Facebook Twitter

განჩინება

¹ 345-აპ 1 დეკემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ი. ტყეშელაშვილი,

მ. ოშხარელი

მონაწილეობით, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ ლ. გ-ის, ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის _ მ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 22 ნოემბერს საქართველოს შსს ბორჯომის საგამოძიებო განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გ.მახათაძის მიმართ ბორჯომის რაიონის დაბა ---ში გ. გ-ის ოჯახზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის I და II ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის I და II ნაწილებით.

2004 წლის 28 ნოემბერს გ. მ-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.

2005 წლის 21 თებერვლის დადგენილებით შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა გ.მახათაძის მიმართ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება.

გ. მ-ემ უკანონო პატიმრობაში გაატარა 88 დღე.

2005 წლის 14 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. მ-ემ, რომელმაც ითხოვა რეაბილიტირებულად ცნობა და უკანონო თავისუფლების აღკვეთით მიღებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღნიშნული განცხადება განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეგზავნა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 იანვრის დადგენილებით გ. მ-ძე რეაბილიტირებულ იქნა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა გ.მ-ის სრული რეაბილიტაციის შესახებ პუბლიკაცია ოფიციალურ გამოცემა „მაცნეში“. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გ.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ქონებრივი _ 667,19 ლარის და მორალური ზიანის _ 1000 ლარის ანაზღაურება სულ _ 1667 ლარისა და 19 თეთრის ოდენობით.

ახალციხის რაიონულ პროკურატურას დაევალა წერილობითი ბოდიშის მოხდა რეაბილიტირებული გ.მ-სათვის არასწორი სამართლებრივი დევნის შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის გამო.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილე მ. გ-მა, რეაბილიტირებულმა გ.მ-ემ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დ. გ-ემ.

ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილე მ. გ-მა კერძო სააპელაციო საჩივრით აღნიშნა, რომ გ.მ-ძე პასუხისგებაში მიეცა და დაპატიმრებულ იქნა საქმის მასალებიდან გამომდინარე, დაზარალებულის ამოცნობითა და ჩვენებებით. საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიება დაეყრდნო სარწმუნო მტკიცებულებებს, ხოლო საქმის შეწყვეტა გამოიწვია დაზარალებულის მიერ ჩვენებისა და პოზიციის რადიკალურმა შეცვლამ, რომელიც ახსნა იმ პერიოდში აღელვების, შიშისა და ემოციურად გაუწონასწორებელ მდგომარეობაში ყოფნით, რამაც გამოიწვია სამართალდამცავი ორგანოების შეცდომაში შეყვანა. აქედან გამომდინარე, სამართალწარმოების ორგანოების მხრიდან გ. მ-ის მიმართ უკანონო და დაუსაბუთებელ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია და ითხოვა ბორჯომის რაიონული სასამართლოს უკანონო დადგენილების გაუქმება და გ. მ-სათვის ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა.

აპელანტმა გ.მ-ემ კერძო სააპელაციო საჩივარში მოითხოვა დადგენილების გაუქმება მორალური ზიანის სახით 1000 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ითხოვა მისი გაზრდა 50 000 ლარამდე. იგი მიუთითებდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების უკანონო ქმედებამ მას და მის ოჯახს მიაყენა დიდი მორალური და მატერიალური ზიანი, განიცადა ფიზიკური ტანჯვა, შეერყა ჯანმრთელობა, გაუტყდა სახელი და დაეკარგა ავტორიტეტი თანამშრომლებსა და მეგობრებში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ემ კერძო სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 იანვრის დადგენილების გაუქმება და უარის თქმა რეაბილიტირებულის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რეაბილიტირებულ გ.მ-ის კერძო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 იანვრის დადგენილება შეიცვალა იმ მიმართებით, რომ რეაბილიტრიებულ გ.მ-ეს აუნაზღაურდა მორალური ზიანი 5 000 ლარის ოდენობით.

დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს დადგენილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ და ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილე მ. გ-მა კერძო საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ლ. გ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, უარის თქმას რეაბილიტირებულის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ან თანხის ოდენობის შემცირებას გონივრულ ფარგლებში.

ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილე მ. გ-ლი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის განჩინების, როგორც უკანონოსა და უსაფუძვლოს, გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.

რეაბილიტირებული გ.მ-ძე შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ მხარი დაუჭირა თავის კერძო საკასაციო საჩივარს, აღნიშნა, რომ საქართველოს სსსკ-ის 188-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მართალია, „თანამდებობიდან (სამუშაოდან) უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაყენების შედეგად ფიზიკური (ან იურიდიული) პირისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით’’, მაგრამ ამ შემთხვევაში სამართალწარმოების ორგანოების მხრიდან ადგილი არ ჰქონდა განმცხადებლის სამუშაოდან გადაყენების ფაქტს (სსსკ-ის 184-ე მუხლის I ნაწილი). ამდენად, სასამართლოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის განაცდური ხელფასის _ 667,19 ლარის დაკისრება უსაფუძვლოა და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, ასევე მორალური ზიანის განსაზღვრა გონივრულ ფარგლებში.

რეაბილიტირებულმა გ.მ-ემ ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა ი. გ-ემ მხარი დაუჭირა მ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მან ითხოვა განჩინების გაუქმება და მორალური ზიანის ოდენობის შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა გ.მ-ის რეაბილიტაციის თაობაზე სასამართლო წარმოების მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ საქარველოს შსს ბორჯომის საგამოძიებო განყოფილების მიერ 2004 წლის 22 ნოემბერს აღძრული სისხლის სამართლის საქმე გ.მ-ის მიმართ, შეწყდა 2005 წლის 21 თებერვლის დადგენილებით საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რეაბილიტაციის საფუძველია დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის (სისხლის სამართლის საქმის) შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორ მ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების, როგორც უკანონოს გაუქმების შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ ლ. გ-ის მოთხოვნას რეაბილიტირებულის სასარგებლოდ დაკისრებული ქონებრივი ზიანის – განაცდური ხელფასის 667 ლარისა და 19 თეთრის გაუქმების და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკისრებული თანხის – 5000 ლარის შემცირების შესახებ. საქმეში არსებული მასალების მიხედვით დგინდება, რომ გ. მ-ეს, იმ შემთხვევაში თუ იგი არ იქნებოდა პატიმრობაში, ხელფასის სახით უნდა მიეღო 667 ლარი და 19 თეთრი. რაც შეეხება მორალურ ზიანს, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი საკომპენსაციო თანხა 5000 ლარის ოდენობით, განსაზღვრულია გონივრულ ფარგლებში და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რომელიც საფუძვლად დაედება განჩინების გაუქმებას.

ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ ლ. გ-სა და ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის _ მ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის განჩინება რეაბილიტირებულ გ.მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.