#ბს-1440(2კ-18) 21 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 10 აპრილს ლ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 9 სექტემბრის #1-1650 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის #2284369 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის #121 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 9 სექტემბრის #1-1650 ბრძანებით უკანონოდ დაირღვა მისი, როგორც მესაკუთრის უფლება. ქალაქ თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა 09.11.2015 წლის აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - #2284369 ბრძანება, რომლითაც მას მიეცა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...). მოსარჩელის მითითებით, თავდაპირველად მან მოამზადა სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად გასაწმენდი სამუშაოები, ხოლო 09.11.2015წ. დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, რადგან ამ დროისთვის ჰქონდა დამტკიცებული პროექტი. კერძოდ, 04.11.2015წ. გაიცა თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ #2277571 ბრძანება, შემდეგ 09.11.2015წ. იმავე სამსახურმა გამოსცა აღმჭურველი აქტი - #2284369 ბრძანება, რაც მოსარჩელისთვის იმავე დღეს იყო ცნობილი და მან დაიწყო მშენებლობა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის #38/49555 წერილში მითითებულია არასწორი ინფორმაცია, რომ იგი თითქოს მშენებლობის ნებართვის მოპოვებამდე აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის #2284369 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის #121 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ლ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი სთქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 9 სექტემბრის #1-1650 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 9 ნოემბერს გაცემული მშენებლობის ნებართვა არ არღვევს მესამე პირთა ინტერესებს. ამასთანავე, არ დასტურდება კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა - მშენებლობის ნებართვის გაცემა უკანონო მოქმედების საფუძველზე.
პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 2015 წლის 9 ნოემბრით დათარიღებულ ფოტომასალაზე და განმარტა, რომ აღნიშნული ფოტომასალით უტყუარად არ დასტურდება ობიექტის კუთვნილება, ასევე პერიოდი. უტყუარად იმის მტკიცება, რომ 2015 წლის 9 ნოემბრისთვის არსებობდა სწორედ აღნიშნული - ფოტოზე ასახული მდგომარეობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა განმარტებებით ვერ დგინდება. სასამართლოს განმარტებით, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში ყოველგვარი ეჭვი პირის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, ქ. თბილისის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის #121 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის #2284369 ბრძანება. ამასთან, 2016 წლის 10 მარტის ბრძანებაში განმარტებულია, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე.
კასატორის განმარტებით, ლ. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, 2015 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით, უკვე ნაწარმოები იყო სამშენებლო სამუშაოები. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ლ. მ-ის მიერ სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები იქნა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის მიღებამდე, არქიტექტურის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა ნებართვის გაცემის თაობაზე, მოსარჩელის მიერ ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენამდე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის ბრძანებას საფუძვლად დაედო დამკვეთის უკანონო ქმედება, ვინაიდან მას სამსახურისთვის არ უცნობებია სამუშაოების უნებართვოდ წარმოების თაობაზე. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირმა სამუშაოები სათანადო ნებართვის გარეშე აწარმოა, მასვე ჰქონდა ვალდებულება ეს ინფორმაცია წარედგინა არქიტექტურის სამსახურისთვის. კასატორის განმარტებით, ლეგალიზებას დაქვემდებარებული სამუშაოები და ლეგალიზების წესი განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულებით, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს სამუშაოების 2007 წლის 1 იანვრამდე წარმოების ფაქტი.
კასატორი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისსა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 36-ე, 37-ე, 63-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა ნაწარმოებია უნებართვოდ, ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის ქვითრის წარდგენის შემდეგ.
კასატორის მითითებით, დასტურდება, რომ 2015 წლის 9 ნოემბრის ბრძანებით მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 13 ნოემბრიდან 2016 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით, რაც გულისხმობს, რომ ლ. მ-ს სამუშაოების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი წარმოეშვა 2015 წლის 13 ნოემბრიდან. ამასთან, განმცხადებელი ბრძანებას გაეცნო 2015 წლის 12 ნოემბერს. შესაბამისად, მის მიერ სამშენებლო სამუშაოები უკვე ნაწარმოები იყო 2015 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო სწორედ ლ. მ-ის მხრიდან უკანონო მოქმედება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის #121 ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სახურის 2015 წლის 9 ნოემბრის #2284369 ბრძანება იმ მოტივით, რომ აღნიშნული ბრძანების გამოცემამდე საპროექტო ობიექტზე ნაწარმოები იყო მშენებლობა, რაც სამსახურისთვის არ იქნა ცნობილი. წინააღმდეგ შემთხვევაში საკითზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის #2284369 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი - ..., ...ს ქ. 6ა-ში, ლ. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) გაიცა მშენებლობის ნებართვა, 2015 წლის 4 ნოემბრის #2277571 ბრძანებით შეთანხმებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე; გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა; მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 13 ნოემბრიდან 2016 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2015 წლის 9 ნოემბერს გაცემული მშენებლობის ნებართვა - ბრძანება #2284369 წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, ხოლო მინიჭებული უფლების დაცვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. მმართველობის ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება და ამ მიზნით ადრესატისათვის აღმჭურველი გადაწყვეტილების გაუქმება საჭიროებს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების შეპირისპირების შედეგად თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ 2015 წლის 9 ნოემბერს გაცემული მშენებლობის ნებართვა არ არღვევს მესამე პირთა ინტერესებს. აღსანიშნავია, რომ ნებართვის გაცემით სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა დაადასტურა მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა. ამასთან, დადგენილია, რომ სამშენებლო ნებართვების გამოცემის დროისათვის მოსარჩელის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ იყო, ამდენად, არ დასტურდება განმცხადებლის მიერ თვითნებური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაციის არქიტექტურის სამსახურისათვის მიუწოდებლობა, ინფორმაციის დამალვა, შესაბამისად, არ დასტურდება კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა - მშენებლობის ნებართვის გაცემა უკანონო მოქმედების საფუძველზე. ამასთანავე, საქმის მასალებით და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ლ. მ-ის მიერ 2015 წლის 13 ნოემბრამდე განხორციელებული უკანონო მშენებლობის ფაქტი უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საკასაციო საჩივარზე 02.11.2018წ. #02051 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინება;
3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.11.2018წ. #02051 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი