Facebook Twitter

#ბს-1499(კ-18) 21 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 10 ივლისს ნ. ყ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 8 ივნისის #CB763028 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ივლისის #17919 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 8 ივნისს, თბილისში, ... #27-ში მდებარე ნ. ყ-ის კუთვნილ მარკეტში, დაახლოებით 11:35 საათზე, შევიდა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2 ოფიცერი, რომელთაც მოითხოვეს საკონტროლო-სალარო აპარატი. მათ ამოარტყეს ერთთეთრიანი ჩეკი და ამოიღეს ინფორმაცია ნავაჭრის შესახებ. ერთ-ერთმა ოფიცერმა გამყიდველს უთხრა, რომ მათ მისვლამდე შეძენილი იყო ერთ ლარად ღირებული ენერგეტიკული სასმელი „ბუმი“ და ერთ ლარად ღირებული საღეჭი რეზინი, ასევე განმარტა, რომ ჩეკი არ იყო ამორტყმული და უთითებდა საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამოღებულ ინფორმაციაზე. მარკეტის მესაკუთრემ აჩვენა ოფიცერს ჩეკი, ვინაიდან მომხმარებელს არ ჰქონდა წაღებული. ოფიცერმა დაკუჭა მის ხელთ არსებული ნავაჭრის ამონაკრები ინფორმაცია, რომელიც საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამოღებული იყო 11:36 საათზე, წინა თვის - 8 მაისის ნავაჭრის ამონაკრები, რითაც აშანტაჟებდა გამყიდველს და ცდილობდა შეცდომაში შეყვანას. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ 11:54 საათზე შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით ნ. ყ-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 8 ივნისის #CB763028 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ივლისის #17919 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #994 ბრძანების 69-ე, 70-ე და მე-20 მუხლებზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ოქმის შემდგენი ფლობდეს შესაბამის სპეციალურ ცოდნას საქმის გარემოებების შეფასებისა და სამართალდარღვევის გამოვლენის კუთხით, ამასთან, მხოლოდ ოქმის შემდგენთა ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის უტყუარად დამადასტურებელ მტკიცებულებად, მით უფრო მაშინ, როდესაც სამართალდარღვევა გამოვლენილია არა საკონტროლო შესყიდვის შედეგად, არამედ სხვა პირებთან სალარო-საკონტროლო აპარატის გამოყენებაზე დაკვირვებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ოქმის შემდგენთა მიერ სამართალდარღვევის გამოვლენისას გადაღებული კადრების ამსახველი დისკით უტყუარად არ დგინდებოდა, რომ ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში მითითებული ფაქტის ჩადენას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, როგორც საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, ი/მ ნ. ყ-ის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე განხორციელდა საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის პროცედურა, რა დროსაც მომხმარებლის მიერ შეძენილ 1,00 ლარის ღირებულების პროდუქციაზე ნაღდი ფულით ანგარიშწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი.

კასატორი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.1, 270-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ივლისის #17919 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს დაკისრებული ჯარიმის - 200 ლარის ნაცვლად, სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ წარდგენილი ვიდეომასალა და მტკიცებულებები არასწორად შეაფასა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩნება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 8 ივნისის #CB763028 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე და ნ. ყ-ი დაჯარიმდა 200 ლარით. სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 31 მაისის #14715 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი. მომხმარებლის მიერ შეძენილ იქნა 1 ლარის ღირებულების საქონელი (ენერგეტიკული სასმელი „ბუმი“), რა დროსაც გამოვლინდა, რომ დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები.

ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ივლისის #17919 ბრძანებით ნ. ყ-ს ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის - 200 ლარის ნაცვლად სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით; ხოლო 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით, 289-ე მუხლის მე-14 ნაწილითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საგადასახადო სამართალდარღვევების ოქმების კანონიერების შემოწმებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რამდენად ჰქონდა ადგილი სამართალდარღვევის ჩადენას, რაც კონკრეტული მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს.

ასევე, აუცილებელია, რომ ოქმის შემდგენი ფლობდეს შესაბამის სპეციალურ ცოდნას საქმის გარემოებების შეფასებისა და სამართალდარღვევის გამოვლენის კუთხით, ამასთან, მხოლოდ ოქმის შემდგენთა ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის უტყუარად დამადასტურებელ მტკიცებულებად, მით უფრო მაშინ, როდესაც სამართალდარღვევა გამოვლენილია არა საკონტროლო შესყიდვის შედეგად, არამედ სხვა პირებთან სალარო-საკონტროლო აპარატის გამოყენებაზე დაკვირვებით.

საქმეში წარმოდგენილია ოქმის შემდგენთა მიერ სამართალდარღვევის გამოვლენისას გადაღებული კადრების ამსახველი დისკი, რომლითაც უტყუარად არ დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში მითითებული ფაქტის ჩადენას, რამეთუ ცალსახად არ ჩანს, რომ მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების შესვლამდე მაღაზიაში ნამდვილად სამი მომხმარებელი იმყოფებოდა, ხოლო ჩეკი მხოლოდ ორ მათგანზეა გაცემული. ვიდეომასალიდან დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ერთი მომხმარებლის მიერ შეძენილია 1 ლარის ღირებულების ენერგეტიკული სასმელი „ბუმი“, ასევე, წარმოდგენილია ორი ჩეკი, რომლებიც გაცემულია 1 ლარის ღირებულების საქონელზე. სხვა მომხმარებელთა განმარტება მოპოვებული არ არის. ვინაიდან ჩეკით კონკრეტული საქონლისა და მომხმარებლის იდენტიფიკაცია ვერ ხდება, მხოლოდ ეჭვი ვერ გახდება პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი, რამეთუ საქმეში არსებული მასალით დასტურდება მოსარჩელის მითითებული ფაქტობრივი გარემოება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების შესახებ, სხვა მტკიცებულებათა არქონის პირობებში კი, ფაქტობრივი გარემოებები გადამხდელის ინტერესების საწინააღმდეგოდ ვერ იქნება შეფასებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა მომხმარებელთან ნაღდი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობას. მხოლოდ ოქმის შემდგენთა ახსნა-განმარტება კი, ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის უტყუარად დამადასტურებელ მტკიცებულებად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი