Facebook Twitter

საქმე Nბს-1094(კ-18) 27 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ლ. გ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ლ-ი(მოსარჩელე)

მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალურ ოფისი; ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 07 ნოემბერს მ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ცაგერის რაიონული სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურის, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ლ. გ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აგვისტოს #... გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 15 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ვ. ლ-ის კომლში ლ. გ-ის რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მ. ლ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო მოპასუხის - ლ. გ-ის საკუთრებაში არსებულ, ცაგერის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებას, შემდეგი მონაცემებით: 1) 1780 კვ.მ მიწის ნაკვეთს(საკადასტრო კოდი ...); 1877 კვ.მ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი ...)

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აგვისტოს ... გადაწყვეტილება ცაგერის რაიონის სოფელ ... 1780,00 კვ. მ მიწის ნაკვეთის ლ. გ-ის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ (ს/კ ...) ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 სექტემბრის ... გადაწყვეტილება ცაგერის რაიონის სოფელ ... 1877,00 კვ. მ მიწის ნაკვეთის ლ. გ-ის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ (ს/კ ...); ბათილად იქნა ცნობილი ლ. გ-ის რეგისტრაცია ვ. ლ-ის კომლში; გაუქმდა 2016 წლის 08 ნოემბერს ცაგერის რაიონული სასამართლოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. მოპასუხეებს - სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ლ. გ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ მ. ლ-ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ემ და მოითხოვა ცაგერის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება ვ. ლ-ის კომლში ლ. გ-ის რეგისტრაციის ბათილად ცნობისა და სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში; მ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა ვ. ლ-ის კომლში ლ. გ-ის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; მ. ლ-ს დაუბრუნდა ე. ლ-ის მიერ „... ბანკში“ 2016 წლის 25 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარიდან 200 (ორასი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას მ. ლ-ის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ლ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის მითითებით, დავის საგანს წარმოადგენდა ლ. გ-ის ვ. ლ-ის კომლში კომლის წევრად ჩაწერის კანონიერების საკითხის განხილვა. მიუხედავად ამისა, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას განხორციელდა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება/გამოკვლევა. სააპელაციო სასამართლო თავისი ინიციატივით გასცდა სასარჩელო მოთხოვნას და დავის საგანს, მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივარზე საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენილი შესაგებელი. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საქმე განიხილა, როგორც ქონებრივი–მემკვიდრეობითი დავა, მსჯელობის საგნად აქცია ლ. გ-ის საკუთრების უფლება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე. ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარს მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია და ლ. გ-ის ვ. ლ-ის კომლში დამისამართებით პირის რეგისტრაციის დონეზე, მაშინ როდესაც ლ. გ-ე ჩაწერილია კომლის წევრად. პირის გარკვეულ მისამართზე რეგისტრაცია და კომლის წევრად რეგისტრაცია სხვადასხვა სამართლებრივი საკითხებია.

არც პირველ და არც სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია მოსარჩელე მხარის მ. ლ-ის იურიდიული ინტერესი სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით. მ. ლ-ი სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში, კერძოდ, მე–4 ფაქტობრივ გარემოებაში უთითებს, ,,იგი ითვლება ვ. ლ-ის ერთადერთ მემკვიდრედ და ეკუთვნის სამკვიდო ქონება“. როგორ გადალახა აღნიშნულმა საქმემ დასაშვებობის ეტაპი გაურკვეველია. ადმინისტრაციული წესით საკუთრების და მითუმეტეს მემკვიდრეობის საკითხის განხილვა დაუშვებელია. სააპელაციო სასამართლოს არ ქონდა უფლება თავისი ინიციატივით გასცდენოდა დავის საგანს, მაშინ, როდესაც უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა არ წარმოადგენდა დავის საგანს. ამასთანავე, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა ვ. ლ-ის კომლში ლ. გ-ის კომლის წევრად ჩაწერის გასაჩივრების ხანდაზმულობის საკითხზე, როდესაც ვ. ლ-მა ლ. გ-ე ჩაწერა კომლის წევრად მის წინააღმდეგ უნდა წარედგინათ პრეტენზია და არა ლ. გ-ის მიმართ. ამასთანავე სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ხანდაზმულობის საკითხი რეესტრის გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან მაშინ, როდესაც აპელანტი ლ. გ-ე ასაბუთებდა, რომ ვ. ლ-ი გარდაიცვალა 2009 წლის 17 იანვარს. მოსარჩელე მ. ლ-ისათვის ცნობილი იყო, რომ 2009 წლის იანვრიდან, როგორც ვ. ლ-ის კომლის ერთადერთი წევრი, ლ. გ-ე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა აღნიშნულ ქონებას რაზედაც მას პრეტენზია არ გამოუთქვამს.

სააპელაციო სასამართლო ასევე გასცდა დავის საგანს და მსჯელობის საგნად აქცია ვ. ლ-ის მიმართ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების აქტები, რომ თითქოს ისინი უკანონოდ გამოიყენა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის უფლების დამდგენ საბუთად ლ. გ-ემ. დავის საგანს არ წარმოადგენდა ვ. ლ-ის მიმართ სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხი, ამ ნაწილში დაუსაბუთებლად გასცდა სააპელაციო სასამართლო დავის საგანს. ლ. გ-ის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრში უფლების დამდგენ საბუთად წარდგენილი აქვს არა მხოლოდ მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების აქტები, არამედ საარქივო ცნობა, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ ლ. გ-ე არის ვ. ლ-ის კომლის წევრი.

კასატორი მიუთითებს, რომ უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მემკვიდროების სახეებზე, მემკვიდროების მიღებს წესსა და პირობებზე, მაშინ როდესაც მემკვიდრეობა და მესაკუთრედ ცნობა მოსარჩელეს არ მოუთხოვია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, უნდა გაუქმდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილობის ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით, ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დალი კიკნაძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია, რომ ლ. გ-ე ვ. ლ-ის კომლში აღირიცხა 2001 წელს, საკომლო წიგნში რეგისტრაციით კი მას არ მოუპოვებია კომლის ქონებაზე ქონებრივი უფლებები, ვინაიდან საკოლმეურნეო კომლებმა, რომელთა ქონებაც 1993 წლამდე მასში რეგისტრირებული ყველა წევრისათვის თანასაკუთრების ობიექტს წარმოადგენდა (კოლმეურნეობების გაუქმებამდე) 1993 წლიდან შეწყვიტეს არსებობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე - 60 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვიანიდან ვ. ლ-ის კომლში ლ. გ-ის 2001 წლიდან რეგისტრაცია ვერ გახდება მისთვის რაიმე სახის ქონებრივი, მათ შორის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი. მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, ლ. გ-ისათვის დაერეგისტრირებინა ვ. ლ-ისათვის გადაცემული უძრავი ქონება, საქმეზე ვერ იქნა წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე