#ბს-1386(კ-18) 7 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 25 აპრილს ი. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 13 თებერვლის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 მარტის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის გარდაბნის რაიონის სოფელ ...ის ტერიტორიაზე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის ი. ს-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ...მა ქარხანამ, მას, როგორც ქარხნის ... ცვლის უფროსს, გამოუყო მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონის სოფ. ...ის ტერიტორიაზე 600 კვ.მ #... .
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 13 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით აღძრულ განცხადების განხილვაზე იმ მოტივით, რომ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით არ დგინდებოდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც განაპირობებდა განცხადებისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემას. 2017 წლის 29 მარტის #... გადაწყვეტილებით კი, მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ #... განცხადებაზე წარდგენილი ცნობის იდენტური ცნობა ასევე წარდგენილი იყო #... განცხადებასთან ერთად. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ არ არსებობდა ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც განაპირობებდა მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, კერძოდ: არ გავიდა ადგილზე, არ გამოიკითხა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მეზობლები. მოსარჩელე არ ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას, რომ მას არ ჰქონდა წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი, ვინაიდან, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის არქივის დირექტორის 2017 წლის 7 თებერვლის #1/155 საარქივო ცნობას თან ერთვის ...ის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის მოქალაქეებზე განაწილების სია, მიწის ნაკვეთის ნორმების მითითებით, რაც არ ახლდა ა.ი.პ. 03.02.2017 წლის #1/130 საარქივო ცნობას. გარდა ამისა, 2017 წლის 2 მარტის მეზობლების ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ მოსარჩელე 1970 წლიდან ფლობს მიწის ნაკვეთს. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად გადააგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა, ვინაიდან 2017 წლის 7 თებერვალს #1/155 საარქივო ცნობა თანდართულ სიასთან ერთად უნდა განეხილა როგორც მართლზომიერი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით ი. ს-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე გადაეგზავნა განსჯად რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 13 თებერვლის #... გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 მარტის #... გადაწყვეტილება და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებით მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აგვისტოს განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია ი. ს-ის შრომის წიგნაკი და ქების სიგელი, რომლითაც დასტურდება, რომ ი. ს-ი წლების განმავლობაში მუშაობდა ... ქარხანაში, ქარხნის ... ცვლის უფროსის პოზიციაზე. მოსარჩელის ახსნა-განმარტების თანახმად, საწარმომ მას გამოუყო მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონის სოფ. ...ის ტერიტორიაზე 600 კვ.მ, #... . საქმეში წარმოდგენილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის მიერ გაცემული 2015 წლის 21 აპრილის საარქივო ცნობა, რომლის თანახმადაც, რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის მასალებით დასტურდება მოქალაქე ს-ისთვის ...ის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის #... (ძველი ნომრით) გამოყოფის ფაქტი (ფართობის მითითების გარეშე). ამავე არქივის 2017 წლის 7 თებერვალს გაცემული #1/155 საარქივო ცნობის თანახმად, რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის მასალებით დასტურდება, რომ მოქალაქე ს-ს ...ის ტერიტორიაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი # … (ძველი ნომერი). დანართი მითითებულია ერთ ფურცლად. საფუძველი: ფონდი 17, აღწერა 2, საქმე 9, ფურცლები 23-24. ცნობას თან ერთვის სია, სადაც …-ე ნომრად მითითებულია ს-ი, მიწის ნაკვეთის ძველი ნომერი - … . გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 2 მარტით დათარიღებული ი. ს-ის მეზობლების ახსნა-განმარტებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელე 1970 წლიდან ფლობს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს სოფ. ...ის ტერიტორიაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2017 წლის 7 თებერვლის #1/155 საარქივო ცნობაზე თანდართული სია არ იყო დატანილი მოსარჩელის მიერ სააგენტოში წარდგენილ პირველ სარეგისტრაციო განცხადებაზე. სასამართლოს მითითებით, იგი შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს სზაკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ახალ გარემოებად, ვინაიდან ნუსხა, მართალია, არ არის სათანადო წესით დამოწმებული, მაგრამ დიდი ალბათობით წარმოადგენს მიწების განაწილების სიას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა განმცხადებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე, როგორც მართლზომიერი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტზე და მიეცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. გარდა აღნიშნულისა, მითითებული დოკუმენტაციის მტკიცებულებით დანიშნულებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულაციის ჭრილში, რიგ შემთხვევებში, დასაშვებადაა მიჩნეული მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დადასტურება „სხვა დოკუმენტით“. შესაბამისად, კანონმდებელმა გამოხატა აშკარა ნება, რომ კანონში ჩამოთვლილი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი შეიძლება დადასტურებულიყო „სხვა დოკუმენტითაც“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს #153 ბრძანებით დამტკიცებული დანართი #1-ის მე-4 მუხლზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებაზე.
მეზობლების ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე რეგისტრაცია ხორციელდება კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი დოკუმენტების საფუძველზე, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მიწის ნაკვეთის კუთვნადობას ვერ განსაზღვრავს მეზობლების ახსნა-განმარტებების საფუძველზე. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ სასამართლომ მიიჩნია მეზობლების ახსნა-განმარტება სხვა დოკუმენტაციასთან ერთად რეგისტრაციისთვის საკმარის საფუძვლად, მას უნდა მიეღო არსებითი გადაწყვეტილება და არ უნდა დაებრუნებინა საქმე ხელახალი განხილვისათვის. კასატორის განმარტებით, მეზობლები ადასტურებენ მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობას, ხოლო ფაქტობრივი მფლობელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად.
კასატორის მითითებით, #... სარეგისტრაციო განცხადება მოსარჩელის მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული, შესაბამისად, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ემსჯელა აღნიშნული წარმოების დროს მიღებული ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა თუ არა ახლად გამოვლენილ ან აღმოჩენილ გარემოებას, რომელიც მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას მისცემდა ადმინისტრაციულ ორგანოს.
კასატორის განმარტებით, მან უკვე იმსჯელა აღნიშნულ სიაზე და მის საფუძველზე გაცემულ საარქივო ცნობაზე და მიიღო უარის გადაწყვეტილება, რომელიც პირველ შემთხვევაში არ გასაჩივრებულა. მეორე შემთხვევაში წარმოდგენილ იქნა იმავე შინაარსის საარქივო ცნობა და სიაც, რომლის საფუძველზეც იქნა აღნიშნული ცნობები გაცემული, ასევე, წარმოდგენილ იქნა მეზობლების ახსნა-განმარტებები. მარეგისტრირებელმა ორგანომ აღნიშნული დოკუმენტაცია არ მიიჩნია ახლად გამოვლენილ გარემოებად. შესაბამისად, კასატორისთვის გაუგებარია სასამართლოს მოტივაცია, რაზე უნდა იმსჯელოს განმეორებით საჯარო რეესტრმა, მაშინ როდესაც ორივე წარმოების დროს წარმოდგენილი საარქივო ცნობები იდენტურია და გაცემულია ერთი და იმავე დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო მეზობლების ახსნა-განმარტება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე არ წარმოადგენს უფლების დამდგენ დოკუმენტს.
კასატორის მითითებით, შეუძლებელია საჯარო რეესტრმა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ დოკუმენტებზე, როგორც მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 13 თებერვლის #... გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე. გადაწყვეტილებაში განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით არ დგინდებოდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტებია: 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
ამდენად, კანონმდებელმა გამოხატა ნება, რომ კანონში ჩამოთვლილი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი შეიძლება დადასტურებულიყო „სხვა დოკუმენტითაც“.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის 2017 წლის 7 თებერვლის #1/155 საარქივო ცნობაზე თანდართულ სიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა ის გარემოება, რომ აღნიშნული არ იყო დატანილი მოსარჩელის მიერ სააგენტოში წარდგენილ პირველ სარეგისტრაციო განცხადებაზე, რის გამოც იგი შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ახალ გარემოებად. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა განმცხადებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე, როგორც მართლზომიერი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტზე და მიეცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 10.12.2018წ. #34832 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აგვისტოს განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.12.2018წ. #34832 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი