Facebook Twitter

საქმე N ბს 100(კს-19) 12 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - დ. მ-ი, ბ. ჭ-ე (მოსარჩელეები)

დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. მ-მა და ბ. ჭ-ემ 2018 წლის 23 იანვარს საჩივრით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოწინააღმდეგე მხარის - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის ბრძანების გაუქმება. ამავე საჩივრით მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება დ. მ-ისა და ბ. ჭ-ის დაჯარიმების ნაწილში.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვარის განჩინებით, წარმოდგენილ სარჩელზე დ. მ-სა და ბ. ჭ-ეს დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცათ 10 - დღიანი ვადა მის აღმოსაფხვრელად.

2018 წლის 06 თებერვალს დ. მ-მა და ბ. ჭ-ემ სარჩელით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის №45 2659 და №45 2660 ბ. ჭ-ის და დ. მ-ის მიმართ ჯარიმის დაკისრების თაობაზე ბრძანებების ბათილად ცნობა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინებით დ. მ-ისა და ბ. ჭ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის №45 2660 და №45 2659 ბრძანების მოქმედება - სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დ. მ-ისა და ბ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის ბრძანება № 45 2659 ბ. ჭ-ის მიმართ ჯარიმის დაკისრების თაობაზე; მოსარჩელე დ. მ-ს უარი ეთქვა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის №45 2660 ბრძანების ბათილად ცნობაზე.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიამ და დ. მ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩნებით შეჩერდა №3/ბ-362-18 ადმინისტრაციულ საქმეზე საქმის წარმოება, №3/39-18 წ. ადმინისტრაციულ საქმეზე (დ. მ-ის, დ. ღ-ის, ბ. ჭ-ის, ე. ხ-ის, ნ. ხ-ის და ნი. ხ-ის სარჩელის გამო მოწინააღმდეგე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირების ა. კ-ისა და ვ. ფ-ის მიმართ) დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 04 აპრილს დ. მ-მა, დ. ღ-ემ, ბ. ჭ-ემ, ე. ხ-ემ, ნ. ხ-ემ და ნი. ხ-ემ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის და მესამე პირების - ა. კ-ის და ვ. ფ-ის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. პალატამ აღნიშნა, რომ ზემოთ მითითებული სარჩელი მხარეებს შორის სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაძლოა დადგეს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის საკითხი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ დასახელებულ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს წინასწარი გადამწყვეტი მნიშვნელობა მოცემულ საქმესთან მიმართებაში, რაც ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველია. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ მხარეებს სურთ საქმის მორიგებით დამთავრება, რა მიზნითაც ადმინისტრაციულ ორგანოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების კანონისმიერი საფუძველი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით.

საქმის წარმოების შეჩერების შესახებ 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მიღებული განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაცო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს მოქალაქეების, ბ. ჭ-ისა და დ. მ-ის მიმართ ჯარიმის დაკისრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა 201 წლის 14 დეკემბერს აპელანტ დ. მ-ის წარმომადგენელმა ნ. მ-ამ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა წარმოებაში არსებული საქმის შეჩერება ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში არსებული საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, სადაც მხარეებს წარმოადგენდნენ დ. მ-ი, დ. ღ-ე, ღ-ის, ბ. ჭ-ე, ე. ხ-ე, ნ. ხ-ე, ნი. ხ-ე, მოწინააღმდეგე მხარეა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო მესამე პირები - ა. კ-ე და ვ. ფ-ე. მოცემულ შემთხვევაში პირველ ინსტანციიის სასამართლოში არსებულ საქმეს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია სააპელაციო სასამართლოში განსახილველ საქმესთან, ამასთან ერთად პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ვერ იქონიებს შეჩერებული საქმის შედეგებზე, ვინაიდან ერთ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სანიაღვრე არხის ტექნიკურად მოწყობის საკითხი და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მეორე შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (დაჯარიმების შესახებ ბრძანების) ბათილად ცნობა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პირველ ინსტანციაში სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი მოპასუხე მხარეები არ თავისუფლდებიან მათ მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომისთვის, რაზედაც კანონი ცალსახად უთითებს, რომ ადმინისტრაციული წესით ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედება დასჯადია. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და განახლდეს საქმისწარმოება.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ განჩინების მეორე გვერდის ბოლო აბზაცში მითითებულ გარემოება, რომ თითქოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი მ. ვ-ი დაეთანხმა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობას საქმისწარმოების შეჩერების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან სატელეფონო საუბრის დროს მერის წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მხარეთა დასწრების გარეშე საპელაციო სასამართლოს გადაეწყვიტა დ. მ-ის წარმომადგენლის - ნ. მ-ას შუამდგომლობა, განსახილველი საქმის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 08 დეკემბრის №3/ბ-362-18 განჩინება უნდა გაუქმდეს და განახლდეს საქმის წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრისა და შუამდგომლობის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პროცესუალურ სამართლებრივ შეფასებას, რომლის საწინააღმდეგოდ არ არის წარმოდგენილი კვალიფიციური და დასაბუთებული კერძო საჩივარი. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა №3/ბ-362-18წ. ადმინისტრაციულ საქმეზე საქმის წარმოება, N3/39-18წ. ადმინისტრაციულ საქმეზე (დ. მ-ის, დ. ღ-ის, ბ. ჭ-ის, ე. ხ-ის, ნ. ხ-ის და ნი. ხ-ის სარჩელისა გამო მოწინააღმდეგე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირების ა. კ-ის და ვ. ფ-ის მიმართ) დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებს, რომლებიც დადგენილია 279-ე და 280-ე მუხლებში. 279-ე მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა, ხოლო 280-ე მუხლი საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს უფლებას შეაჩეროს საქმის წარმოება თავისი ინიციატივით ან მხარეთა განცხადებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს თუ რამდენად არსებობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის შეჩერების ის საფუძველი, რომელიც მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში, რაც სასამართლოსათვის საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულებას წარმოშობს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო დ. მ-ის, დ. ღ-ის, ბ. ჭ-ის, ე. ხ-ის, ნ. ხ-ისა და ნი. ხ-ის სარჩელი, რომელიც წარდგენილ იქნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირების - ა. კ-ის და ვ. ფ-ის მიმართ, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, სადაც მხარეებს შორის სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაძლოა დადგეს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის საკითხი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ.

საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმის შეჩერების თაობაზე კანონიერია და განპირობებულია იმით, რომ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მხარეებს შორის სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაძლოა დადგეს კანონიერი ინტერესის საკითხი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ, ამასთან კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ არის დასაბუთებული საწინააღმდეგო პოზიცია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობას ქმნის. კერძოდ, ვინაიდან სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, არსებობდა მოსარჩლის კანონიერი ინტერესის შეფასების საჭიროება და აღნიშნული საქმე დასრულებული არ არის, სააპელაციო პალატას არ აქვს შესაძლებლობა განაგრძოს საქმის წარმოება დ. მ-ისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივარზე, ვიდრე N3/39-18წ. ადმინისტრაციულ საქმეზე არ დასრულდება სამართალწარმოება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერება უკანონოა იმ მოტივით, რომ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე საქმეზე დავის საგანი და მოცემულ საქმეზე დასახელებული დავის საგანი სხვადასხვაა და არ აქვთ ერთმანეთთან შემხებლობა, ვინაიდან კანონიერი ინტერესის საკითხის განხილვა უკავშირდება საქმეზე სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითებული მსჯელობა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტიდან და სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი განჩინება დაადგინა, რის გამოც არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა რა გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის ფაქტობრივ-პროცესუალური მხარე, მიაჩნია, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე