#ბს-1411(2კ-18) 7 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 1 აგვისტოს ა. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 1 მარტის #EL056620 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის #8214 ბრძანებისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების თაობაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების (#14456/2/17 საჩივარზე) ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 1 მარტს ს.გ.პ. ნინოწმინდის საბაჟო კონტროლის ზონაში შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკიდან მისი მართვის ქვეშ მყოფი SUBARU-ს მარკის მსუბუქი ავტომობილით. ავტომანქანაში თან ჰქონდა 1400 ღერი სიგარეტი. შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერს შეკითხვაზე განუცხადა, რომ ავტომანქანაში ჰქონდა პირადი მოხმარებისთვის შეძენილი სიგარეტი და როცა მებაჟე ოფიცერმა ნახა აღნიშნული სიგარეტი განუმარტა, რომ უფლება ჰქონდა მხოლოდ 400 ღერი სიგარეტის შემოტანისა, ამიტომ უნდა შევსებულიყო დეკლარაცია, რაზედაც მოსარჩელე დათანხმდა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მებაჟე ოფიცერმა შეადგინა წერილობითი დოკუმენტი თარჯიმნისა და სხვა პირთა დასწრების გარეშე ქართულ ენაზე, რაც მისი მოსაზრებით უნდა ყოფილიყო დეკლარაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 1 მარტის #EL056620 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის #8214 ბრძანება და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების თაობაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება (#14456/2/17 საჩივარზე).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა შესწორება, კერძოდ, წერილობით მომზადებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში „#AL000592 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის“ ნაცვლად მიეთითა - „#EL056620 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი“ და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 1 მარტის #EL056620 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ საქმეზე მოსარჩელე სადავოდ არ ხდის საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, არამედ ითხოვს სანქციის შემსუბუქებას, კერძოდ, დაკისრებულ სანქციათაგან - სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში გაუქმებას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის #ბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ მოცემული ნორმის გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე, მისი შინაარსი გულისხმობს, რომ პირის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის შემოტანის შემთხვევის გამოვლენისას სამართალდამრღვევს შეიძლება, შეეფარდოს სამი სახის სანქციათაგან ერთ-ერთი, ორი ან - სამივე ერთდროულად. კანონით გათვალისწინებული სამივე სანქციის გამოყენება გულისხმობს გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის ყველაზე უფრო მკაცრი ზომის გამოყენებას. ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლისათვის, ა. რ-ისათვის ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საგადასახადო კოდექსის მიხედვით ფულადი ჯარიმის შეფარდება, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა კანონშესაბამისია, ვინაიდან ა. რ-ს წინასწარ ჰქონდა განზრახული საბაჟო საზღვარზე დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის მალულად შემოტანა, რასაც ადასტურებს ავტომობილში არსებული სამალავები.
კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტებით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის სიხშირის ზრდის ტენდენციას და მსუბუქი სანქციის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებს. კასატორის მითითებით, ბოლო პერიოდში გახშირებულია საგადასახადო კოდექსის 289.14 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. კასატორის განმარტებით, მსუბუქი სანქცია, რომელსაც უფლებამოსილი ორგანო 2017 წლის ცვლილებებამდე იყენებდა, აღნიშნულ შემთხვევაში ვეღარ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის პრევენციას. ა. რ-ის მიერ სამართალდარღვევა ჩადენილია განზრახ. ამასთან, მას დაუდეკლარირებელი სიგარეტი დამალული ჰქონდა სათადარიგო საბურავის ადგილას და მძღოლის სავარძლის ქვეშ. ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო ინტერესები აღემატება პირის კერძო ინტერესებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 1 მარტს ა. რ-ის მიმართ შედგა #EL056620 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მასზედ, რომ იგი 2017 წლის 1 მარტს, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან ს.გ.პ. ნინოწმინდაში შემოვიდა მსუბუქი ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით - …, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა. რ-ი, პ/ნ ... . ავტომანქანის დათვალიერების შედეგად უკანა სავარძლის ქვეშ და სათადარიგო საბურავის ადგილას აღმოჩენილ იქნა დამალული სიგარეტი 1400 ღერი. იგი დაჯარიმდა და ფულად ჯარიმასთან ერთად სანქციის სახით შეეფარდა სამართალდარღვევის საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ფულადი ჯარიმა განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით. ა. რ-ს, საგადასახადო სამართალდარღვევის გამო, ჩამოერთვა სიგარეტი GARNI 1400 ღერი და ავტომანქანა SUBARU სახელმწიფო ნომრით …, რაზეც 2017 წლის 1 მარტს შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი #69302008399.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახდელის ალტერნატივის დაწესებით კანონი მათი შერჩევის თავისუფლებას კი არ ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს, არამედ - სახდელის შერჩევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჩადენილი ქმედების სიმძიმის და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების ადეკვატურად. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მინიმალურ სტანდარტს, ხოლო კანონით შეთავაზებული არჩევანის გამოყენების მიზანშეწონილობას სასამართლო ვერ შეაფასებს. სახდელის შეფარდებისას კი, ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია სახდელის შეფარდებისათვის დადგენილი ზოგადი პრინციპებით. პასუხისმგებლობის ზომის შერჩევა სწორედ კანონიერების მკაცრი დაცვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და საქმის გარემოებათა მიხედვით ყოველთვის არის შესაძლებელი შერჩეული სანქციის შესაბამისობის შემოწმება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ა. რ-ის მიმართ გამოყენებული სანქცია პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ ინტერესებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი