საქმე №ბს-1068(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილება (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. გ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირები: ლ. გ-ე, მ. კ-ე, ო. გ-ე, ლუ. გ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-ემ 2017 წლის 11 აგვისტოს სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების მიმერთ. მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ ნ. გ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების 2015 წლის 25 მაისის ოქმისა და ნ. გ-ის ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ლ. გ-ე, მ. კ-ე, ო. გ-ე, ლუ. გ-ე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების 2017 წლის 25 მაისის ოქმი ნ. გ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ და გადაწყვეტილება ნ. გ-ის ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონულმა განყოფილებამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონულმა განყოფილებამ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
დადგენილია, რომ ნ. გ-ის ოჯახი 2013 წლის ოქტომბრიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და 2013 წლის 10 ოქტომბერს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 48470. ნ. გ-ის ოჯახი შედგება 5 წევრისაგან: თვითონ, ლ. გ-ე, მ. კ-ე, ო. გ-ე და ლუ. გ-ე. ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია განმეორებით შევსებულია 2017 წლის 17 აპრილს, რის შედეგად ოჯახს 17 მაისს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 46870. ნ. გ-ე არის შშმ პირი მნიშვნელოვნად გამოხატულ ხარისხში, ხოლო ლ. კ-ე - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. იმ მოტივით, რომ ნ. გ-ის ოჯახმა დამალა მანქანა და არ მისცა აგენტს ახალი მონაცემებით დეკლარაციის შევსების საშუალება, ნ. გ-ის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ერთწლიანი შეზღუდვით. გადაწყვეტილება მიღებულია 2017 წლის 25 მაისს ნ. გ-ის ოჯახში სოციალური აგენტის მიერ განხორციელებული ვიზიტის შედეგად.
სამართალწარმოების პროცესში სასამართლოების მიერ დადგინდა, რომ ავტომანქანა „KIA“ სახელმწიფო ნომრით ..., რისი დამალვის მოტივითაც მოსარჩელის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რეგისტრირებულია გ. გ-ის სახელზე. ამ უკანასკნელის განმარტებით, მისივე თანხმობით ავტომანქანას, ავადმყოფი ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, პერიოდულად იყენებდა მისი ბიძაშვილი ლ. გ-ე.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ აქტის კანონიერების შეფასების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მხოლოდ ის ფაქტი, რაც იქცა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად, კერძოდ - ნ. გ-ის ოჯახის მხრიდან მოხდა შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების დამალვა. აღძრული სარჩელის უარყოფის პროცესში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უტყუარად ვერ დადასტურდა გასაჩივრებული აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებული გარემოებები, რადგან დადგინდა, რომ ავტომანქანა არ არის რეგისტრირებული მოსარჩელის ოჯახის რომელიმე წევრზე. აღნიშნული გარემოება დადგინდა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობით, რომლის თანახმად „KIA“ სახელმწიფო ნომრით ... რეგისტრირებულია გ. გ-ის სახელზე. საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით დადგინდა, რომ მოქ. ლ. ო. გ-ის სახელზე (მოსარჩელის ოჯახის წევრი) სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.
საკასაციო პალატის მოსაზრებით ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად მიეთითა „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს შს მინისტრის N150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება: შიგაწვის ძრავის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, რომლითაც დადასტურდებოდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე