (2011 წლის ივლისი). განსახილველ საქმეზე კი მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მიერ მოპასუხის მიმართ მოთხოვნა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე წარდგენილია არა 2011 წლის ივლისამდე, არამედ 2017 წლის მაისის თვეში, ასევე ადგილი არ ჰქონია ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის" 25-ე მუხლის პირველი პუნქტში მითითებულ არც ერთ პირობას, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა, ამდენად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ ემყარება შესაბამის სამართლებრივ საფუძველს, რაც გამორიცხავს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. გ-ას (პ/ნ ...) და ქე. გ-ას (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება;
3. ქ. გ-ას (პ/ნ ...) და ქე. გ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ ქ. გ-ას (პ/ნ ...) მიერ საკასაციო საჩივარზე 12.10.2018წ. N1539346319 საგადასახადო დავალებით გადახდილი 600 ლარიდან 300 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, -210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი თღEშGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე