Facebook Twitter

საქმე №ბს-1056(კ-18) 6 ნოემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი/მ მ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეროვნული ბანკი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი/მ მ. გ-ემ 2017 წლის 29 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის №366-1კ განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი/მ მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ მ. გ-ემ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით ი/მ მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ მ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო ამახვილებს ყურადღებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურები, მაგრამ ახდენს ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის იგნორირებას, სადაც წერია, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავს პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია კლიენტის იდენტიფიკაციისთვის და რომლის ციტირებაც მოხდა სასამართლო პროცესზე, თუმცა არ მოხდა აღნიშნულის გაზიარება. სააპელაციო სასამართლომ ასევე მოახდინა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის იგნორირება, სადაც წერია, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე თავად განსაზღვრავს პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია კლიენტის იდენტიფიკაციისთვის. აქედან გამომდინარე, იდენტიფიკაციის დროს კასატორის მიერ განსაზღვრული პროცედურებით, პირველ, სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით, რომელსაც წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და რომლის მიერაც არის გაცემული ამ ოთხი პიროვნების (ი. კ-ის, რ. გ-ის, თ. ლ-ის, ბ. შ-ის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები,მოხდა მათი ვინაობის დადგენა. ასევე მეორე სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით, რომელსაც წარმოადგენს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერიცული) იურიდიული პირების რეესტრიდან, კასატორმა დაადგინა, რომ ეს პირები არიან მეწარმეები. ხოლო პიროვნული დამახასიათებელი თვისებების თვალსაზრისით, კასატორი აღნიშნავს, რომ სანდო და დამოუკიდებელ წყაროს წარმოადგენს თავად, რადგან ამ პიროვნებებთან აკავშირებს დიდხნიანი მეგობრული ურთიერთობა და ნათესაური კავშირი. კასატორის აღნიშვნით ეს პიროვნებები არიან პატიოსანი მეწარმეები და არ აქვთ არანაირი შეხება არც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და არც ტერორიზმის დაფინანსებასთან, ანუ რისკი ნულის ტოლია. შესაბამისად, მისი აზრით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნები არ დაურღვევია.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ დარღვეულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, თუმცა იგი არ ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ კანონის სრული დაცვითაა შესრულებული საქმიანობა. ხოლო რაც შეეხება შინაარსის, მიზნისა და/ან საფუძვლის აღრიცხვას, რასაც ავალდებულებს ზემოაღნიშნული ნორმები, კასატორის განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №27/04 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებულ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია, სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში ასახოს მის მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია, ამ წესის დანართი №3-ში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად. კასატორი განმარტავს, რომ მას სწორედ აღნიშნულ დანართ №3-ში აქვს ოპერაცია დაფიქსირებული, თუმცა, სამწუხაროდ, მასში შინაარსის, მიზნისა და/ან საფუძვლის ჩაწერა შეუძლებელია, რადგან ქვითარში ამის ველი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სახეზეა სამართლებრივი პრობლემა და მისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არაგონივრულია, რადგან მას არ დაურღვევია კანონი.

კასატორის აღნიშნავს, რომ სამართლის განვითარების მიზნით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უნდა გაამახვილოს ყურადღება თბილისის სააპელაციო სასამართლოს დარღვევებზე და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ი/მ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განსახილველ საქმეზე განხორციელდა, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, დეტალურად არის განსაზღვრული პირის იდენტიფიკაციის აუცილებელი პროცედურები და მისი განხორციელების საშუალებები, ასევე ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნები, რაც მოსარჩელის მიერ არ იქნა დაცული, ამდენად ი/მ მ. გ-ესთან (რეგისტრაციის №...) მიმართებაში, დადასტურდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევის არსებობა, რის საფუძველზეც განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №366-1კ განკარგულების გამოცემით ი/მ მ. გ-ის დაჯარიმება. ხოლო რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას, დაკისრებული ჯარიმის ოდენობის არაგონივრულობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რამდენადაც აღნიშნული პრეტენზია არ ემყარება შესაბამის სამართლებრივ საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი/მ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის12 აპრილის განჩინება;

3. კასატორს - ი/მ მ. გ-ეს (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 06.08.2018 წელს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე