Facebook Twitter
საქმე №ბს-1157(2კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. კ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - ნ. ჯ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. კ-მა 2016 წლის 8 ივლისს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის 2016 წლის 11 მარტის №10 დადგენილების ბათილად ცნობა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 01 ივნისის №860 ბრძანების ბათილად ცნობა და ასევე დააყენა შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული აქტის მოქმედების შესახებ.
2016 წლის 14 ივლისს მოსარჩელე ლ. კ-მა განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და დააზუსტა მოპასუხეთა წრე, კერძოდ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად მოპასუხედ მიუთითა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური.
ქალაქ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლის განჩინებით,მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქმეში მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ჩაება ნ. ჯ-ე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 01 ივნისის №860 ბრძანება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა;
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურმა, რომელთაც მოითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურმა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის უფროსის 2016 წლის 11 მარტის №10 დადგენილებით, ლ. კ-ი საცხოვრებელი ბინის ფასადის რეკონსტრუქციის წარმოებისას სანებართვო პირობების დარღვევის გამო დაჯარიმდა 1000 ლარით, ხოლო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 01 ივნისის №860 ბრძანებით, მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის უფროსის 2016 წლის 11 მარტის №10 დადგენილების გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. ლ. კ-ი ადმინისტრაციულ საჩივარში მიუთითებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნული საფუძვლით ეტაპის დასრულების ოქმის ჩაუბარებლობის და მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების ვადის დარღვევის შესახებ, რაც არ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლევისა და შესაბამისი შეფასების გარეშე იქნა დატოვებული. იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შემოიფარგლა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ლ. კ-ს არ მიუმართავს და არც ადმინისტრაციული წარმოების დროს არ წარუდგენია და საპატიო გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ გასაჩივრებულ აქტში მითითებული უარის თქმის საფუძველი არ ქმნიდა მისი კანონირად მიჩნევის შესაძლებლობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს მოსარჩელეს მისი უფლებები და მოვალეობები, მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული წესით გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნით, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ განხორციელებულა. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა, შესწავლა და შეფასება, ამ მიზნით ორგანოს მიერ დოკუმენტების გამოთხოვა, ცნობების შეგროვება, დაინტერესებული მხარეების მოსმენა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ზომების გამოყენება მტკიცებულებათა სრულად შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით. ამდენად, დგინდება, რომ მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მათ მიერ გამოცემული აქტის კანონიერების მტკიცება, შესაბამისი დასაბუთებული არგუმენტაციით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული გარემოებები, აღნიშნული კი ქმნის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ნ. სხირტლაძე