352-აპ 28 სექტემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ი. ტყეშელაშვილი,
მ. ოშხარელი
განიხილა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ა-სა და მსჯავრდებულ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განაჩენზე, რომლითაც ლ. ბ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ლ. ბ-ეს ამჟამად პატიმარს, საქართველოს სსკ-ის მე-19, 108-ე მუხლით სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 21 აგვისტოდან.
განაჩენით ლ. ბ-ეს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 აპრილის განაჩენით ლ. ბ-ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „გ» ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი გათავისუფლდა 2002 წლის 3 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით.
2004 წლის 20 აგვისტოს ლ. ბ-ძე სტუმრად იმყოფებოდა ქ. თბილისში, --- ¹116-ში მცხოვრებ ე. ხ-სთან, სადაც ისინი მთელი დღის განმავლობაში სვამდნენ ლუდს. დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე ნასვამ ლ. ბ-ეს შელაპარაკება მოუვიდა ე. ხ-სთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ლ. ბ-ემ განიზრახა ე. ხ-ას მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად აიღო დიდი ზომის სამზარეულო დანა და განზრახ მოკვლის მიზნით დაარტყა ე. ხ-ას, რითაც მას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება _ გულმკერდის მარცხენა არეში ნაკვეთი ჭრილობა ფილტვის დაზიანებით.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულმა ე. ხ-ამ, მსჯავრდებულმა ლ. ბ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. პ-მა, რომლებმაც განაჩენით დადგენილი კვალიფიკაცია მიიჩნიეს არასწორად, ხოლო სასჯელი _ მეტისმეტად მკაცრად. მათ მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება დამატებით გამოძიებაში სწორი კვალიფიკაციის დასადგენად.
მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დამატებითი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ლ. ბ-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
სააპელაციო საჩივრები განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2006 წლის 25 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 დეკემბრის განაჩენი შეცვალა შემდეგი მიმართებით: ლ. ბ-ის ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის I ნაწილზე და სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ბ-ემ და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ. ა-ემ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა ლ. ბ-ემ საჩივრით აღნიშნა, რომ იგი არ მოქმედებდა განზრახ, ყველაფერი მოხდა უნებლიედ, რის შემდეგაც დაზარალებულს აღმოუჩინა დახმარება, გამოუძახა სასწრაფო დახმარებას და დაზარალებულს გაჰყვა საავადმყოფოში. იგი საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
პროკურორი მ. ა-ძე საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას სასამართლოში ხელახლა განსახილველად მისი გამკაცრების მიზნით.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ-მა აღნიშნა, რომ განაჩენი კანონიერია, მსჯავრდებული ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მას ე. ხ-ას მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რადგან მის სისრულეში მოსაყვანად ყველა საშუალება ჰქონდა, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
მსჯავრდებული ლ. ბ-ძე დაეთანხმა ადვოკატის მოთხოვნას.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ნ. ნ-ემ აღნიშნა, რომ მსჯავრდებული ლ. ბ-ძე იყო ნასვამი, მოქმედებდა შურისძიების მოტივით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით მთლიანად დასტურდება მის მიერ ჩადენილი დანაშაული; ამდენად, მისი გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე უკანონოა. აქედან გამომდინარე, მან მოითხოვა განაჩენის გაუქმება, საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ახალი სასამართლო განხილვისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ მსჯავრდებულ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ა-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განაჩენი ლ. ბ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების შესახებ, უსაფუძვლობის გამო. ამასთან, იზიარებს პროკურორ გ. ა-ის საჩივრის მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და საქმის ახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნების თაობაზე, განსასჯელის მიერ ჩადენილი ქმედების არასწორი კვალიფიკაციის გამო. კერძოდ:
მოწმე მ. მ-ამ მომხდარის მეორე დღესვე დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, იგი ბრუნდებოდა სახლში. ეზოში შესვლისას მან გაიგონა დაზარალებულ ე. ხ-ას ყვირილი: «მიშველეთ, მკლავსო». ამის შემდეგ იგი შევიდა ე-სთან სახლში და დაინახა, რომ ე. იყო სისხლიანი, ხოლო მასთან იდგა ვიღაც პირი, რომელიც აღმოჩნდა ლ. ბ-ძე. მან ამ უკანასკნელს დაუყვირა, რომ «მეორედ აღარ დაარტყა დანა თორემ მე თვითონ მოგკლავო», რის შემდეგაც ის შეჩერდა და გარეთ გამოვარდა. მან მიაძახა ლ. ბ-ეს, რომ მას სასწრაფო გამოეძახებინა.
მოწმე მ. თ-ამ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს ლ. ხ-ას ბინიდან შემოესმა ძახილი «არ მომკლაო». დაინახა, რომ ხ-ას ბინაში შევიდა მისი მეზობელი მ. მ-ია. მალე ხ-ას ბინიდან გამოვიდა ლ. ბ-ძე, რომელსაც უკან გამოჰყვა მ. მ-ია და ასწავლიდა ლ. ბ-ეს თუ საიდან უნდა დაერეკა მას სასწრაფო დახმარებისათვის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ, საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები ლ. ბ-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით. სასამართლო გამოძიებით მოპოვებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება, კერძოდ ზემოთხსენებულ მოწმეთა ჩვენებებს უნდა მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და დაადგინოს ნებაყოფლობითი იყო თუ არა ლ. ბ-ის მხრიდან დანაშაულის დამთავრებაზე ხელის აღება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განაჩენი ლ. ბ-ის მიმართ და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.